საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის  სახელობის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

National center for Disease Control & Public Health
 
KA030663712489718
0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 
9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32)  39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge
 #06/1530   29 / მარტი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს

ბატონო დავით,

როგორც თქვენთვის ცნობილია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად (შეტანილია ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის N120 დადგენილებით),  სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებლები 2018 წლის 10 მარტიდან ვალდებულნი არიან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება.  ამასთანავე,  ‘’C ჰეპატიტის  მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 20 აპრილის დადგენილების შესაბამისად (შეტანილია ცვლილება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N118 დადგენილებით)  სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის  დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრს (შემდგომში - ცენტრი), მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და მაღალი რისკის პირებთან მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციებს უფლება აქვთ ადგილზევე აიღონ C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების საკვლევი მასალა კონფირმაციისთვის.

ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, საქართველოს 26 (ოცდაექვსი)  მუნიციპალურ ცენტრში განთავსებული 102 (ასორი) სამედიცინო დაწესებულებიდან, 28 მარტის მდგომარეობით, შემოსულია შეტყობინება, რომ შემდგომი კვლევისთვის ნიმუში აღებულია C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი 665 (ექვსას სამოცდახუთი) პირისგან. აღებულ ნიმუშთა 54%-ზე მეტი ქ. თბილისის დაწესებულებებზე მოდის და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული შეტყობინებების საფუძველზე, ცენტრი უზრუნველყოფს საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. პროცესის მართვა ხორციელდება C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით. კონფირმაციული კვლევის პასუხების მიწოდება იგეგმება პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

HCV კონფირმაციული კვლევის შედეგის პაციენტებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS)-ის სახით გაგზავნის საკითხი, მისი კონფიდენციალურობისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, განხილულ იქნა C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიასთან არსებულ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციით, სასურველია პაციენტებს დაეგზავნოს შეტყობინება, რომ შედეგის მისაღებად უნდა მიმართონ წინასწარ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც ხელი მიუწვდება შედეგებზე და შეუძლი პაციენტთა ნაკადის ეფექტური მართვა.

ტექსტის შესაძლო ვარიანტია: "C ჰეპატიტზე თქვენი კონფირმაციული ტესტის პასუხი მიღებულია. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დარეკოთ XXXXXX ნომერზე."

პაციენტებისათვის მისაწოდებელი პასუხების რაოდენობის, ასევე მათი ნაკადის სწრაფი, ეფქტური და კომპეტენტური მართვის მიზნით, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პროცესი განხორციელდეს   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს  ჯანდაცვის პროგრამების დეპარტამენტის C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს მიერ, რომლსაც აღნიშნული ფუნქცია უკვე  აკისრია საკუთარი დებულებით. ამასთან, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება ამ რესურსის გამოყენება პაციენტებთან სწორი კომუნიკაციისთვის. 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, სათანადო ცვლილებები ასახული იქნება „C ჰეპატიტის  მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების მე-19 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დკსჯეც-ის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ „სისხლის   აღების,   ალიქვოტების   მომზადებისა   და   ტრანსპორტირების   წესში“.  

გთხოვთ, თქვენს თანხმობას.

პატივისცემით,

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე