KA030168313662520

№ 01-9110 25 / აგვისტო / 2020 წ.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და
პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს
ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს



ქალბატონო მაია,

იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  2020 წლის 19 აგვისტოს N87660 წერილით წარმოდგენილ ისრაელის მხარის მიერ, განსახილველად, მოწოდებული საქართველოს მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი - „Implementing Agreement on Special Measures to Facilitate Civil Aviation During COVID-19 Outbreak“, რომელიც შეეხება ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID 19) გამოწვეული შემთხვევების პრევენციასა და მართვას.

შეთანხმების პროექტთან მიმართებაში გამოვყოფთ რამდენიმე საგულისხმო გარემოებას:

1.       COVID-19 -  ის მონაცემებისა და სტატისტიკის მიწოდება - პროექტის მე- 3 მუხლი შეეხება COVID-19 - ის მონაცემებისა და სტატისტიკის მიმოცვლის პროცესებს, რომლის მიხედვითაც, ხელშემკვრელი ქვეყანა ვალდებულია, მეორე ქვეყანას მიაწოდოს ინფორმაცია აქტიური პაციენტების, ახლად დადგენილი შემთხვევებისა და PCR ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ, ამასთან, აღნიშნული მონაცემები ექვემდებარება განახლებას ყოველ 14 დღეში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულებაზე პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრული არიან ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროები.

2.       მგზავრთა მიმოსვლის ხელშეწყობა - პროექტის მე-4 მუხლი შეეხება ორ ქვეყანას შორის მგზავრთა მიმოსვლის ხელშეწყობას, რომლის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მგზავრი აკმაყოფილებს შეთანხმების მე-2 მუხლში მოცემულ პირობებს (მონაცემების წინასწარი გაცვლა COVID-19 - ის შესახებ) მგზავრი დაუბრკოლებლად უნდა იქნეს შეშვებული ქვეყანაში, მათ შორის, დამატებითი მოთხოვნების - კარანტინი, ტესტირება და ა.შ. გარეშე.

3.       პაციენტების მკურნალობა და კარანტინი - პროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, COVID-19 -  ის დადასტურებულ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ფლობს შესაბამის დაზღვევას, მასპინძელი ქვეყანა ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით დაფაროს, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი, სანამ პაციენტი დატოვებს ქვეყანას, EASA - ოქმის შესაბამისად.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს კარანტინის ღონისძიების, მასპინძელი ქვეყანა სრულად აანაზღაურებს კარანტინისა და განთავსების სხვა ხარჯებს, სანამ პაციენტი უსაფრთხოდ დატოვებს ქვეყნის ტერიტორიას.

ზემოაღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID 19) შემთხვევების პრევენციული ღონისძიებები, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები, მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლის, კარანტინის გავლის, ტესტირების, მკურნალობის, სავალდებულო დაზღვევის და ა.შ. საკითხები რეგულირდება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებით.

 

წარმოდგენილი პროექტი გვთავაზობს ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე  (COVID 19) რეაგირების, მათ შორის, საქართველოში ისრაელის მხრიდან შემოსულთა მიმართ გასატარებელ იზოლაციისა და კარანტინის განსხვავებულ წესებს, ასევე, შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებულ წესებს, მაგალითად, მოცემული ეტაპისთვის, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის N674 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

 შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის, COVID 19 - თან დაკავშირებით, თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეულის პოზიციის გათვალისწინებით. გამომდინარე ზამოაღნიშნულიდან, გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტროს შეჯერებული პოზიციის მიწოდება. ამასთან, გაცნობებთ, რომ პროექტი, მოსაზრებებისთვის, ასევე, აწერია სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

პატივისცემით,

 

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნათელა ხმალაძე