KA030446646088416

№ 04-6335 11 / აპრილი / 2016 წ.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს
ბატონ თამაზ მოდებაძეს
მოხსენებითი ბარათი

ბატონო თამაზ,

მოგახსენებთ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, განიხილა ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის N04-4697 მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მონაცემებთან, კერძოდ, ფიზიკური პირის ფოტოსურათთან წვდომის უფლების აღდგენას. საკითხთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, მოგახსენებთ ერთობლივად შეჯერებულ პოზიციას:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ფოტოსურათი მოიცავს განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის, ამ პირის ბიომეტრიულ მონაცემებს, რომელთა დამუშავება აკრძალულია, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა). ამასთან, ხსენებული კანონი ადგენს, რომ მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

თუ გავითვალისწინებთ სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ სერვისებს, ნებისმიერი მათგანის ადმინისტრირება ძირითადად ითვალისწინებს პირის იდენტიფიცირებას არა ფოტოსურათით, არამედ, პირადი ნომრით, სახელით, გვარით, რეგისტრაციის ადგილით, დაბადების თარიღით. ამასთან, პირადობის მოწმობისა და მისი ასლის წარდგენა ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით (განცხადება).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  78-ე მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.

შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, პირის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისას, სავალდებულოა მისი იდენტიფიკაცია პირველ რიგში, პირადი ნომრით და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი რეკვიზიტებით (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა). თუ პირის (მაძიებელი) ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია პირადი ნომრით ვერ ხერხდება, სააგენტოს აქვს საფუძველი, არ განიხილოს მისი მოთხოვნა, თუმცა ასეთ დროს უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მონაცემები სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ხელმისაწვდომია ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს გამოთხოვილი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პირობებს და ადგენს ყველა ასეთი ქმედების აღრიცხვის პირობას.

შესაბამისად, ვთვლით, რომ მოხსენებით ბარათში მითითებული პრაქტიკაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, პირის ფოტოსურათით იდენტიფიცირების შეუძლებლობა არ წარმოადგენს სტრუქტურის საქმიანობის შეფერხების, ასევე, დაინტერესებული პირის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.

პატივისცემით,

 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე