პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ვართ ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე.
6 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვა.
პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარმატებულად შეაფასა ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში.
სსფ-ის დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ:
• ქვეყნის ეკონომიკა იზრდება
• 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება
• გაუმჯობესებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია
• 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ფისკალურ კონსოლიდაციას და ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მხარს უჭერს მარკოეკონომიკურ სტაბილურობას
• უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის საშუალებაა
პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (SDR) (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი)
(მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ ესდეერს (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს)
სსფ ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველომ 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.
ქვეყანაში გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა. მაღალი ფისკალური მაჩვენებლები, ასევე სტრუქტურული გამოწვევების დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს.
ფონდი აღნიშნავს, რომ გარკვეული რისკების პირობებში საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია და ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი უფრო ძლიერდება. კერძოდ
• 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება
• გაუმჯობესებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია
• გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და სწორედ ამ მიმართულებით შევიდა ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტში
• ასევე მოხდა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების მნიშვნელოვანი ზრდა და თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს მნივშენლოვან რეფორმას გეგმავს.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით 2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ასევე ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, მაგრამ ამავე დროს, იზრდება კაპიტალური ხარჯი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან აღნიშნულია, რომ ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ხორციელდება მთავრობის მიერ მნიშვნელოვნად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
სსფ აღნიშნავს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიესალმება ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას - ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს თანხების მიმართვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ჩვენ ვთქვით, რომ გავაგრძელებთ ინსტიტუციურ რეფორმებს. როგორც იცით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დანერგვა, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტის განხორციელების პროცესის სრული ციკლისათვის ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბებას. შესაბამისი მეთოდოლოგია შემუშავდა მსოფლიო ბანკის დახმარებით. საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის ზრდას და შესაძლებელს გახდის რესურსების მიმართვას იმ პროექტებზე, რომელთა პრიორიტეტულობა დადგენილია სათანადო ანალიზის შედეგად. სსფ აღნიშნავს, რომ საჯარო ინვესტიციების მართვის უკეთესი ჩარჩო, მთავრობას მიეხმარება უკეთესად მართოს საჯარო ფინანსები.
საბიუჯეტო პროცესების და ფისკალური ანგარიშგების გასაუმჯობესებლად იგეგმება ფისკალური აგრეგატების მომცველობის და აღრიცხვიანობის ზრდა;
ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, გაგრძელდეს მუშაობა ეკონომიკური ზრდისათვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნაზე.
გაუმჯობესდება შემოსავლების ადმინისტრირების მიმართულება, როგორც გითხარით, მომავალი წლიდან იგეგმება დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით ძირეული ცვლილებები. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.
გაგრძელდება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზიის პროცესი, რომელიც 2017 წლიდან დაიწყო და მისი წილი მშპ-თან მიმართებაში 24.4%-მდე მცირდება (2016 წელს 25.8% იყო), 2018 წელს კვლავ განაგრძობს მიმდინარე ხარჯები შემცირებას მშპ-თან მიმართებაში და 23.5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, ხოლო 2021 წლისათვის 20.8%-მდე შემცირდება.
წელს შრომის ანაზღაურების ნაწილში შემცირება გვაქვს 100 მლნ ლარით 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
სსფ-ის მიერ დადებითადაა შეფასებული ეკონომიკის ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
სსფ-ის მხრიდან ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო.
უნდა აღინიშნოს ის რეფორმები, რომელზედაც აქცენტს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და პირველ რიგში ესაა მმართველობითი რეფორმის კომპონენტი და ბიზნეს სახლი, ასევე გაკოტრების შესახებ ახალი კანონი არა საფინანსო კორპორაციებისთვის, რომელებიც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
ასევე აღნიშნულია საპენსიო რეფორმა, რომლის ამოქმედებაც დაგეგმილია 2018 წლის მესამე კვარტალში. სსფ აღნიშნავს, რომ საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს. ხაზგასმულია, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმა და კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას.
სსფ-ს შეფასებით, შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ფონდის მისიას ჩვენი რეფორმების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ბატონ კობა გვენეტაძეს. მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შეფასებები, მათ შორის, ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.
გამომდინარე აქედან, ესაა პოზიტიური შეფასება სსფ-ს მხრიდან და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.