მედიამონიტორინგი 08.02.2018
ტელევიზია
08.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სისტემისთვის ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მოიწონებენ თუ არა ფარმაცევტული და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას და შეთავაზებას შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027887
---
08.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გადამზადდებიან. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორში არსებული აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ 2018 წლისთვის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით სერვისებს აძლიერებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027696
---
07.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სამედიცინო პუნქტები ელექტროენერგიის გარეშე უკვე 9 წელია. 2009 წლიდან დღემდე ხულოში არსებულ თემის 14 სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შენობებში დასაქმებულ მედიკოსებს, გარკვეული პრობლემების გამო შუქი არ გაუყვანეს, სამაგიეროდ დაუმონტაჟეს მედიკამენტების შესანახი მაცივრები, რომლებიც მთელი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას უფუნქციოა – ფაქტია, რომ მაცივარი არასდროს ჩაურთავთ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027324
---
07.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
დაბა ოჩხამურში მოსახლეობა სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, შენობა ამორტიზირებულია, არ მიწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მედიკოსებს ბოლო რამდენიმე წელია მსგავს პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც ისინი ამბობენ, შენობის სახურავი შეკეთებას არ ექვემდებარება, ამბულატორიასა და სხვა განყოფილებებში წყალი ჟონავს. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო ინვენტარი და ზამთარში სიცივის გამო პაციენტებს ვერ იღებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027028
---
07.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
აგრარულ ბაზრებში სუნელების გაყიდვაზე კონტროლი მკაცრდება. გადაწყვეტილების მიზეზი, საკვებ პროდუქტში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის ლაბორატორიული დადასტურებაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5027299
---
ინტერნეტი
08.02.2018
დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სექტორს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გაფართოებას სთავაზობს და ამ კონტექსტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც მინისტრმა განაცხადა, შეხვედრის მიზანია, კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს ჩამოყალიბებული ხედვა სტრატეგიულ მიმართულებაზე და აღნიშნულის თაობაზე მოხდეს მოსაზრებების გაცვლა. "რეალობაა ის, რომ ჯანდაცვის მოქმედ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოსახლეობის წვდომა ამბულატორიულ მედიკანტებზე. სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 დასახელების მედიკამენტების მიწოდებას, კიდე ერთხელ დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგანაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის, ძირითადად იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და ა.შ. კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება ამ მედიკამენტებზე მიწვდომადობა", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში კერძო-სახელმწიფო პარტნიორობამ დაგვანახა წარმატებულობა ასეთი თანამშრომლობის. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ საერთაშორისო მწარმობლებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი მწარმოებლების ჩართულობით, რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც შარშან მაისში იქნა დაწყებული, ცალსახად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. "უკვე არსებულ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას აქვს დიდი რესურსი იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაფართოვდეს და ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო ნაწილისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეალურად მართლაც საგრძნობი ფინანსური ტვირთია - ეს არ არიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ ეს არიან დაბალი შემოსვლის მქონე მოქალაქეები", - განაცხადა სერგეენკომ. დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს წარუდგენს გარკვეულ ხედვებს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს და ასევე, მინისტრი კომპანიის წარმომადგენლებისგან ელოდება კონკრეტულ მოსაზრებებს. "მჯერა, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის ინტერვენციები საჭიროა და საჭიროა ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობის მოდელი. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ამის შედეგებს ძალიან მკაფიოდ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა", - განაცხადა სერგეენკომ.
---
08.02.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/rustavis-16-sajaro-skolashi-moswavleebi-moiwamlnen/
რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ
რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის რვა მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.სამ მოზარდს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება და სახლში გაუშვეს. რა გახდა ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერ უცნობია. მასწავლებლები შემთხვევას სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირებენ.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138589&lang_id=ge
„შრომის ინსპექცია ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე თებერვლის ბოლომდე განიხილონ. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შრომის ინსპექცია აქილევსის ქუსლად იქცა ხელისუფლებისთვის. 0:03 / 0:14 „კომიტეტში უნდა განხილულიყო შრომის ინსპექციის საკითხი მეორე მოსმენით, თუმცა გადაიდო, რადგან მთავრობის წარმომადგენელს, ვისაც უნდა წარმოედგინა კანონპროექტი, არ გამოცხადდა. თუ ეს დაკავშირებული იყო ბიზნესის ინტერესებთან, რომ მთავრობას გადახედვა მოუწია გადაწყვეტილების, ეს ძალიან სამწუხაროა. თუ ეს განპირობებული იყო თვითონ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. ბიზნესის არც ერთი მოგება, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თებერვლის ბოლომდე მაინც მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ამ სასესიო პერიოდში მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/476996-beqa-nacvlishvili-shromis-inspeqcia-khelisuflebisthvis-aqilevsis-quslad-iqca.html?ar=A
---
07.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqtirebis-departamentma-482-obieqti-sheamowma-da-4485-dargveva-gamoavlina/16770
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 482 ობიექტი შეამოწმა და 4485 დარღვევა გამოავლინა
2015-2017 წლებში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 482 ობიექტი შეამოწმა და 4 485 დარღვევა გამოავლინა. სტატისტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეკუთვნის. წლების მიხედვით მონიტორინგის შედეგები კი ასე გამოიყურება: აღნიშნულ დარღვევებზე მხოლოდ რეკომენდაციები გაიცა, რადგან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმს ჯარიმების და საურავების გაცემის უფლება არ აქვს. 2018 წელს ჯარიმები ამოქმედდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაზე, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან დასაქმების ყველა სექტორზე, საჯარო უწყებების ჩათვლით.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/47405/acharashi-tsitelas-virusis-shemtkhvevebi-izrdeba
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები იზრდება
აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით წითელას ვირუსის ზრდა ყოველდღიურად ფიქსირდება და კლინიკებში მიმართვიანობაც გაზრდილია. წითელას ვირუსის შემთხვევების 64% ბათუმში ფიქსირდება, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში - 16 %. მაღალმთიან აჭარაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. რაც უფრო დროულად ჩატარდება აცრები, შემთხვევებიც იკლებს. შემთხევავათა 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 30 იანვარს არ გადადო-აიცერი! ამ მოწოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.
---
07.02.2018
მევახშეობა ჯანდაცვაში! „ბანკები სამედიცინო სფეროში შეიჭრნენ და ადამიანების ავადმყოფობით სარგებლობენ.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/42335-saqarthveloshi-yoveli-me-8-adamiani-sigharibis-zghvars-qvemoth-imyofeba.html?lang=ka-GE
საქართველოში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. რეგიორნში 31 000 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 12 775 ადამიანი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% იღებს. რეგიონში 160 600 ადამიანი რეგისტრირებული, სახელმწიფო შემწეობის მიმღები კი 11 527 ადამიანია. რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, თბილისში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 99 074 ადამიანს შეადგენს, გურიაში - 18 020-ს, კახეთში - 51 419-ს, იმერეთში - 66 285, მცხეთა-მთიანეთში - 16 068-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 50 900-ს, ქვემო ქართლში - 43 893-ს, შიდა ქართლში - 48 280-ს, აჭარაში - 38 393-ს.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/usakhlkaroebis-satskhovrebeli/29022040.html
„მტვრის სახლი“ უსახლკაროთათვის
სანზონის დასახლებაში, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის ნახევრად დანგრეულ შენობაში, მეექვსე წელია, 130-მდე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს, მათგან 150 ბავშვია. ოჯახების 70 %-ს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული, დანარჩენი კი ამ სტატუსსა და სოციალურ დახმარებას დღემდე უშედეგოდ ელის. დიდი ხანი არ არის, რაც ელექტროენერგია ჩაურთეს - აქამდე ბავშვებს მეცადინეობა სანთლის შუქზე უხდებოდათ. ოჯახების უმრავლესობას არც სადმე წასასვლელი აქვს და არც სტაბილური შემოსავალი. მათ პირდაპირ ბეტონის იატაკზე, მტვერსა და სიცივეში უწევთ ცხოვრება.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/sotsialur-satskhovriss-migma-darchenilebi/29019208.html
სოციალურ საცხოვრისს მიღმა დარჩენილები
ქუთაისში, მეექვსე თვეა, სოციალური საცხოვრისი ფუნქციონირებს, თუმცა მძიმე სოციალური პირობების მქონე მარტოხელა მოხუცების ნაწილი ამ დრომდე ეძებს ნორმალურ საცხოვრებელს. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ თავად თქვეს უარი ქუთაისის მერიის მიერ გახსნილ სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე. მათ შორისაა 68 წლის მარტოხელა ჟუჟუნა ჩუბინიძე. როგორც თავად ამბობს, მეშვიდე წელია, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი ე. წ. „საგრენაჟო“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურში ცხოვრობს. ჟუჟუნა ჩუბინიძეს რამდენიმე კვადრატულ მეტრ ჯიხურში ელექტროენერგია და წყალი არა აქვს და გასათბობად იყენებს შეშის ღუმელს, რომელსაც ხშირად ქუჩაში მოგროვილი მუყაოს ყუთებითა და ხის ნარჩენებით ანთებს. ჟუჟუნა ჩუბინიძის თქმით, სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ერთ ოთახში უცხო ადამიანთან ერთად მოუწევდა ცხოვრება 5 წლის ვადით: „ვერ დავკმაყოფილდი, რაც მეკუთვნოდა. იძულებული ვიყავი შევსახლებულიყავი 5 ადამიანთან ერთად ერთ ოთახში, თანაც დროებით, და არ გადავედი. დროებით აქაც ვცხოვრობ. ჩემთვის მიუღებელია ხუთ ადამიანთან ცხოვრება ერთ ოთახში. მე ხომ არ ვიცნობ მათ, ვინ არიან, და ამიტომ განვაცხადე უარი“.ჟუჟუნა ჩუბინიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას მან განმეორებით მიმართა სოციალურ საცხოვრისში ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თხოვნით და ამჟამად პასუხს ელოდება. სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე უარი თქვა თამარ ღიბრაძემაც. მისი განცხადებით, უარის მიზეზი ერთ ოთახში რამდენიმე ბენეფიციართან ერთად ცხოვრება და საერთო სველი წერტილებია. თამარ ღიბრაძე ადგილობრივ თვითმმართველობას ბინის ქირით დახმარებას სთხოვს:„როგორც სხვას მისცეს საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობენ, ისეთ მდგომარეობაში მე არ აღმოვჩნდი. მომცეს მხოლოდ ერთი საწოლი საერთო ოთახში, სადაც ტუალეტი და აბაზანაც საერთოა. მინდა ქირით მაინც ვიცხოვრო. რადგან არ დამაკმაყოფილეს საცხოვრისით, დამეხმარონ ქირით“. ქუთაისის მერიას ბინის ქირის გადახდის თხოვნით მიმართა ლეილა ვაჩნაძემაც, რომელიც 20 წლის შვილთან ერთად იღებს სოციალურ შემწეობას. ლეილა ვაჩნაძე ამბობს, რომ, დაბალი სარეიტინგო ქულების მიუხედავად, ვერ მიიღო თავშესაფარი სოციალურ საცხოვრისში:„მე ვერ მოვხვდი საცხოვრისში, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი სარეიტინგო ქულა მაქვს - არაფერი გამაჩნია, ყველაფერი სახლის მეპატრონისაა, ჭურჭლის გარდა. მყავს 20 წლის გოგო და ვღებულობთ 120 ლარ სოციალურ დახმარებას. 100 ლარს ვიხდი ბინის ქირისას და თვის ბოლოს 20 ლარი მრჩება. რისთვის ვიმყოფინო? შვილი არსად მუშაობს“. ლეილა ვაჩნაძის პასუხად, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ სოციალურ საცხოვრისში ოჯახები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეასახლეს. იმ ბენეფიციართა პასუხად კი, რომლებმაც თავშესაფრის მიღებაზე უარი თავად თქვეს, ან ბინის ქირის გადახდას თვითმმართველობას სთხოვენ, სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე განმარტავს, რომ ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის თანხა ბინის ქირისთვის, რადგან მერიაში თავშესაფრის მაძიებელი 1 500-მდე ოჯახის განცხადებაა დარეგისტრირებული და მათი უმეტესი ნაწილისთვის ქირის გადახდა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ჯონი არაბიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომისია განიხილავს იმ ბენეფიციართა განცხადებებს, რომლებმაც სოციალური საცხოვრისის საერთო ოთახში ცხოვრებაზე უარი თქვეს და თავშესაფრით დაკმაყოფილებას ხელმეორედ ითხოვენ:„შექმნილი გვაქვს კომისია, ვიცე-მერი გიორგი იობაშვილია კომისიის თავმჯდომარე. ხვალ გვაქვს შეხვედრა და მასთან ამ საკითხებს გავივლით, თუ რატომ ვერ მიიღეს ბენეფიციარებმა სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების უფლება; ვინც მიიღო, რატომ არ ცხოვრობს და ა.შ., რომ ეს მიზეზები შესწავლილი იქნეს და სათანადო რეაგირება მოჰყვეს“. ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონი არაბიძის, ინფორმაციით, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 79 ოჯახი, 400-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. ისინი გასული წლის სექტემბერში 5 წლის ვადით შესახლდნენ. 2016-2017 წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან საცხოვრისის მოსაწყობად ორ-ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: http://vox.ge/%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97/
მარტოხელა მამა რომელიც ონლაინ სესხებით ცხოვრობს
- დიდიხანია ასე ცხოვრობთ? - დიდიხანია, ჩემი ოჯახის პრობლემა დაიწყო, ჯერ კიდევ ბავშვობაში. სულ სიდუხჭირეში ვცხოვროვდით და არასდროს გამაჩნდა ფულადი სახსარი. სოფელში ვცხოვრობთ, სადაც არაფერი არ არის, არც სამუშაო არც ამინდი გვიწყობს ხელს სოფლის მეურნეობას რომ მივხედო. - რამდენი შვილი გყავთ? - 2 შვილი მყავს, აღარავინ დამრჩა, შობლები დიდიხანია გარდაიცვალნენ, მეუღლე კი 3 წლის წინ გარდამეცვალა.რამდენი წელია მეზობლების გულმოწყალების ხარჯზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ორი შვილი. - რითი არჩენდით? და რითი არჩენთ შვილებს და საკუთარ თავს? - როგორც უკვე გითხარით, მეზობლები მეხმარებიან. 3-4 თვის წინ გავიგე ონლაინ სესხების არსებობის შესახებ, მეზობლებთან საუბრისას მოვკარი ყური, გავიგე რა და როგორ იყო მეზობელი ბიჭისგან. მეზობლისგან ვითხოვე ტანსაცმელი, შვილები მეზობელს დავუტოვე და წავედი ბანკში ანგარიშის გასახსნელად, მინდოდა იქვე ამეღო სესხი, მაგრამ ბანკმა უარით გამომისტუმრა ანდა როგორ უნდა მოეცა სესხი. - ონლაინ სესხის აღება სცადეთ? - მოვედი სახლში გამოცივლაე და გადავედი მეზობელთან, რომელიც დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, სწორედ მისგან გავიგე ონლაინ სესხების შესახებ. მივედი და ვთხოვე დამხმარებოდა სესხის აღებაში. მეზობელმა ბიჭმა, ნიკამ მითხრა, რომ ვივუსი მარტივად ამტკიცებდა სესხებს, შევავსეთ განაცხადი 500 ლარზე და დამიმტკიცეს - ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არ არსებობდა იმ წუთას, ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, მიხაროდა, რამოდენიმე კვირა მაინც ვაჭმევ ნორმალურ საჭმელს მეთქი. - 500 ლარი რამდენხანს გეყოთ? - 2 თვე ვიმყოფინეთ 500 ლარი. ახალი საფიქრალი გამიჩნდა სად მეშოვა ისევ საჭმლის ფული. წავედი ისევ მეზობელთან და სესხის გამოტანა ვთხოვე, მაგრამ უკვე აღარ დამიმტკიცეს, ბოლო იმედიც გადამეწურა და ისევ მეზობლების მოწყალების ხარჯზე ვართ დარჩენილი, მე და ჩემი 2 შვილი, ერთი 3 წლისაა, მეორე კი 6 ის.
---
07.02.2018
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=16460
სუნელების გაყიდვაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ვის და რა ფორმით ექნება მათი გაყიდვის უფლება
სუნელები მხოლოდ ეტიკეტირებული და დაფასოებული გაიყიდება – საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. რა იცვლება სუნელების გადამუშავება/გაყიდვის წესში • იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია; • ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა; • ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%ა) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, დღის წესრიგში დადგა შემოღებულიყო რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.
---
ბეჭდვითი მედია
08.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ერთ კომპანიაში, საშუალოდ, 10 დარღვევა ფიქსირდება
ორგანიზაციებში შრომის პირობების მხრივ ვითარება საგანგაშოა. შემოწმების შემდეგ ერთ კომპანიაში, საშუალოდ, 10 დარღვევა ფიქსირდება. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები კომპანიებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მკაცრ რეგულაციას შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პრობლემებს. 2015-17 წლებში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 482 ობიექტი შეამოწმა და 4485 დარღვევა გამოავლინა. გამოდის, რომ 1 კომპანიაში, საშუალოდ, 10 დარღვევაა, თანაც მხოლოდ მოეთხედმა გამოასწორა ხარვეზები. მიუხედავად რთული ვითარებისა, დარღვევებზე მხოლოდ რეკომენდაცია გაიცა, რადგან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ჯარიმებისა და საურავების გაცემის უფლება არ აქვს. 2018 წელს ჯარიმები ამოქმედდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაზე, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან - დასაქმების ყველა სექტორზე, საჯარო უწყებების ჩათვლით. გაფრთხილებული კომპანიებისგან მხოლოდ 23%-მა მეტ-ნაკლებად გამოასწორა პრობლემა, რომლის გამოც შესაძლოა, დაჯარიმებულიყვნენ. უმეტესობას შრომის ინსპექციის მიერ მიღებული შენიშვნები არ გაუთვალისწინებია, რაც შრომის ინსპექციის წარმომადგენელ ბექა ფერაძის თქმით, შემდგომში დაჯარიმებას ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზეა გატანილი და მას უახლოეს პერიოდში საბოლოო სახე მიეცემა. "კანონი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზეა და ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. სანქციების ოდენობაც შემდეგ დადასტურდება. რამდენად დაწესდება ადმინისტრაციული სახდელი, ეს დამოკიდებული იქნება პარლამენტზე. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაითვალისწინეს ან არ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია. ორგანიზაციების 23%-მა ხარვეზი გამოასწორა, ზოგიერთმა სრულად აღმოფხვრა პრობლემა, თუმცა არის ისეთი კომპანიები, რომლებსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ და უახლოეს პერიოდში ველოდებით პარლამენტისგან მის განხილვას. დინამიკა გვიჩვენებს, თუ რა იქნება მომავალში, რამდენად გაითვალისწინებენ კომპანიები ჩვენს მითითებებს. ზოგადად არ არსებობს ნულოვანი სტატისტიკა. განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, იქაც კი არსებობს დარღვევა. კანონის გამკაცრების შემდეგ ასეთი ფაქტები შემცირდება", - განაცხადა ფერაძემ. დასაქმებულთა პრობლემებზე ისაუბრა "რეზონანსთან" შრომის ექსპერტმა ნიკა კაკალაშვილმა. მისი თქმით, კომპანიებს, რომლებიც შრომის პირობებს არღვევენ, საკმაოდ მცირე სანქცია ეკისრებათ, რაც მათ დისკომფორტს სულაც არ უქმნით და შეიძლება, მსგავსი ფაქტები სხვა დროსაც გამოვლინდეს. "დარღვევის დაფიქსირება ცალკე საკითხია და მას რამდენად გამოასწორებს დამსაქმებელი, სულ სხვაა. ამ უწყებას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია და ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, საქართველოში თუ როგორ ჭრის რეკომენდაციები. ამას იქით საქმე არ მიდის, შემდგომში პროცესი აღარ გრძელდება. ჩვენი მხრივ ჩართული ვართ საკომიტეტო განხილვაში და ვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად აღიჭურვოს ეს უწყება დამატებითი ფუნქციით. მათ უნდა შეეძლოთ, ყოველგვარი გაფრხილების გარეშე შევიდნენ ობიექტზე. იმას მივაღწიეთ, რომ ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია (როგორც დღესაა, წინასწარი შეტყობინების სახით რომ აპირებენ ვიზიტს), დამსაქმებელს არ ეცოდინება შემოწმების დრო, თუმცა წელიწადში ერთხელ განხორციელდება ინსპექტირება და შემდგომ - რეინსპექტირება. მეორედ გადამოწმების მიზნით შევლენ და ნახავენ, თუ როგორ აღმოფხვრა დამსაქმებელმა დარღვევა. მეორე საკითხია ჯარიმები, სანქცია არის ძალიან მცირე. გრადაცია მოხდა შემოსავლის მიხედვით, ანუ ნაკლებშემოსავლიანი ნაკლებად დაჯარიმდება და მაღალშემოსავლიანი - უფრო მეტად. ამას ვემხრობით, მაგრამ თვითონ ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ ეს კომპანიას შიშს ვერ აღუძრავს, რათა ეცადოს, გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. თანაც, კანონი გავრცელდება იმ საწარმოებზე, სადაც არის მძიმე და საშიში პირობები და არ მოიცავს ყველა ორგანიზაციას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კაკალაშვილმა.
---