| From : | Tamar Lebanidze <tamuna1163@gmail.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Fwd: |
| Received On : | 17.03.2017 19:13 |
2016 წლის ზაფხულში ჩემი ძმა მოყვა საზარელ ავტო-ავარიაში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის უმძიმესი დაზიანებები. გარკვეული დროის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მას გაუწიეს საქართველოში, აქ ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია, ხოლო მოგვიანებით იგი საოპერაციოდ და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით წავიყვანეთ თურქეთში, სადაც სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მოგვიწია თითქმის 3 თვე მკურნალობა.
კლინიკში ყოფნის პერიოდში ძალიან კმაყოფილი დავრჩით პაციენტის მოვლის სტანდარტით, განსაკუთრებით მოგვეწონა ის ელემენტარული სანიტარული და ჰიგიენური საშუალებები, რითიც ხდებოდა მწოლიარე პაციენტის გაწმენდა-დაბანა. შედეგად, დავინტერესდით აღნიშნული მოვლის საშუალებების ფასებით და გაირკვა, რომ პაციენტის მოვლის ეს მარტივი თუმცა ძალიან ეფექტური საშუალებები სულაც არ ღირდა ძვირი. შესაბამისად, გავარკვიეთ მათი მწარმოებელი კომპანია და დავამყარეთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობა.
პაციენტის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანია Ficomed დაგვთანხმდა, რომ მათი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაგვეხსნა საქართველოში და შედეგად დავაფუძნეთ კომპანია Ficomed Georgia, რომლის მეშვეობითაც გადავწყვიტეთ საქართველოში ამ კომპანიის მიერ წარმოებული პირველადი მოხმარების სამედიცინო ჰიგიენური საშუალებების შემოტანა.
დეტალურად შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა ბაზარაზე, გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ საქართველოში ბოლო დროს აშენდა და იხსნება არაერთი კერძო თუ საჯარო კლინიკა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებული პირობების გათვალისწინებით, სადაც პაციენტის მოვლის სტანდარტი სამწუხაროდ ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია და შესაბამისად ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის მიერ წარმოებული ხელმისაწვდომი პროდუქცია მოთხოვნადი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული გათვლა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის წყალობით, სახელმწიფო უკლებლივ ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული უნაზღაურებს თითოეული პაციენტის მოვლის ხარჯებს (დაახლოებით 5-7 ლარს დღეში). ჩვენ დავინტერესდით და გავარკვიეთ თუ კონკრეტულად რა მიზნით იხარჯება კლინიკების მიერ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ეს თანხები და სამწუხაროდ აღმოვაჩინეთ, რომ კლინიკის მესვეურების მიერ პაციენტის ჰიგიენური მოვლის კუთხით პრაქტიკულად არანაირი საშუალებების შესყიდვა არ ხდება (თუ არ ჩავთვლით მარლას და ხელსახოცს).
დღეის მდგომარეობით შევხვდით თბილისში არსებული კერძო და საჯარო კლინიკების უმრავლესობის წარმომადგენლებს და შევთავაზთ ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, ერთეული გამონაკლისების გარდა (საიდანაც უმრავლესობა სერთოდ არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული), მიუხედავად დიდი მოწონებისა, თითქმის ყველა შემოიფარგლა ერთიდაიმავე სახის კომენტარით: პროდუქცია ძალიან მოსწონთ, თვლიან რომ უდავოდ ხარისხიანი და საჭიროა, თუმცა ამგვარი საშუალებების შეძენის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რადგან სახელმწიფო მათ პაციენტის მოვლის ხარჯს მაინც უხდის (აღარ გაუზრდის მიუხედავად მათი მხრიდან გაწეული ხარჯისა) და შესაბამისად, პაციენტის გასაწმენდი და დასაბანი საშუალებების შესყიდვით მათ უნდა დაიკლონ მისაღები მოგება.
აღნიშნული ცხადყოფს, რომ კლინიკების მხრიდან იკვეთება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების და პაციენტების უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრების აშკარა ფაქტი რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება როგორც პაციენტების უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სამედიცინო სტანდარტზე.
ამ წერილის მიზანი არ არის ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეკლამა. შესაბამისად, შეგნებულად არ მივუთითებთ კონკრეტული მოვლის საშუალებების დეტალურ დასახელებასა და ფასებს, თუმცა იმისათვის, რომ შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა დავძენთ, რომ ერთი ზრდასრული პაციენტის ელემენტარული მოვლის პაკეტის საფასური (კლინიკის მიერ შესასყიდი ღირებულება) შეადგენს 1.5 დან 2.5 ლარამდე, ხოლო ბავშვების შემთხვევაში 0.80 ლარიდან -3 ლარამდე, მაშინ როდესაც სახელმწიფო თითო პაციენტის მოვლაში კლინიკას უხდის 5-7 ლარს.
ლოგიკურად გამოდის, რომ კლინიკებს თავისუფლად შეუძლიათ პაციენტებისთვის უზრუნველყონ სათანადო ჰიგიენური მოვლა საერთაშორისოდ აღიარებული მოვლის საშუალებების გამოყენებით, რაც მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყანაში სავალდებულო ნორმაა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით (რომელიც თითოეული გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ფინანსდება) მაინც შეძლონ 100-200%-ანი მოგების მარჟის მიღება.
გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაინტერესდეთ ამ წერილში ასახული პრობლემით და დაავალოთ შესაბამის უწყებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მონიტორინგი, რათა მათ უზრუნველყონ პაციენტის მოვლის მინიმალური სტანდარტის დაცვა.