KA030174072735416

№ 01-9595 27 / მაისი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს
ბატონ ვალერი კვარაცხელიას

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას
მოხსენებითი ბარათი

ბატონო ვალერ,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17-25 მაისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით შვედეთსა (ქ. სტოკჰოლმი) და ნორვეგიაში (ქ. ოსლო) ჩატარდა კონფერენცია თემაზე ახალგაზრდების დასაქმება, სოციალური პარტნიორობა და ტრიპარტიზმი. კონფერენციაში  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მონაწილეობას იღებდნენ შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი-ელზა ჯგერენაია და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი-ირმა გელაშვილი.

კონფერენციის მიზანი იყო შვედეთისა და ნორვეგიის პრაქტიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება ზემოთ აღნიშნულ საკითხებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებისა და შშმ პირების ხელშეწყობაზე მათი შემდგომი დასაქმების მიზნით და  შრომისა და დასაქმების კუთხით სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომრომლობის განვითარებაზე.

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, განხორციელდა ვიზიტები შვედეთისა და ნორვეგიის პროფესიულ კავშირებსა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებში, სადაც მათ წარმოადგინეს თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა და სამომავლო თანამშრომლობის საკუთარი ხედვა. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შრომითი უფლებები და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესაძლებლობები, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმები, პროგრამები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხელფასის სუბსიდირების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მობილობა შრომის ბაზარზე, განათლების რეფორმები და სხვ. განსაკუთრებით საინტერსო აღმოჩნდა ნორვეგიის რეფორმები ქალთა შრომით ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შვედეთისა და ნორვეგიის პრაქტიკა  კოლექტიური და სატარიფო ხელშეკრულებებით მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თაობაზე.

ასევე განხორციელდა ვიზიტები შვედეთისა და ნორვეგიის დასაქმების სამსახურებში, სადაც წარმოდგენილი იყო ამ სამსახურების ორგანიზაციული სტრუქტურა, მუშაობის მეთოდები, დამსაქმებლებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის ასპექტები, მომხმარებლებთან მუშაობის პროცედურები, დასაქმების პროგრამები, განხორციელებული კვლევების შედეგები შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მათი შედარებითი ანალიზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნების (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) გამოცდილება, რომლებშიც  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ხორციელდება პროექტები ახალგაზრდების დასაქმებისა და სოციალური პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ამ ქვეყნების პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა და ინიციატივები, მათი მოსაზრებები  სამმხრივი თანამშრომლობის, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის, ახალგაზრდების მომსახურებისთვის სისტემური მიდგომების, მეწარმეობის ხელშეწყობისთვის  და სხვ. შესახებ.

კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნების მიერ გაკეთდა შეფასება და გამოვლინდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სამეული, რომლებიც გამოირჩეოდნენ ეფექტურობით, ინოვაციურობით, საუკეთესო შედეგებითა და მაჩვენებლებით.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე შრომისა და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები, ხოლო ზოგიერთი ინიციატივა დასაქმების სფეროში წარმოადგენდა მათთვის სიახლეს და გამოითქვა სურვილი, მომავალში გააღრმავონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

ვიზიტი მთლიანობაში მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ინოვაციური პროექტების განხილვა, რომლებიც  გვეხმარება, შევაფასოთ შრომის და დასაქმების სფეროში არსებული პრაქტიკა და სწორად  დავგეგმოთ სამომავლო პოლიტიკა.

პატივისცემით,

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ელზა ჯგერენაია