| From : | Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ბერლინის ანგარიში |
| Cc : | vkvaratskhelia@moh.gov.ge; Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nana@moh.gov.ge; Sopo Belkania |
| Received On : | 09.12.2016 16:43 |
ბატონო დავით,
ქვემოთ იხილეთ ჩემი მოკლე ანგარიში ბერლინში მივლინების შესახებ
პატივისცემით
ამირანი
ა ნ გ ა რ ი შ ი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 24 – ე მუდმივმოქმედი კომიტეტის მეორე სესია ჩატარდა გერმანიაში ქ. ბერლინში 2016 წლის 1–2 დეკემბერს.
ვინაიდან გერმანია არჩეულია ერთი წლის ვადით მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ, იგი იყო კომიტეტის მეორე სესიის მასპინძელი და ორგანიზატორი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერმანია, თანათავმჯდომარე – –საქართველო, რომელიც აგრეთვე არჩეულია თანათავმჯდომარედ ერთი წლის ვადით.
სესიაზე განხილულ იქნა რიგი საკითხებისა. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული კომიტეტის 67–ე სესიის (RC 67) პროგრამას. სესიის დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
Ø რეგიონული კომიტეტის 66–ე სესიის (RC 66) შედეგები: მუდმივმოქმედი კომიტეტისა და სამდივნოს მუშაობის შეფასება და განხილვა;
Ø 24 – ე მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეების მოხსენებები;
Ø რეგიონული კომიტეტის 67–ე სესიის (RC 67) წინასწარი დღის წესრიგის განხილვა;
Ø 67–ე სესიის (RC 67) ძირითადი ტექნიკური და სტრატეგიული საკითხების კონცეფცია და განხილვა:
· „ჯანმრთელობა 2020“ პოლიტიკის იმპლემენტაციის გაფართოების სამოქმედო გეგმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის გაზრდა „მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის“ განხორციელების კუთხით EUR/SC24(2)/8);
· პროგრესი გარემოსა და ჯანმრთელობის სფეროში „ჯანმრთელობა 2020“ – ის პოლიტიკის კონტექსტში: გარემოსა და ჯანმრთელობის მე–6 მინისტერიალის შედეგები (EUR/SC24(2)/9);
· პროგრესი ჯანმო–ს ევროპის რეგიონში მდგრადი კადრების უზრუნველყოფის მიმართულებით: მოქმედების ჩარჩო (EUR/SC24(2)/10);
· პარტნიორობა ჯანმრთელობის ინტერესების დაცვით ჯანმო–ს ევროპის რეგიონში (EUR/SC24(2)/13) და ა.შ.
Ø ჯანმო–ს ორგანოებისა და კომიტეტების წევრობის საკითხის განხილვა;
Ø საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მიერ 2017 წლის იანვარში.
ევროპის ჯანმო–ს რეგიონულმა დირექტორმა ქალბატონმა ჟუჟანა ჯაკაბმა შესვენებაზე გერმანიასა და ჩვენთან განიხილა აგრეთვე ორი კონფიდენციური საკითხი:
1. ინგლისის, როგორც სავარაუდო კანდიდატის წარდგენა ჯანმოს მომავალ აღმასრულებელ საბჭოში. ინგლისმა კვლავ გამოთქვა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის სურვილი. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ირღვევა როტაციის პრინციპი ვინაიდან ქვეყანას აღმასრულებელი საბჭოს წევრობის უფლება ეძლევა მხოლოდ წინა წევრობის გასვლოიდან ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. თუ ინგლისი არ იქნა წარდგენილი მაშინ შეიძლება ა ჯგუფიდან ევროპამ ერთი ადგილი დაკარგოს მომავალ არჩევნებში.
თანათავმჯდომარეები შევთანხმდით, რომ საკითხი გადაწყდეს როტაციის ძირითადი პრინციპის დაცვით, რადგან იგივე პრეტენზიები მომავალში შეიძლება სხვა დიდმა ქვეყნებმაც გამოთქვან.
2. რუსეთის ჯანმო–ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობის საკითხი 2017 წლის მაისში. 2017 წელს მაისში შედგება ჯანმოს შემდეგი (70-ე) გენერალური ასამბლეა სადაც არჩეული უნდა იყოს ახალი გენერალური დირექტორი. ასამბლეის პრეზიდენტობა გახლავთ ასევე რეგიონების როტაციის პრინციპით და 2017 წელს იქნება ევროპის ჯერი. პრეზიდენტობის სურვილი გამოთქმულა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (მიმართეს ქალბატონ ჯაკაბს) და ითხოვდნენ მუდმივმოქმედი კომიტეტის მხარდაჭერას. როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს მხარემ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან იმ მოტივით, რომ აუცილებელია, ჩატარდეს კონსულტაციები აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, საქართველო თავს იკავებს რუსეთის მხარდაჭერისგან ამ ქვეყნის წარმომადგენლების სხვადასხვა პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
იმ დღესვე დავუკავშირდი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს, რომელმაც გაიარა კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ასევე ჩვენც ველაპარაკეთ საგარეოს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსს და კონსულტაციის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველომ არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში.
წინასწარი გათვლებით მუდმივმოქმედი კომიტეტის დღევანდელი შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ არ წავა და ჯანმოც დადებითად ეკიდება ამ საკითხს რადგან რუსეთი სერიოზული დონორია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა ქვეყანამ გაიაროს კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და მოგვიანებით (იანვარში) მიიღონ გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ბერლინში ყოფნის დროს ვეწვიე რობერტ კოხის ინსტიტუტს და მქონდა შეხვედრა ინსტიტუტის პრეზიდენტთან პროფესორ ლოტარ ჰაინც ვიელერთან და ვიცე პრეზიდენტთან. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშე ქალბატონი დუდანა მაზმანიშვილი.
როგორც მოგეხსენებათ, რობერტ კოხის ინსტიტუტი წარმოადგენს გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ჯანდაცვით დაწესებულებას. ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება, როგორც ჩვენი ცენტრის ასევე საქართველოს მთელი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის. შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რობერტ კოხის ინსტიტუტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის რობერტ კოხის ინსტიტუტის ლაბორატორიებში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების ტრენირებისა და შესაძლო მუშაობის, აგრეთვე ერთობლივი კვლევების ჩატარების თაობაზე.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) საშუალებით ერთობლივად მოვახდინოთ ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების სტიმულირება და წახალისება რობერტ კოხის ინსტიტუტში ბიოსამედიცინო მეცნიერების სფეროში ტრენინგების გავლისა და მუშაობის მიმართულებით.
ბერლინში ყოფნის დროს მქონდა შეხვედრა გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან ბატონ ლადო ჭანტურიასთან. განვიხილეთ რიგი საკითხებისა ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროში ქართულ–გერმანული ურთიერთობების განვითარების კუთხით. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, 2017 წელი გამოცხადდა ქართულ–გერმანული ურთიერთობების განვითარების წლად. სასურველია, რომ ღონისძიებების ციკლში განხილულ იქნას ჯანდაცვისა და სამედიცინო საკითხების ჩართულობა. ელჩს ვაცნობე, რომ საქართველოში არსებობს გერმანულენოვან მედიკოსთა საზოგადოება და სასურველია, ამ საზოგადოების წარმომადგენელთა აქტივობა გათვალისწინებულ იქნას 2017 წლის ღონისძიებებში.