საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030422952022118

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/7292 08 / თებერვალი / 2018 წ.
სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს
პროექტის - „სოციალური ოთახი“ ავტორს
ბატონ გიორგი ბედიანაშვილს


ბატონო გიორგი,

თქვენი 2018 წლის 29 იანვრის N56658 (N04-14-06/252, 31.01.2018 წ.) წერილის პასუხად, გაცნობებთ:

კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი), რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, განეკუთვნება  პერსონალურ მონაცემებს და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. ამ საფუძვლების გარეშე, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპების თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ  მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება.

ამდენად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების ჩვენებით.

     ამასთან, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, გამოთქვამს მზადყოფნას, გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, სამართლებრივი საფუძვლების და მიზნების დასაბუთების შემდეგ, ხოლო სოციალური პროექტის ფარგლებში, ამგვარი ინფორმაციის საჭიროების სისტემატური ხასიათის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გაფორმდეს მხარეებს (სააგენტო ან მისი ტერიტორიული ერთეული, მუნიციპალური ორგანო) შორის მონაცემთა მოწოდების პირობებზე ხელშეკრულება/მემორანდუმი.

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, მიმდინარე ეტაპზე, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია, გასცეს მხოლოდ თქვენთვის საჭირო  სტატისტიკური ინფორმაცია:

2018 წლის  იანვრის მდგომარებით, გარდაბნის რაიონის სოფელი მარტყოფის ფარგლებში, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  რეგისტრირებულია 388 ოჯახი (980 პირი), მათ შორის, ფულად სოციალურ დახმარებას  (საარსებო შემწეობა) იღებს -211 ოჯახი (613 პირი).

ნებისმიერი სხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია (რეგიონების/რაიონების, წლების /თვეების მიხედვით), შეგიძლიათ იხილოთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“. 

 

პატივისცემით,

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე