KA030436340556517

№ 04-790 17 / იანვარი / 2017 წ.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ავთანდილ ვასაძეს


ბატონო ავთანდილ,

თქვენს 2016 წლის 30 დეკემბრის N04-25532 სამსახურებრივ ბარათთან და ერთობლივ წარმოებში არსებულ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2016 წლის 23 დეკემბრის N130467 (N5018200, 22.12.2016 წ.) წერილთან დაკავშირებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, კომპეტენნციის ფარგლებში, გაცნობებთ:

თქვენთვის ცნობილია, რომ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის N381 დადგენილების პირველი მუხლის და 1 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, სააგენტოსა და  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის მოქმედებს 2015 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული N509-10/15 ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის „5.1.1.“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო დათქმულ ვადებში, N1.1. და N1.2. დანართებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უგზავნის  სუბსიდიის მიმღებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციას.  ლიცენზიანტი, „5.2.1.“ პუნქტის თანახმად, დათქმულ ვადაში  ახდენს ბენეფიციარების იდენტიფიცირებას  და ვალდებულია სააგენტოს მოაწოდოს ინფორმაცია აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ (არასწორი, დუბლირებული, არასაყოფაცხოვრებო აბონენტი). აქვე არსებობს დათქმა, რომ ასეთი უზუსტობის არსებობისას, ლიცენზიანტმა არ უნდა განახორციელოს  სუბსიდირებისათვის საჭირო ღონისძიებები, სააგენტოს წერილობით მიმართვამდე.

ამავე ხელშეკრულების „5.2.3.“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ დათქმულ ვადებში, ლიცენზიანტი ვალდებულია, N2.1. და N2.2. დანართების საფუძველზე, სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია როგორც ბენეფიციარებისთვის დარიცხული  ელექტროენერგიის ოდენობის და სააგენტოს მხრიდან ასანაზღაურებელი სუბსიდიის, ასევე, მის მიერ დასაბრუნებელი სუბსიდიის თანხების შესახებ. არასწორად გადარიცხული სუბსიდიის უკან დაბრუნების ვალდებულება, მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე, ლიცენზიანტს აქვს ცალსახად გაწერილი, არასწორად გადარიცხვის მიზეზების მიუხედავად., მათ შორის, გამოწვეული იქნება ეს ტექნიკური, თუ ბენეფიციარის მიზეზით.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N01-45/ნ ბრძანებით დამტკიცებული   „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობების" მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც,  იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დეკლარაციაში შეცდომით ფიქსირდებოდა აბონენტის ნომერი, რის გამოც არამიზნობრივად ირიცხებოდა სუბსიდიის თანხა და კორექტირების შედეგად განხორციელდა ჩასწორება, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ლიცენზიანტი ვალდებულია სრულად დააბრუნოს სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე სააგენტოს მიერ ამ ოჯახისათვის არამიზნობრივად გადარიცხული თანხა.

             
აქვე ავღნიშნავთ, რომ  სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, არასწორად გადარიცხული სუბსიდიის თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე ლიცენზიანტს პრობლემა არ ჰქონდა და შეუფერხებლად ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, კომპეტენციის გათვალისწინებით, თვლის, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, არ არსებობს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე