| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | რემდესივირი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Beqa Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.10.2020 09:23 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
როგორც მოგეხსენებათ, COVID-19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად სადღეისოდ ითვლება კომპანია „Gilead”-ის მიერ წარმოებული პრეპარატი რემდესივირი. იგი ვერ იძლევა განკურნების გარანტიას, მაგრამ შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა.
ამერიკის FDA-იმ რემდესივირის გამოყენებას თავიდან (2020 წლის 1 მაისი) რეკომენდაცია მისცა მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისათვის, ხოლო შემდეგში (2020 წლის 28 აგვისტო) ჩვენებები გააფართოვა და რეკომენდაცია მისცა ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ.
პრეპარატზე დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „Gilead“ რემდესივირს აწარმოებს მხოლოდ აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის მედიკამენტს Gilead-ის ლიცენზიით აწარმოებენ რამოდენიმე ქვეყანა (ინდოეთი, პაკისტანი და სხვ.).
საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევების, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკვეთრი მატება. აგრეთვე სიკვდილობის შემთხვევების ზრდა. შესაბამისად, რემდესივირის შემოტანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მონაწილეობს ჯანმო-ს საერთაშორისო, უაღრესად ავტორიტეტულ კლინიკურ კვლევაში - „Solidarity”, რომელიც ამ ეტაპზე ითვალისწინებს ანტივირუსული მედიკამენტების: რემდესივირის, აკალაბრუტინიბის და β ინტერფერონის ეფექტიანობის შესწავლას ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით პაციენტებში. ჯანმო-მ აღნიშნული კვლევის ფარგლებში უკვე მოგვაწოდა მედიკამენტი β ინტერფერონი, უმოკლეს დროში მოგვაწოდებს აკალაბრუტინიბს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ახერხებს მედიკამენტ რემდესივირის მოწოდებას (სავარაუდოდ ამ პრეპარატზე მაღალი მოთხოვნისა და დეფიციტის გამო). რის გამოც ჯანმო-სგან მიღებულ იქნა რეკომენდაცია, რომ „Solidarity” კვლევაში საქართველომ გამოიყენოს საკუთარი სახსრებით შეძენილი რემდესივირი.
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ჩაატარა გენერიული რემდესივირის ფასთა მოკვლევა სამ წამყვან ინდურ კომპანიასთან. ფასის და მოწოდების მხრივ ყველაზე კარგი წინადადება წამოაყენა კომპანია „Mylan“-მა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში გენერიული მედიკამენტების წარმოების მოცულობით რიგით მეორე ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის რემდესივირი მაღალი ხარისხისაა. საგულისხმოა, რომ საქართველოში სადღეისოდ C ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტები სწორედ აღნიშნული კომპანიის წარმოებულია. შესაბამისად, აღნიშნული კომპანია („Mylan“) იმსახურებს მაღალ ნდობას. 1 ფლაკონი რემდესივირის სავარაუდო ფასია 26 აშშ დოლარი.
პირველი ეტაპისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია სულ ცოტა 4 ათასი ფლაკონის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულება ჯამურად შეადგენს 104 000 აშშ დოლარს. გთხოვთ, გამოგვიყოთ შესაბამისი ფინანსური რესურსი აღნიშნული მედიკამენტის შესასყიდად. აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მომწოდებელთან ხელშეკრულება დაიდება აშშ დოლარში და ანაზღაურება განხორციელდება გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.
რამდენადაც აღნიშნული მედიკამენტის დარეგისტრირებას დრო სჭირდება, ხოლო აღნიშნული პრეპარატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევის დაწყებისთვის და COVID-19-ით ავადმყოფების ეფექტიანი მკურნალობისთვის, გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება, რათა აღნიშნული მედიკამენტი გადაუდებელი საჭიროებისათვის შემოტანილ იქნას ერთჯერადი ნებართვით.
აღნიშნული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით. ამასთან, ვინაიდან მიმწოდებელია არარეზიდენტი პირი, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საჭირო იქნება მისი ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიების წარდგენისაგან გათავისუფლება.
ვინაიდან მედიკამენტი უნდა გადანაწილდეს კვლევაში ჩართულ კოვიდ ცენტრებზე, გთხოვთ მოგვცეთ უფლება გადავცეთ სამკურნალო საშუალება პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს უსასყიდლოდ (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983-ე მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე).
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის
გენერალური დირექტორი
პროფესორი