KA030105367299417

№ 01-1287 25 / იანვარი / 2017 წ.
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს
ქ-ნ ნ. ქავთარაძეს


ქალბატონო ნანა,

თქვენი მიმდინარე წლის 12 იანვრის N01-533 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს, გაცნობებთ შემდეგს:

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების მე-5 პუნქტის შესაბამისად განახორციელა შემდეგი აქტივობები:

მომზადდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს N231/ნ ბრძანების ცვლილების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს  ახალშობილის მამისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ანაზღაურების წესს. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის შემათანხმებელი პროცედურები. ზემოაღნიშნულის მიზნით, დაგეგმილია ცვლილებების გაცნობა სოციალური პარტნიორებისთვის („გ“ ქვეპუნქტი).

შშმ პირთა საჭიროებების შრომის კანონმდებლობაში სრულად ასახვის მიზნით, ევროკავშირის „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ (EUVEGE) ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე „დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის ბაზარზე შშმ პირთა დაცვის გარანტიებს, მათ შორის, დაცვის უპირატესი უფლებით სარგებლობას.

ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურ პარტნიორებთან ერთად დაიწყო მუშაობა ასოცირების შესახებ შეთანხმების  XXX დანართით გათვალისწინებული დირექტივების (დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა)  ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციისთვის, რომლის საფუძველზეც მზადდება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების პაკეტი („ჰ1“ და ჰ2“ ქვეპუნქტები).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისს  N333 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო.  პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.  პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა -  შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება, რომლის  მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა–განვითარება („ჰ3“ ქვეპუნქტი);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო მუშაობა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) ვებ-პორტალის შექმნაზე შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე (საქართველოს მთავრობის დადგენილება N733, 26.12.2014წ.).

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ ინტეგრირებულ საჯარო ვებ-პორტალს,  რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სამუშაოს მაძიებლები, კვლევითი ინსტიტუტები, სახელმწიფო უწყებები, კერძო სექტორი და ა.შ.) განახლებული ინფორმაციის მიწოდებას  ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე. იგი, თავის მხრივ, არის საინფორმაციო ბანკი, სადაც  თავმოყრილია შრომის ბაზრის ცვლადები, რომელიც მომხმარებლისათვის ადვილად გასაგებია, ამასთან მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) ვებ-პორტალი ადაპრიტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კონკრეტულად, კი უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირთათვის. ვებ-პორტალის საშუალებით ამ პირებს ექნებათ შესაძლებლობა შრომის ბაზრის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ დამოუკიდებლად.

მიმდინარე ეტაპზე შექმნილია ვებ-პორტალის პროგრამული ნაწილი (www.labour.gov.ge), ვებ-პორტალი მოიცავს ინფორმაციას შრომის ბაზრის ძირითადი ინდიკატორების და კარიერული დაგეგმვის შესახებ.

შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, მათი დასაქმების საჭიროების გათვალისწინებისა და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის მიზნით 2015 წლიდან მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N451, 31.08.2015წ. და N238, 2.06  2016 წ.) რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  ახორციელებს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. აღნიშნული პროგრამის  მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვისთვის შშმ პირები სარგებლობენ უპირატესობით (მუხლი 3, პ.2).

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის N333 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების მიზნით.

აღნიშნული პროგრამის (დანართი N1.5) ერთ-ერთი ღონისძიებაა მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. ეს ღონისძიება მოიცავს 2 კომპონენტს: 1) სამუშაო ადგილების სუბსიდირება (დანართი 1.5.1) და 2) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება (დანართი 1.5.2) („ჰ4 ქვეპუნქტი).

პატივისცემით,

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
პაატა ჟორჟოლიანი