საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030157689501017
             № 01-26/ო 30 / იანვარი / 2017 წ.             
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ


,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფის წევრი. 

2. სამუშაო ჯგუფში, მოწვეული წევრის სტატუსით, მონაწილეობა შეიძლება ეთხოვოთ შესაბამის ექსპერტებსა და დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლებს, სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებს. 

3. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება/შემუშავება/განხილვა. 

4. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:

ა) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

ბ) უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;

გ) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს და ჯგუფის წევრების ამოცანებს;

დ) წყვეტს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებსა და დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებს.  

5. სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი. 

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო