| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_26.04.18 |
| Received On : | 26.04.2018 11:43 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
ხელმოსაწერია:
1. 13097 - ცვლილება შედის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამინისტრო ინტეგრაციის ღონისძიებებს ასევე განახორციელებს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართაც.
მინისტრის ფუნქციებში აისახება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისათვის, მინიჭებული უფლებამოსილება, კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.
2. 13096 - აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ,,ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის N1457 განკარგულებაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. 13095 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2018 წლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 55 ერთეულით.
4. 13094 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.
5. 13084 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოიყოფა 2 560 000 ლარი, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის - 1 200 000 ლარი; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის - 660 000 ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის - 500 000 ლარი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის - 200 000 ლარი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე