From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : BMJ პროექტის მიმდინარეობის სტატუსი და დაგეგმილი აქტივობები
Cc : Zaza Sopromadze; Maia Lagvilava; Sopo Belkania; Mariam Darakhvelidze
Received On : 03.04.2018 15:43
Attachments :

ბატონო დავით მოგესალმებით,

 

აღნიშნული წერილით მსურს მოკლედ მოგახსენოთ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

 

2016 წელს ინიცირებული 3 წლიანი პილოტური პროექტის (CDS Initiatiave) განხორციელების ვადამ გადაიწია 2019 წლის ბოლომდე. აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიიღო პროექტის დონორმა - აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA), ქართველი ექიმების BMJ პლატფორმაში მაქსიმალური რაოდენობით რეგისტრირების მიზნით.

 

აქვე გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით BMJ-ის რესურსებზე (Best Learning და Best Practice) წვდომა აქვს 1468 კლინიცისტს, ხოლო პლატფორმაში ჩაერთო 52 კლინიკა საქართველოს მასშტაბით.

BMJ-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო კურიკულუმში BMJ-ის მოდულების ჩართვის და რეზიდენტების პორტალზე უფასოდ რეგისტრირების შესახებ, რაც უკვე წარმატებით ხორციელდება. BMJ აგრეთვე გეგმავს სხვა სამედიცინო უნივერსიტეტებთან და ფაკულტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქართულენოვანი პორტალი, სადაც ამ ეტაპისთვის ქართულად ნათარგმნია BMJ-ის რესურსის 40%. დღეის მდგომარეობით,  პორტალზე განთავსებულია 454 საკითხი, რომლის ნუსხას წარმოგიდგენთ დანართის სახით (URL: http://cds.bmj.com/home).

 

აღნიშნული აქტივობების პარალელურად, ქართველ ექიმებს ზემოაღნიშნულ პერიოდში საშუალება მიეცათ ქვეყნის სახელით მონაწილეობა მიეღოთ BMJ-ის საერთაშორისო ფორუმებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2017 წელს BMJ-ის კონკურსში: „განსაკუთრებით საშიში პათოგენების სასწავლო კურსის გავლისა და ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესახებ“ საქართველოდან გამარჯვებული აბსტრაქტის ავტორად გამოვლენილ იქნა ქ-ნი შორენა დვალი (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კვლევითი იმუნოლოგიის ცენტრი), რომელმაც ქ. კუალა-ლუმპურში (მალაიზია)  გამართულ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმში უფასოდ მიიღო მონაწილეობა. იგივე კონკურსში წარდგენილი აბსტრაქტით გაიმარჯვა ქ-მა ქეთევან ჯუღელმა (ქუთაისის ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინის ცენტრი), რომელიც ა.წ. მაისში ქ. ამსტერდამში (ნიდერლანდები) დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში ასევე უფასოდ გაემგზავრება და მიიღებს მონაწილეობას.

 

BMJ-ის პორტალზე გამოქვეყნდა 2 სტატია (ე.წ. წარმატების ისტორიები) კლინიკების BMJ-თან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულოზისა და ფილტვის პათოლოგიის ეროვნული ცენტრისა და „ჯეოჰოსპიტალსის“ შესახებ). აგრეთვე, BMJ Quality Open -ში „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე განხორციელებული ხარისხის გაუმჯობესების პროექტზე დაიბეჭდა სტატია.

 

პროექტის ცნობადობის ამაღლების მიზნით BMJ-ის დაგეგმილი აქვს საპრომოციო ტურების და ტრენინგების ჩატარება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2017 წ. ოქტომბერში ჩატარებული საპრეზენტაციო ტური კლინიკური მედიცინის პროფესიონალებისთვის თბილისსა და ქუთაისში.

 

მიმდინარე წლის 22-24 მარტს, BMJ / ლონდონის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელის -ქ-ნი ელიზა რომას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მსგავსი საპრეზენაციო ტური მოეწყო აჭარის რეგიონშიც, სადაც BMJ-ის, DTRA-ს და ცენტრის წარმომადგენელთა ჯგუფმა გამართა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, სამინისტროსა და საზჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ BMJ-ის პორტალში აჭარის რეგიონიდან ჩართავენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, ასევე ინფექციონისტებს. შეხვედრები აგრეთვე გაიმართა რეგიონის მსხვილი კლინიკების (ჯანმრთელობის ცენტრი"მედინა", სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) ხელმძღვანელებთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. ამასთან, ქ-მა რომამ,  24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავ კონფერენციაზე მოწვეულ სამედიცინო საზოგადოებას წარმოუდგინა პრეზენტაცია BMJ-ის პროექტისა და რესურსების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში BMJ-ის და DTRA-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ქალბატონ მაია ლაგვილას  და  ბატონ აკაკი ზოიძესდა მოახსენეს პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი საკითხები.

 

ამჟამად DTRA-თან  მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის ფარგლებში, მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით BMJ-თან გაფართოვდეს პარტნიორული ურთიერთოებები, რაც გულისხმობს: ბრიტანული სამედიცინო ასოციაციის (BMA) და ქართული სამედიცინო ასოციაციების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას; BMJ-ის ნარჩევი სტატიების თარგმნას, კვარტალური ჟურნალის სახით გამოქვეყნებას და უფასოდ და/ან სიმბოლურ თანხად ქართველ ექიმებში დისემინაციას; ექიმებისთვის ტრენინგების გამართვას სამეცნიერო სტატიების წერითი უნარების ამაღლების და შემდგომში BMJ-ის ჟურნალებში გამოქვეყნების მიზნით.

 

ზემოჩამოთვლილ აქტივობებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტთან მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა  უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ, რომელიც BMJ-ის  პლატფორმის ავტომატურ რეჟიმში აღიარებას გულისხმობს. ამჟამად, მინისტრის ბრძანების პროექტი დასრულებულის პროცესშია და სასურველია, ძალაში შევიდეს მომდევნო უახლოესი თვეების განმავლობაში.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, BMJ-ის პროექტთან დაკავშირებულ შემდგომ აქტივობებს  დეტალურად მოგახსენებთ.

 

პატივისცემით,

 

 ამირანი