ბატონო იოსებ,
თქვენი 2016 წლის 10 ივნისის N62818 და 27 ივნისის N68327 წერილების პასუხად, რომლებიც ეხება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, გაცნობებთ შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
აქვე გაცნობებთ, რომ სააგენტო „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“ და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე, სოციალური
დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური
დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური
დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, თქვენ მიერ წარმოდგენილი არ არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ, ბენეფიციართა თანხმობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. ამასთან, წარმოდგენილი ნორმატიული აქტებით არ დასტურდება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის ან რეგისტრაციის არარსებობის კავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფასთან.
გარდა
ამისა სახეზე არ გვაქვს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული საფუძველი.
ამდენად სააგენტო მოკლებულია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ
საფუძველს.
პატივისცემით,
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ზაზა სოფრომაძე