მედიამონიტორინგი 07.06.2018
ტელევიზია
07.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ჟურნალისტმა ვასილ სილაგაძემ პარლამენტის შენობასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას-შიმშილობას მიმართა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გერმანიაში რეაბილიტაცია გახდა საჭირო. სილაგაძემ, რომელსაც ავტოავარიის შედეგად კიდურები აქვს დაზიანებული, ფინანსური დახმარებისთვის მერიას მიმართა, თუმცა მუნიციპალიტეტიდან დახმარებაზე უარი მიიღო. ახლა კი ის დახმარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5345521
---
07.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოწამლული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრებმა 79 წლის რობერტ თოდუამ ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი შეცდომით, გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად დალია, რის შემდეგაც გონება დაკარგა. ოჯახის წევრების თქმით, მოხუცი მძიმე ავადმყოფი იყო და მას მეხსიერების პრობლემები აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5345466
---
06.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: პრაიმშოუ
გადაცემის მთავარი თემაა მიუსაფარი ბავშვები საქართველოში. ასევე რატომ არის საქართველოში ბავშვის აყვანა რთული.
https://www.imedi.ge/ge/video/25149/praimshou--6-ivnisi-2018-tseli
---
06.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ფოთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირება მოხდა. მე-9 კლასს მოსწავლის მშობლის განცხადებით, მათემატიკის მასწავლებელმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეს უკვე სწავლობს სოციალური მომსახურების სააგენტო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5345257
---
06.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ტყიბულში დაღუპულ ორ მეშახტეს ხვალ დაკრძალავენ. მათი დაღუპვის მიზეზეი ჰაერის კომპრესორის გამორთვით ჟანგბადის უკმარისობაა. ტრაგედია ერთ-ერთ კერძო მიკო შახტში მოხდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ტყიბულის შახტში უკვე 13 მუშაა დაღუპული
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5345237
---
06.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
გაგაცნობთ კომპანიას, რომელმაც სამსახურიდან ორი წლის განმავლობაში უკვე ორი ორსული დაითხოვა. შარშან ეისისი დისთრიბუშენმა სამსახურიდან თეონა მოსიაშვილი დაითხოვა, წელს კი რვა თვის ფეხმძიმე გვანცა თოლორადავა. თეონას შემთხვევაში კომპანიამ მიზეზად ფიანანსური კრიზისი დაასახელა, გვანცას კი საერთოდ არაფერი განუმარტეს. არის თუ არა ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია? ამ კითხვას მოსამართლე გასცემს პასუხს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5343906
---
06.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით 2014 წლიდან ამ დრომდე 3722 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს სამუშაო ადგილი 387 ბენეფიციარს ერგო. 2017 წელს 1775 სამუშაოს მაძიებელია დაკმაყოფილებული. სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამ დროის მდგომარეობით სისტემაში 151 172 სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, პორტალის მეშვეობით დასაქმებულთა რაოდენობა 541-ია. სამუშაოს მაძიებელტა მომზადება-გადამზადების პროგრამაზე წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამჟამად მომზადება-გადამზადების პროგრამით 2310 ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 72 პირია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5343696
---
06.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, საკვების ნაკლებობა – უსინათლო ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შედეგები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5345226
---
ინტერნეტი
06.06.2018
ფოთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირება მოხდა
ფოთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირება მოხდა. მე-9 კლასს მოსწავლის მშობლის განცხადებით, მათემატიკის მასწავლებელმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პედაგოგმა მას შემაჯამებლის ხელახლა დაწერა მოსთხოვა. „ჩემს შვილზე ბულინგი განხორციელდა. პედაგოგმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლებები შეულახა“,- აღნიშნა მშობელმა. თავად პედაგოგი ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, ბავშვი გამოირჩეოდა აგრესიულობით. „როცა განმარტება მოვთხოვე, თუ როგორ მივიდა მიღებულ პასუხამდე, სახეში ფურცლები შემაყარა და ცარცი მესროლა“, - აღნიშნა მასწავლებელმა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა განუცხდა, აღნიშნულ შემთხვევას სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მისივე თქმით, მოსწავლემ სოციალურ სააგენტოსაც მიმართა. „საჩივარი მიღებულია დისციპლინარულ წარმოებაში. გამოიკითხებიან ბავშვები მშობლებთან ერთად. ჩვენთან საქმე აღძრულია სიტყვიერი შეურაცხყოფის და გაკვეთილის ჩაშლის მცდელობის კუთხით. ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის შესაძლო გადაცდომის შემთხვევა. სკოლა ფაქტს იძიებს. როგორც ვიცი, მოსწავლემ სოციალურ აგენტს უკვე მიმართა,“- აღნიშნა დირექტორმა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
---
06.06.2018
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/13275
«ევექსში» ექიმებმა ერთადერთი შვილი მომიკლეს!“
ჩუმი სიკვდილი დადის ქალაქში, ჩუმი და ფრთხილი, რაკი ერთხელაც ვერ გამოიჭირეს, ჩუმი, ფრთხილი და საცეცებიანი - ყველგან მიუწვდება ხელი, ყველგან გპოულობს - მთავარია, გაცივდე, წნევამ აგიწიოს, მთავარია, ფეხი წაგიცდეს და ექიმთან მიხვიდე, მთავარია. 42 წლის ერთადერთი შვილი დავკრძალე 12 მაისს. ვფიქრობდი, მე მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მე ვმკურნალობდი, ის კი, ჩემი ერთადერთი ბიჭი, უბრალოდ გაციებული იყო, მეგონა - გვიყვება შალვა (ბაჩანა) მოლოდინაშვილის დედა, მზია ბალავაძე. ბაჩანა სპორტული ჟურნალისტი იყო, თავი საქმეზე უაზროდ შეყვარებული ვერც სიცხეს გრძნობდა ხოლმე და ვერც სიცივეს. მთელს თავის ენერგიას რეპორტაჟებში დებდა, ამიტომ, ვერც ოჯახის შესაქმნელად მოიცალა. გაცივდა გაზაფხულზე. რომ აღარ გაუარა ხველამ და სისუსტემ, რომ ვერ გამოიღო შედეგი პოლიკლინიკის ექიმთან მკურნალობამ, ავერსის კლინიკაში მივიდა აპრილში, სადაცგულმკერდის რენტგენოგრაფიის გადაღების შემდეგ, ტუბერკულოზის გამოსარიცხად, ფტიზიოპულმონოლგის კონსულტაცია ურჩიეს. ასე მოხვდა 25 აპრილს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ექიმ ირინა საბალუასთან. აქ დიაგნოზი დაუდგინდა: აბსცესი პნევმონიით (აბცესი - ჩირქოვანი ღრუ) და ანემია დაუზუსტებელი. იმ სამ დღეში, რაც ექიმ ირინა საბალუას მეთვალყურეობით და მკურნალობით გაატარა - ავადმყოფის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ, ფილტვში იმდენად ბევრი ჩირქოვანი კერა იყო, მის გამოჯანმრთელებას დრო და შესაფერი მკურნალობა სჭირდებოდა. რაკი, ბაჩანას არ აღმოაჩნდა ტუბერკულოზი, ექიმი საბალუა, იძულებული იყო, პაციენტი გაეგზავნა სომატურ კლინიკაში სამკურნალოდ. ეს კლინიკა ევექსი აღმოჩნდა. ევექსის ჰოსპიტალში ბაჩანას მკურნალი ექიმი გახლდათ მედეა აბჟანდაძე. 27 აპრილს გადაიყვანეს ბაჩანა ევექსის კლინიკაში, მისვლისთანავე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს - მოტივით, რომ სიმსივნე გამოერიცხათ. დიაგნოზი იგივე დარჩა: ფილტვის აბცესი პნევმონიით, ანემია დაუზუსტებელი და დაემატა: სხვა პნევმონიები, დაუზუსტებელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული, კახექსია, ჰიპოოსმოლარობა და ჰიპონატრიემია, ჰიპოკალემია. ძალიან ყოჩაღი გახლავთ, ქალბატონი მედეა, ფაქტიურად სასწაულმოქმედია - 2 მაისს გაწერა ასეთი რთული დაავადებებით 27 აპრილს შემოყვანილი პაციენტი - რას ვერჩით - 4-5 დღეში მოარჩინა. მართალია, როცა პაციენტის დედა ანალიზების პასუხებს ეკითხებოდა - თქმა ეზარებოდა ხოლმე და უხეშად იცილებდა თავიდან, ბოლოს დავწერ ფორმა-100-შიო - ეუბნებოდა, მაგრამ, რას ვიზამთ, მედიცინა მსხვერპლს მოითხოვს. დანიშნულება გამოუწერა: 6 პრეპარატი, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ანტიბიოტიკი: ცეფპოდო და აზიპინი. მართალია, ქალბატონო მედეა, მსგავსს დაავადებას ზუსტად ამ პრეპარატებით მკურნალობენ, იგივე პრეპარატებით დაუწყეს მკურნალობაც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მაგრამ - ყველა ექიმმა, დამწყებმა ექიმმაც კი იცის, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობას კი არ ამთავრებს ექიმი - ამ პრეპარატებით მკურნალობას იწყებს. მხოლოდ ეს ორი ანტიბიოტიკი რომ ყოფილიყო საკმარისი, ამ მედიკამენტებს ტუბ. ცენტრშიც უკეთებდნენ - არ ეზარებოდათ. უმძიმესი პაციენტი გამოგიგზავნეს ტუბ. ცენტრიდან, ქალბატონო მედეა, როგორ გამოაჯანსაღეთ ისე, რომ პირდაპირ ინტენსტიური თერაპიიდან გაწერეთ, პალატაშიც არ გადაიყვანეთ. ბაჩანას დედას, ყველა კომუნიკაციაში პრობლემა ექმნებოდა, ამ პერიოდში, საათობით უწევდა დგომა კაბინეტების წინ, რომ გაერკვია, თანხა უნდა გადაეხადა, თუ ფინანსდებოდა, პასუხი მიეღო, მისი შვილის მდგომარეობის შესახებ, საათობით დგომაც არ შველოდა, ანალიზების პასუხების გაგებას... 2 მაისს გამოწერეს და 7 მაისს დაიბარეს ფორმა-100-ის წასაღებად. კატეგორიული უარი უთხრეს მკურნალი ექიმის ტელეფონის ნომრის მიცემაზე - მოტივით, რომ არაფერში სჭირდებოდა, რადგან დანიშნულება დაწერილი ჰქონდა. მთელი ამ დროს მანძილზე, ბაჩანა იყო ადეკვატური, იყო საღ გონებაზე, საუბრობდა, შეეძლო სიარული... 2 მაისს დედას ბოლო მესიჯი მისწერა: „გლოცავ, გლოცავ, დაგლოცავ, მეუფე - ბაბუკიას ენით, ამინ! შეგაწიოს ერგასის ძალა, სიკეთე, სიმშვიდე, სიხარული, სასოება, სიტკბო, სიყვარული, ბრწყინვალება, უფალმან და მაცხოვარმან ჩვენმან მხსნელმან, ამინ!“ 3 მაისს ბაჩანას მდგომარეობა დამძიმდა. 4 მაისს გონი დაკარგა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ამტელის კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც სამ საათში გამოწერეს - სამ საათში - წინ მიდევს ამტელის მიერ დაწერილი ფორმა-100. მოკლე ანამნეზში სიტყვაც არ არის ნახსენები ფილტვის პრობლემაზე. დიაგნოზი - პირველადი ჰიპერტენზია. მაინტერესებს, როგორ ჰქონდა პაციენტს, რომელიც იმდენად იყო დასუსტებული, რომ მისი არტერიული წნევა 100-ს არ აღემატებოდა და ყოველთვის დაბალ წნევას უჩიოდა - ჰიპერტენზია? მაინტერესებს, როგორ გამოუშვეს სამ საათში სახლში პაციენტი, რომლის ფილტვები ისეთ დღეში იყო, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი? ამტელის კლინიკის ფორმა-100-ს ხელს აწერს ექიმი მ. ჩაჩუა. 6 მაისს დედას გიორგობა და დაბადების დღე აღარ მიულოცა, 6 მაისს გონი დაკარგა ისევ, 6 მაისს ისევ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ბაჩანა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანა. დიაგნოზი ამჯერადაც: ფილტვის აბსცესი პნევმონიით... დედა გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა უკვე უიმედო იყო. დროდადრო იღვიძებდა, მაგრამ უკვე ცნობიერება არ ჰქონდა, ყვიროდა, სადღაც იწევდა - და ისევ აძინებდნენ. ფორმა-100 და გამოკვლევების პასუხები მოითხოვა ექიმმა. არ ეცალა ევექსს 7 მაისამდე, ვერ აძლევს ევექსის კლინიკა 2 მაისს გაწერილ პაციენტს 7 მაისამდე ფორმა-100-ს და კვლევების პასუხებს. 7 მაისს დედა ევექსის კლინიკაში, როგორც შეეძლო გადაღლილს, ისე ყვიროდა, ყვიროდა, რომ, თუ მისი შვილი მოკვდებოდა, არ შეარჩენდა კლინიკას და მედიკო აბჟანდაძეს. არავის, არც ერთ თანამშრომელს არ დაუსვამს კითხვა - რა სჭირდა ბაჩანას, რატომ უნდა მომკვდარიყო... ექიმმა გამოსვლაც არ ინება... 7 და 8 მაისს ბაჩანამ რამდენჯერმე ისევ შეიღვიძა - ისევ ისე, ცნობიერების გარეშე, აზრის გარეშე... 9 მაისს არ გაუღვიძია, არც დამაწყნარებლები დასჭირვებია 9 მაისს... 10 მაისს გული გაუჩერდა... სამჯერ გაუჩერდა გული, მესამედ საბოლოოდ... 12 მაისს დაკრძალეს. ანჩისხატის ტაძრიდან გაასვენეს... დავრეკე ევექსის კლინიკაში - ექიმს არ სცალია სასაუბროდ, არ უნდა ექიმს საუბარი. ოპერატორს გადავეცი, რომ მათი კლინიკის პაციენტი გარდაიცვალა, 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - ვუთხარი, რომ ამ ისტორიას ვწერდი და თუ სურვილი ექნებოდათ, საავადმყოფოს ნებისმიერ წარმომადგენელს მოვუსმენდი. 2 წუთში დამირეკეს, თუ გინდათ, პიარის მენეჯერის ნომერს მოგცემთო. პაციენტის საქმეს იცნობდა პიარის მენეჯერი? - არა. შეეძლო ეთქვა, რატომ გაწერეს პაციენტი, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, სახლში? - არა. კლინიკის პაციენტი იღუპება და მე უნდა მინდოდეს პიარის მენეჯერთან საუბარი? კიდევ ერთი ტექსტი დავიბარე: როცა გითხარით, რომ თქვენი პაციენტი გარდაიცვალა, მეგონა კლინიკის დირექტორი თუ არა, ექიმი მაინც მოიცლიდა სასაუბროდ, 42 წლის ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოდან გაწერეთ, დაიღუპა - მეგონა ამის მოსმენისას შეწუხდებოდით მაინც, ოდნავ მაინც... აღარავის გადმოურეკავს... ვესაუბრე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმ ირინა საბალუას: - დიახ, კი, ეგ პაციენტი კარგად მახსოვს, ისეთი ადეკვატური იყო და სრულ გონებაზე. მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ იმ რამდენიმე დღეში, რაც აქ იწვა, მცირე გაუმჯობესება აღინიშნებოდა. რაკი სპეციალურ მკურნალობას საჭიროებდა, სომატურ კლინიკაში გავაგზავნე უმძიმესი მდგომარეობით, იქ უნდა გაგრძელებულიყო მისი მკურნალობა. გარდაიცვალა? რას ამბობთ, როდის? ძალიან ვწუხვარ, ძალიან დამწყდა გული, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. გთხოვთ, დედას ჩემი სამძიმარი გადასცეთ! რაკი სასწაულმოქმედ მედეა აბჟანდაძესთან გასაუბრება ვერ მოვახერხე, სახალხოდ ვიწვევ მიპასუხოს: როგორ მოხდა, რომ ასეთი რთული პაციენტი 4 დღეში სახლში გაწერეთ, როგორ მოხდა, რომ ასეთი რთული შემთხვევა სტაბილური გახდა რამდენიმე დღეში? რატომ არ იღეთ ყურად დედის თხოვნა, რომ კიდევ ცოტა ხანი დაგეტოვებინათ მისი შვილი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მაშინ, როცა სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი ჰქონდა ბაჩანას 15 ათასი ლარი? თუ მდგომარეობა სტაბილური იყო, რატომ დაუნიშნეთ ანტიბიოტიკები, რომლითაც, როგორც წესი, ამ დაავადების მკურნალობა იწყება და არა სრულდება? რატომ არ გააფრთხილეთ პაციენტი, მოსალოდნელი გართულებების შესახებ? თუ თავადაც არ იცოდით, რა გართულებები მოყვება სახლის პირობებში ამ დაავადებას? რატომ გჭირდებათ ფორმა-100-ის დასაწერად 5 დღე? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: პაციენტის მდგომარეობის სტაბილურობა როგორ დაასკვენით? გულმა გიგრძნოთ? იმკითხავეთ? სად არის მკურნალობის პერიოდში დინამიკაში გადაღებული რენტგენოგრაფიები? სად არის ერთი რენტგენოგრაფიაც კი? კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეთ პაციენტს, როგორც თავად გიწერიათ, შემოსვლისას კლინიკაში და მერე ასეთი მძიმე პაციენტი რენტგენოგრაფიის გადაღების გარეშე გაწერეთ? თქვენს მიერვე ჩამოთვლილ კვლევებში ერთი რენტგემოგრაფიაც არ გაქვთ მოხსენიებული - ეს როგორ მოხდა, ეს როგორ გავიგოთ, ქალბატონო მედეა? ევექსის კლინიკის ბეჭედი ადევს ამ საბუთს - ხოდა, იგივე კითხვებზე ევექსის დირექტორმაც გასცეს შვილმკვდარ დედას პასუხი, კეთილი ინებოს. მაგრამ, არ უპასუხებენ, რატომ უპასუხებენ, არავინ სჯით, არავინ იჭერთ - ფარცხალავები და შოთაძეები მიდიან და მოდიან, ჩვენი გამკითხავი კი არავინაა. შემომისევენ ახლა ისევ ზონდერებს, დამესევიან ახლა ისევ ექიმების კეთილისმსურველები. რატომ არ მაქვს კითხვები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმთან? რატომ არ მაქვს კითხვები, ამჯერად, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრთან? ამ ისტორიას ვისმენდი და ვტიროდი, წერილის წერისას არაერთხელ გავჩერდი, ცრემლის მოსაწმენდად, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსიამოვნებს ამის წერა, მსიამოვნებს, რომ ექიმები გვკლავენ, მომწონს, რომ ვწყდებით - გაგიჟებულა. ხვალ, ან ზეგ, იქნებ, მაზეგ, თქვენც შეიძლება შეგექმნათ პრობლემა რომელიმე კლინიკაში, ჩემთან მოხვიდეთ, შეიძლება და არ მოგისმინოთ? არ დავწერო? ზურგი გაქციოთ? რომელს არ უნდა მოვუსმინო და რომლის ისტორია არ დავწერო, შვილმკვდარი დედის, თუ შვილის, რომელმაც საღსალამათი დედა მიიყვანა გეგმიურ ოპერაციაზე და გვამი გამოატანეს? რომელი ექიმი უნდა დავინდო, რომელსაც შევუთვალე, რომ მისი პაციენტი გარდაიცვალა და საუბარიც არ ისურვა? რომელი ექიმი უნდა დავინდო, ის, რომელმაც 42 წლის ახალგაზრდა კაცი გაიმეტა? დედას რა პასუხს აძლევთ მერე? დედას, რომელიც თავის შვილს ვეღარ დაიბრუნებს, თქვენი შვილების გადასარჩენად იბრძვის, თქვენს შვილებს რომ აღარ დაემართოს იგივე, მხოლოდ მაგიტომ ეძებს სამართალს. თუ ოდესმე, სიკვდილის მოახლოებას ვიგრძნობ, თუ ოდესმე ვიგრძნობ, რომ მალე ცნობიერებას დავკარგავ - მომეცი უფალო ძალა, მომეცი შესაძლებლობა, მეც მივწერო დედას: „გლოცავ, გლოცავ, დაგლოცავ, მეუფე - ბაბუკიას ენით, ამინ! შეგაწიოს ერგასის ძალა, სიკეთე, სიმშვიდე, სიხარული, სასოება, სიტკბო, სიყვარული, ბრწყინვალება, უფალმან და მაცხოვარმან ჩვენმან მხსნელმან, ამინ!“
---
06.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/bavshvebshi-sigaretis-moxmareba-izrdeba-/20500/
ბავშვებში სიგარეტის მოხმარება იზრდება
