From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 16.11.2017 08:49

მოგესალმებით, ბატონო დავით! გავიარეთ კონსულტაციები იურიდიულთან და შევთანხმდით, რომ ასე მომემართა მე თქვენთვის - ეს აუცილებელია. რაც შეეხება კომისიას, მე მოხსენებითში არ მქონდა უფლება მომემართა მისი წევრების შესახებ თქვენთვის, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ჩემი ინსპექტირების სამმართველოდან 2 ადამიანი ჩაერთვება მოკვლევაში, ასევე იურიდიულის 1 ადამიანი და ასევე სხვა დეპარტამენტებიდან. დაახლოებით 7 კაცი. ჩვენ გავაკეთებთ კითხვარს და ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად, მაგრამ ჩემი წვდომის გამო არ შეიძლება დეპარტამენტმა განიხილოს ეს საკითხი. მოხსენებითი ატვირთულია, უბრალოდ შესათანხმებლად გიგზავნით. ესეც მოხსენებითი: "ბატონო დავით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შემოსულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ბრეგვაძის 2017 წლის 10 ნოემბრის №PDP7 17 00004043 წერილი ა(ა)იპ იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლის 2017 წლის 30 ივლისის №01268 წერილობით მომართვასთან დაკავშირებით. როგორც წერილიდან ირკვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, შემოწმების ფარგლებში, სწავლობს სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ზემოხსენებულ წერილში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას (აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია). იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროში 2017 წლის 30 ივლისის №01268 წერილობით მომართვაზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე საკმაოდ ფართოა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამინისტროსა და/ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ და ზემოაღნიშნულ მომართვაზე წვდომის უფლების მქონე პირების მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ითხოვს აღნიშნული ფაქტის შესწავლას და შედეგების შესახენ ინფორმაციის მიწოდებას. მოგახსენებთ, რომ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დაცულ კორესპონდენციაზე სრული ხედვის საშუალება მაქვს მეც - შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს (რაც ასევე დაფიქსირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ბრეგვაძის 2017 წლის 10 ნოემბრის №PDP7 17 00004043 წერილში). აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 132 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ამავე კანონის 134 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. ამავე კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, რათა არ დარჩეს შესწავლილი საკითხის მიმართ არაობიექტურობის განცდა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, აღნიშნული სამსახურებრივი მოკვლევა არ განხორციელდეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მოგმართავთ რეკომენდაციით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნას. ვინაიდან, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის დათქმით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის დეპარტამენტს ბრძანების პროექტის მომზადება." მადლობა პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი