საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030121531053417
             № 01-181/ო 10 / აგვისტო / 2017 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

   ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ1“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ1“ ქვეპუნქტის ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, 

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ ა : 

         1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებას დაექვემდებაროს:

            ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში თანამშრომელთა დანიშვნა-განთავისუფლება (მათ შორის, შტატგარეშეები), გარდა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;

                ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მივლინება ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს 01-176/ო ბრძანების შესაბამისად;

               გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სხვა თანამშრომელთა მივლინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გარდა, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ თანამშრომლებისა, თუ იგი უკავშირდება პაციენტის მომსახურებას (მათ შორის პაციენტის ტრანსპორტირება);

         დ) 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ახალი ვალდებულების აღება (გარდა შრომის ანაზღაურებისა, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისა, კავშირგაბმულობის ხარჯისა, საფოსტო მომსახურების ხარჯისა, კომუნალური ხარჯისა, საარქივო მომსახურების ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფისა);

                   ე) შესყიდვების გეგმა და მასში ცვლილებები;

         ვ) ავტომობილის საწვავისა და მობილური ტელეფონის ლიმიტი, მოსარგებლე თანამდებობის პირთა მითითებით.

  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის 01-146/ო ბრძანება. 

    3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





 

მინისტრი
დავით სერგეენკო