საქართველოში სიგარეტის მწეველთა რიცხვი არ მცრიდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა, 2017 წელს 2014 წელთან შედარებით გაზრდილია თამბაქოს მოხმარება ბავშვებსა და ქალებში. "რა თქმა უნდა თამბაქოს მოხმარება გაახალგაზრდავებულია. მწეველების 30%-ს 9 წლის ასაკში უკვე გასინჯული აქვთ თამბაქო, დაახლოებით 10% კი 13 წლის ასაკიდან არის რეგულაური მწეველი, რეგულაურ მწეველში კი იგულისხმება პირი, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს თამბაქოს ნაწარმს. ჩვენ მსგავსი კვლევა ჩავატარეთ 2014 წელსაც, მაშინ ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა 7.7%, 2017 წელს კი ეს მონაცემები 3.3%-ით მომატებულია. განსაკუთრებით იზრდება მწეველ ქალბატონათა და გოგონათა რიცხვი. მამაკაცები მოწევას თავს ანებებენ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ქალები ეწევიან და ინდუსტრიის პოლიტიკაც მათზეა მორგებული" - განაცხადა ლელა სტურუამ "საქმიანი დილის" ეთერში.
---
06.06.2018
მედიასაშუალება: http://bpi.ge/es-ar-aris-chemi-archevani-gzavnili-quchashi-bavshvta-eqsploataciis-dasrulebistvis/
ეს არ არის ჩემი არჩევანი – გზავნილი, ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებისთვის
საქართველოში დღესდღეობით 2000 -მდე ბავშვს გადარჩენისათვის ბრძოლა უწევს დიდი ქალაქების ქუჩებში, გზაჯვარედინებსა და მეტროს სადგურებში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებთან, ეკლესიების სიახლოვეს. ისინი მათხოვრობენ და წვრილმან ნივთებს ყიდიან, რათა საკუთარი ოჯახებისათვის ყოველდღიური პურის ფული მოიპოვონ. ეს ბავშვები ადრეული ბავშვობიდან ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან. ხდება მათი სტიგმატიზაცია სახელით „ქუჩის ბავშვები“. მათ უყურებენ როგორც ჭუჭყიან, საშიშ ადამიანებს, მოკლებული არიან ბავშვობას და მხრებზე ზრდასრული ადამიანის ტვირთი აწევთ. World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“ მიზნად ისახავს ქუჩებში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დახმარებით. World Vision -ი მრავალი წელია მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე. დღესდღეობით ორგანიზაცია სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ცენტრი ყოველდღიურად ახდენს სერვისის მიწოდებას 60 ბავშვისთვის, თუმცა ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე ზრუნვისთვის გაცილებით მეტი რესურსია საჭირო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაა. გააზრება იმისა, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები თავად არიან ძალადობის მსხვერპლი და მათ ასეთი ყოფა არ აურჩევიათ. World Vision საქართველოს კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ სწორედ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაზეა მიმართული. კამპანიის ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში მოიხატა კედლები, რაც კონკრეტული გზავნილის მატარებელია და მიზნად ისახავს ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე საზოგადოების დაფიქრებას და დამოკიდებულების შეცვლას საკითხისადმი. „მიმდინარე კამპანიით გვინდა დავაფიქროთ საზოგადოება თითოეულ ბავშვზე, ვინც შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლია; დავაფიქროთ იმაზე, რომ ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა არ არის მათი არჩევანი. კამპანიით „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველა მხარეს, ვისაც ჯერ არ უფიქრია ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე, ვისაც უფიქრია და გამოსავალი ვერ უპოვნია და მათაც, ვინც აქტიური მონაწილეები არიან ბავშთა ექსპლოატაციის პროცესში.“ – ამბობს ეკა ჟვანია – World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორი.
---
ბეჭდვითი მედია
07.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"იქ შავი ჭირია" - რუსეთის ხელისუფლებამ საქართველო დასვენებისათვის საშიშ ტერიტორიად გამოაცხადა
რუსეთის ადამიანის კეთილდღეობასა და მომხმარებლის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, "როსპოტრებნადზორმა" ტურისტული სეზონის წინ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც რუს ტურისტებს სხვადასხვა დაავადება ემუქრებათ. ამ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, სადაც, რუსი ჩინოვნიკების ინფორმაციით, დასასვენებლად ჩასულ უცხოელებს "შავი ჭირი" დახვდებათ. "როსპოტრებნადზორის" ეს ინფორმაცია რუსულ ტუროპერატორებსა და საზღვარგარეთ დასვენების მსურველ რუსეთის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. რუს ტურისტებს შორის პოპულარული კურორტებიდან ყველაზე მეტად არ გაუმართლა ტაილანდს, რომელიც სიაში ოთხჯერაა ნახსენები მალარიის, ქოლერის, ზიკასა და დენგეს ვირუსების აქტიური გავრცელების გამო. ამავე სიაში გვხვდება ინდოეთი, ეგვიპტე, ყაზახეთი, ყირგიზეთი და მათ შორის საქართველოც - იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც "შავი ჭირია" გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ "როსპოტრებნადზორის" სიაში არ არის ნახსენები საქართველოს არც ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც ტურისტს შესაძლოა იგივე ან სხვა დაავადების შეყრის საფრთხე ემუქრებოდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ პაატა იმნაძის თქმით, ეს აბსოლუტური სისულელეა. მისი ცნობით, ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების შესახებ "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას" აქვს, რომლესაც თავის ვებგვერდზე უდევს შესაბამისი სიები. "ეს არის სისულელე. სასაცილოა ნამდვილად. ამ მხრივ მსოფლიოში ავტორიტეტული არის "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია", რომელიც თავის ვებგვერდზე დებს სიებს, სადაც აღწერილია, სად და რომელ ქვეყანაში რა ეპიდემიაა. ეს სიები უდევს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამ შემთხვევაში, "როსპოტრებნადზორი" საკუთარ თავს იმასხარავებს ასეთი განცხადებების კეთებით", - აცხადებს პაატა იმნაძე. მისივე თქმით, "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებული ეს აბსურდული ინფორმაცია არანაირად არ იმოქმედებს წელს საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაზე: "მსგავსი სისულელეები არ მოქმედებს. შესაბამისად, გამოქვეყნებული სია ვერანაირად ვერ მოახდენს ზეგავლენას საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაზე", - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, წელს საქართველოში არანაირი დაავადების ეპიდემია არ არის მოსალოდნელი და წლევანდელი ზაფხული ამ მხრივ არაფრით არ იქნება განსხვავებული გასული წლის ზაფხულისგან. საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიების ცნობით კი, წელს რუსი ტურისტების კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, მათი აქტიურობა არ წყდება და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით ბევრი რუსი ტურისტი ესტუმრა საქართველოს მაისის თვეში, როდესაც რუსეთში ე.წ. მაისის არდადეგები იყო. ტურისტული კომპანიები აღნიშნავენ, რომ საქართველო რუსი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია. განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ თბილისს, მცხეთას, კახეთსა და ზღვის სანაპიროს: ბათუმს, ქობულეთს, ანაკლიასა და კვარიათს. გარდა ამისა, რუსი ტურისტების აქტიურობა ზამთარშიც შეიმჩნევა. ისინი ძალიან ხშირად სტუმრობენ მაღალმთიან რეგიონებს, მათ შორის: სვანეთს, გუდაურს, მესტიას, ბაკურიანსა და ა.შ.
---