From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Tamar Barkalaia; Zaza Sopromadze; Kakhaber Dzimistarishvili; Nino Odisharia
Subject : საკონსტიტუციოს განჩინება
Received On : 11.04.2018 10:44

ბატონო დავით, კოლეგებო,

გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვათ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე (საქმე N881 ანა მაისურაძე  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ (წარმომადგენლები - ნანა გოჩიაშვილი; ანა არგანაშვილი; თამარ შველიძე; ანა სალდაძე; ანა აბაშიძე)

 

დავის საგანი: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში („სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვანად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“) ტერმინის „მხედველობის გამო“ არაკონსტიტუციურად ცნობა.

 მოსარჩელის განმარტებით, იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც არ აქვთ მკვეთრად გამოხატული  ან/და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა, საჯარო საქმიანობის შემთხვევაში, ერთმევათ სოციალურ პაკეტით სარგებლობის უფლება.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პაკეტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა არის კანონმდებლის გონივრული გადაწყვეტილება, თუმცა განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ გამონაკლისის დაწესება მხოლოდ იმ მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც აქვთ მხედველობის პრობლემა, არის დისკრიმინაციული სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14  მუხლით დაცულ თანასწორობის („ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია..“)  და მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას („ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“)

 

სასამართლომ დაადგინა: „აღსანიშნავია, რომ სადავო დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“ განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც სოციალურ პაკეტის მიღების უფლება აქვთ, მათ შორის, საჯარო საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნულ დანაწესს აღმჭურველი ხასიათი აქვს და მხოლოდ იმას ადგენს, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში საჯარო საქმიანობის განხორციელება სოციალური პაკეტის მიღებას არ გამორიცხავს.“

„იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ან მისი რომელიმე ნაწილის არაკონსტიტუციურობაზე, მან უნდა მოახდინოს ამ ნორმით დადგენილი რომელიმე წესის იდენტიფიცირება და მოითხოვოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა.“

„მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „მხედველობის გამო“ დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს რაიმე ქცევის წესს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ავტონომიური შინაარსის მქონე უფლებაშემზღუდველი ნორმა (ნორმატიული აქტი).“

      შედეგი: კონსტიტუციური სარჩელი №881 („საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე