საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის  სახელობის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

National center for Disease Control & Public Health
 
KA030622183844614
0177, თბილისის, მ. ასათიანის 9; 
9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32)  39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge
 #06/2316   08 / აგვისტო / 2014 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს,
ბატონ დავით სერგეენკოს

ბატონო დავით,

როგორც თქვენთვის ცნობილია, დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში (გვინეა, სიერა ლონე, ლიბერია, ნიგერია) 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება ებოლას ვირუსით გამოწვეული აფეთქება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, მიმდინარე აფეთქების კერად იდენტიფიცირებულია კაილაჰუნი და კენემა - სიერა ლეონეში და ლოფა და მონცერადო - ლიბერიაში.
ებოლას ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს. დაავადების შემთხვევები გვხვდება ადამიანებში და პრიმატებში (მაიმუნი).
ებოლას ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადამიანი ინფიცირდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით:
      ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტი;
      სისხლით კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტი.
დაავადების გავრცელების გზიდან გამომდინარე, ხშირია ინფექციის საავადმყოფოსშიგა გავრცელების შემთხვევები.
დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ახასიათებს ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. სიმპტომები ინფიცირებიდან 2–დან 21 დღემდე ვითარდება. პაციენტებს ძირითადად შემდეგი ნიშნები აქვთ: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, სისუსტე, დიარეა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა.
ებოლას ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზის დასმა შესაძლებელია პოლიმერაზულჯაჭვური რეაქციით (PCR), ვირუსის გამოყოფით, და ენზიმ-დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA).
დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მოწოდებულია დამხმარე თერაპიის ჩატარება.
ვინაიდან უცნობია ადამიანის ვირუსით ინფიცირების მექანიზმი, პრევენციული ღონისძიებები გამოიხატება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (ერთჯერადი ხელთათმანები, ნიღაბი და სხვა დამცავი საშუალებები) გამოყენებით.
2014 წელს დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ებოლას ვირუსის (EVD) ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) მოთხოვნათა შესაბამისად, ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მიერ შეკრებილ იქნა საგანგებო კომიტეტი. სეკრეტარიატმა კომიტეტს წარუდგინა უკანასკნელი ცნობები ზემოთაღნიშნული ეპიდაფეთქების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა მსჯელობა და მიღებულ იქნა შემდეგი დასკვნები:
·         დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ებოლას ეპიდაფეთქება წარმოადგენს უჩვეულო მოვლენას და საფრთხეს უქმნის მონაწილე ქვეყნების საზოგადოებრივ ჯანმრთელობას;
·   ებოლას საერთაშორისო გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია მონაწილე ქვეყნების მიერ კოორდინირებული რეაგირება.
ამჟამინდელი EVD ეპიდაფეთქება დაიწყო 2013 წლის დეკემბერში, და ამ დროისთვის, გავრცელდა გვინეაში, ლიბერიაში, ნიგერიასა და სიერა ლეონეში. 2014 წლის 4 აგვისტოსთვის, შეტყობინებულია 1 711 შემთხვევა (1 070 დადასტურებული, 436 სავარაუდო, 205 შესაძლო), მათ შორის 932 გარდაცვალება, რაც EVD-ის ყველაზე დიდ ეპიდაფეთქებას წარმოადგენს.
ჯანმო მოუწოდებს დაზარალებულ ქვეყნებს გამოაცხადონ საგანგებო სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით; უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის მობილიზაცია და გაააქტიურონ უწყვეტი რეაგირების მექანიზმები; სწრაფი კონტროლის მიზნით, პროცესში ჩართონ საზოგადოება. ასევე, აუცილებელია საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმების აქტივაცია ჯანმრთელობის სამინისტროს მეთაურობით. საჭიროა ჩატარდეს ებოლას მართვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს შემდეგს: ინფექციების პრევენცია და კონტროლი; საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება; ზედამხედველობა; ლაბორატორიული ტესტირება; კონტაქტების მოძიება და მონიტორინგი; შემთხვევების მართვა; და ქვეყნებს შორის დროული კომუნიკაცია.
მოსაზღვრე ქვეყნებისთვის მოწოდებულია დაწესდეს მკაცრი ზედამხედველობა უცნობი ეტიოლოგიის ცხელების შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებით; EVD-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირების უზრუნველყოფა; სამედიცინო პერსონალის გადამზადება ინფექციების პრევენციის და კონტროლის საკითხებზე.
ყველა მონაწილე მხარესთვის არ არის მოწოდებული საერთაშორისო მგზავრობის და ვაჭრობის შეზღუდვა. EVD-ით დაზარალებულ ან მოსაზღვრე ქვეყნებში ვიზიტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მოგზაურების ინფორმირება რისკების, მათი შემცირების გზების და ექსპოზიციის შესახებ. მონაწილე მხარეები მზად უნდა იყვნენ ებოლას შემთხვევების აღმოსაჩენად, შესასწავლად, და სამართავად. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი და რელევანტური ინფორმაცია ებოლას ეპიდაფეთქების და ექსპოზიციის რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
ჯანმო-ს გადაწყვეტილების მიხედვით, საგანგებო კომიტეტის მიერ სიტუაციის შემდგომი გადახედვა მოხდება 3 თვეში.
საქართველოში დაავადების გავრცელების რისკის მომცველია დაზარალებული ან მისი მოსაზღვრე ქვეყნიდან ჩამოსული პირები (როგორც ქართველი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე). ქვეყანაში ებოლას ვირუსის შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებათა კომპლექსი:
·         ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
·         შემთხვევათა მართვის მზადყოფნის მიზნით:
Ø  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ბაზა აღიარებულ იქნას პრიორიტეტული მიღების დაწესებულებად და გამოვლენილ შემთხვევებს რეფერალი გაუკეთდეს აღნიშნულ დაწესებულებაში;
Ø  შემთხვევების მართვის მიზნით, გამოყენებულ იქნას ჯანმო-ს და CDC-ს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები;
Ø  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა უზრუნველყოს შემთხვევათა მართვის დროებითი პროტოკოლის შემუშავება;
Ø  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს დაევალოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მობილიზაცია შემთხვევათა კლინიკური მართვის მიზნით; ამასათან, ცენტრს გააჩნია PPE-ს მარაგები შემთხვევათა ეპიდკვლევისა და კონტროლის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის;
Ø  ყველა სამედიცინო დაწესებულებას მიეცეს მითითება უცნობი ეტიოლოგიის ცხელების შემთხვევებზე გააძლიერონ ზედამხედველობა, და სავალდებულოდ დადგინდეს მოგზაურობის ანამნეზი
Ø  ებოლას ვირუსის შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობონ დკსჯეც-სა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (27/ნ ბრძანების შესაბამისად)
·         დკსჯეც-ს დაევალოს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა

ებოლას აფეთქებასთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირების მიზნით, ცენტრის მიერ, როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საკონტაქტო პირისგან, შემოსავლების სამსახურისგან მოთხოვნილ იქნა მოგვაწოდო ინფორმაცია მაღალი რისკის ქვეყნებიდან (გვინეა, ლიბერია, სიერა ლეონე, ნიგერია) შემოსული მგზავრების საქართველოში საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე ცენტრი განახორციელებს შემოსულ პირთა ზედამხედველობას მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში. მზადდება წერილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  ინფორმირებულობისთვის.
DTRA-ს დახმარებით, 2012 წლიდან, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების პერმანენტული სწავლება უცნობი ეტიოლოგიის ცხელებების, მ.შ. ებოლას გამოვლენის, მართვის, დიაგნოსტიკის საკითხებზე. ამჟამად, ამ საკითხებზე სწავლება გავლილი აქვს 1 020 სპეციალისტს მთელს საქართველოში. ცენტრი ფლობს დატრეინინგებული სპეციალისტების სახელობით სიას, რაც საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს განსწავლული კადრების სწრაფი მობილიზაცია.
ამჟამად, ცენტრი განაგრძობს მუშაობას ებოლას ვირუსის იმპორტირების შემთხვევისთვის მზადყოფნის გეგმასა და თქვენი ბრძანების პროექტზე, რომლის სრულყოფაც მოხდება ჯანმოს ამჟამინდელი და შემდგომი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

პატივისცემით,

 


 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე