| From : | Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ჩინეთის მივლინება |
| Cc : | vkvaratskhelia@moh.gov.ge; Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nana@moh.gov.ge; Nino Shubladze; Sopo Belkania |
| Received On : | 29.10.2016 08:08 |
ბატონო დავით,
კოლეგებო,
წარმოგიდგენთ ჩინეთში მივლინების მოკლე ანგარიშს:
2016 წლის 17–20 ოქტომბერს ჩინეთში ქ. შანხაიში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of National Public Health Institutes (IANPHI) მე–10 საიუბილეო შეხვედრა. მიწვეული გახლდით აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც აფინანსებდა საორგანიზაციო კომიტეტი. შეხვედრას ესწრებოდა 52 ქვეყნის 100–მდე მონაწილე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა 2006 წელს. მას აქვს სამი წარმომადგენლობითი ოფისი სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ევროპაში. ასოციაციაში გაერთიანებულია 100 წევრი ორგანიზაცია 88 ქვეყნიდან და ის დახმარებას უწევს 5 მილიარდზე მეტ ადამიანს ოთხ კონტინენტზე. ასოციაცია ერთმანეთთან აკავშირებს და დახმარებას უწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებს. 2006 წლიდან ასოციაციის ინვესტიციების შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდა 40 ქვეყნის შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. 73 წარმატებული პროექტი განხორციელდა 45 ქვეყანაში. IANPHI ეხმარება ქვეყნებს ეროვნული პოტენციალის გაძლიერებაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით როგორიცაა ებოლა, გრიპი, ტუბერკულოზი, აივ შიდსი, არაგადამდები დაავადებები და ა.შ. ასოციაციის პრეზიდენტია დრ. მაურიციო ჰერნანდეს ავილა (მექსიკა), გენერალური მდივანი – ჟან კლოდ დესენკლოსი (საფრანგეთი).
ასოციაცია ფინანსდება Bill and Melinda Gates Foundation, the Rockefeller Foundation, HDR Architects და სხვა დონორი ორგანიზაციების გრანტებით.
2014 წლის 2–4 ნოემბერს მაროკოში ქ.მარაკეშში ჩატარდა IANPHI–ის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრის მუშაობაში მივიღე მონაწილეობა, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ცენტრისთვის IANPHI–ის წევრობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ორმხრივი კავშირების დამყარების, გრანტების მიღებისა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა.
IANPHI–ის შემდეგი შეხვედრა ჩატარდა საფრანგეთში ქ. პარიზში 2015 წლის 14–15 ოქტომბერს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა პაატა იმნაძემ.
ქ.შანხაიში IANPHI–ის მე–10 საიუბილეო შეხვედრის სხდომები მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე დროული რეაგირება, ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები, ლაბორატორიული სერვისები, ქსელები და სისტემები, ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტების განვითარების მექანიზმები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ა.შ.
მქონდა შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკება საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდეგი წამყვანი ინსტიტუტების დირექტორებთან და მოადგილეებთან: ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტი, ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაციონალური ინსტიტუტი (ეს ინსტიტუტი გახლდათ ჩვენი რეკომენდატორი გაწევრიანებისას), მონღოლეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი და ა.შ. შეხვედრები იყო მეტად პროდუქტიული. განვიხილეთ ჩვენს ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
გარდა ამისა ქ. პეკინში ვეწვიე ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (China CDC) ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან ბატონ დავით აფციაურთან და დესპანთან ქალბატონ თინათინ შიშინაშვილთან ერთად. მქონდა საინტერესო შეხვედრები ცენტრის დირექტორის მოადგილესთან ბატონ ლიანგ ქსიაოფენგთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლებთან. გავეცანი ცენტრის სტრუქტურას და მუშაობის მიმართულებებს. დავათვალიერე ზოოენტომოლიური დეპარტამენტი.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წარმოადგენს ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყველაზე დიდ საზოგადოებრივ ჯანდაცვით დაწესებულებას, რომელიც მოიცავ რამოდენიმე ინსტიტუტს ინფექციური დაავადებების, ვირუსული დაავადებების, არაგადამდები დაავადებების, ტრანსმისიული დაავადებების, გარემოს ჯანმრთელობის, ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით. მის ბაზაზე მუშაობს ჯანმოს 5 სათანამშრომლო ცენტრი.
ზოგადად ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და დაავადებათა კონტროლის სისტემა არის შერეული მოდელით (ძლიერი ცენტრალიზებული სტრუქტურა, ჩინეთის CDC თავისი რეგიონული სამსახურებით და ადგილობრივი სამსახურები). მთლიანად სისტემაში დაახლოებით 200 000 ადამიანი მუშაობს. შანხაის მაგალითზე რაც გვაჩვენეს (ეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია 17 000 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით) ძირითადი ჯანდაცვის ინდიკატორები - ბავშთა სიკვდილობა, დედათა სიკვდილობა, იმუნიზაციით მოცვა, პროფილაქტიკური სკრინინგული გამოკვლევებით მოცვა და სხვა - აქვთ დასავლეთ ევროპასთან შესადარი.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ზოგადად ჯანდაცვის სფეროში, და კერძოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განვავითაროთ ჩინეთთან ურთიერთობები. დაინტერესებული ვართ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით და პირველი ნაბიჯები ამ მხრივ გადავდგით, რაც მეტად მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ჩვენი ცენტრის ასევე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი და მოადგილე მოვიწვიეთ საქართველოში.
პატივისცემით
ამირან გამყრელიძე