საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030448477330214
№ 04-106/ო 22 / აპრილი / 2014 წ.


 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 31 დეკემბრის N01/474-ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N186 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების, სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 26 მარტის N04-4453 სამსახურებრივი ბარათის, „საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის N04-1/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 15 აპრილის N04-101/ო ბრძანების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ: 

 მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 31 დეკემბრის N01/474-ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულებაში“ (შემდგომში -დებულება; დანართი N1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“.

 

2. მე-4 თავი (მუხლები 13-16) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და მათი დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოში საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;

გ) სააგენტოში საკადრო საკითხების ორგანიზება;

დ) სააგენტოს სისტემაში, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, ადამიანური რესურსების განვითარების პროცესის განხორციელების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და სათანადო ნორმატიული, ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძვლებისა და მექანიზმების შექმნა-განვითარების შედეგად, კადრების მართვის ძირითადი ადმინისტრაციული პროცედურების სრულყოფილი განხორციელება;

ვ) სააგენტოში შექმნილი საარქივო დოკუმენტების დროული მიღების, მათი აღრიცხვის, მოწესრიგების, დაცვის უზრუნველყოფის, გამოყენებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შენახვის ორგანიზება;

ზ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების (გარდა სამეურნეო-ტექნიკური ხასიათის ხელშეკრულებებისა) შესრულების კონტროლი და ცალკეულ სამსახურებრივ საკითხებზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 

მუხლი 14. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურა

ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) ადამიანური რესურსების სამმართველო;

ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

გ) არქივი (სამმართველო);

დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.

 

მუხლი 15. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები

1. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და აღრიხვა;

ბ) რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილეების და/ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის, მოვალეობათა და/ან ფუნქციათა განაწილების მიხედვით;

გ) საჭიროების შემთხვევაში, კორესპონდენციის გამრავლება და რეზოლუციების შესაბამისად, ადრესატებისათვის გადაცემა;

დ) სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება დადგენილი წესით, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ე) სააგენტოდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და ადრესატთან დროული გაგზავნის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაციის მეთოდური დახმარების გაწევა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოდან გასაცემი იმ დოკუმენტების ასლების დამოწმება ხელმოწერით და ბეჭდით, რომლებიც მომზადებულია სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ი) მივლინების მოწმობის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმება;

კ) სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ორგანიზაციული ბრძანებების აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

ლ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. ადამიანური რესურსების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოში ადამიანური (საკადრო) რესურსების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და განხორციელება;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მასთან დაკავშირებით საჭირო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს სტრუქტურულ-ორგანიზაციული მოწყობის და ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციისათვის, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

დ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის ბრძანების პროექტების მომზადება;

ე) სააგენტოს ცენტრალურ აპარატში მიღებული ბრძანებების (გარდა ორგანიზაციულისა) აღრიცხვის და შენახვის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს თანამშრომლებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა-წარმოება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ი) სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში მიღების, მათი უფლებებისა და გარანტიების დაცვის, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების, მოტივაციის, სამსახურებრივი დაწინაურების და დისციპლინური პასუხისმგებლობის, ატესტაციის, მომზადებისა და გადამზადების საკითხებზე არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების პროექტების შემუშავება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოსა და თანამშრომელთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობის საკითხებსა და მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე და უზრუნველყოფს მათ დანერგვას;

ლ) სააგენტოდან გასაცემი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული იმ დოკუმენტების ასლების დამოწმება ხელმოწერით და ბეჭდით, რომლებიც მომზადებულია სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპნოდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ნ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. არქივის (სამმართველო) ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან დოკუმენტების მიღება საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად მოწესრიგებული სახით;

ბ) არქივში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა და მათი დაცვა;

გ) სააგენტოს არქივის დოკუმენტების საცნობარო აპარატის შექმნა და სისტემატურად გაუმჯობესება;

დ) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის განხორციელება და დოკუმენტების შესანახად, საორგანიზაციო-მეთოდური ღონისძიებების გატარება;

ე) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის შემოწმება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის დოკუმენტებზე მუშაობისას მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის (წერილები და განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

თ) დოკუმენტების მიღება-გაცემა, აღრიცხვა, შერჩევა და გამოყენება, აგრეთვე, სახელმწიფო შესანახად მომზადება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

4. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციულ საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების/რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზაციის ინიცირება; 

გ) სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოსულ საინფორმაციო მოთხოვნებზე საპასუხო წერილების მომზადება და თარგმნის უზრუნველყოფა;

დ) მოსახლეობის წერილობითი მომართვების შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემელებსა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით, ცნობების მომზადება-გაცემა;

ე) საშვის დაშვების რეჟიმის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მათი შესაბამისი ინფორმირება სოციალური პროგრამებისა და სახელმწიფო გასაცემლების თაობაზე;

ვ) ფიზიკური პირებისათვის სააგენტოში დაცული ინფორმაციის/მონაცემების ხელმისაწვდომობა, მოქმედი წესების/ნორმების შესაბამისად;

ზ) სააგენტოს ხელმძღვანელი პირების თათბირების (სხდომების) მომზადების, ჩატარების, განსახილველი საკითხების დაგეგმვისა და დღის წესრიგების ფორმირების ორგანიზება, თათბირებზე (სხდომებზე) დამსწრეთა შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა და მათი მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციის (ოქმები) წარმოება;

თ) სააგენტოში წარმოებული დოკუმენტაციის  კორექტირება/რედაქტირება და სააგენტოს ბეჭდური საინფორმაციო პროდუქტის მომზადება/რედაქტირება;

) სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა და სააგენტოს ფეისბუქ-გვერდის მართვა;

კ) დაქვემდებარებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება და კოორდინაცია, მმართველობითი დოკუმენტების შესაბამისი მომზადება-გაფორმების ფორმალიზაციის კუთხით;

ლ) სააგენტოს მიერ გასამართი სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ან დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე  ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

მ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა მისაღებების კოორდინაცია და კონტროლი;

ნ) სააგენტოს დირექტორის და დირექტორის მოადგილეების საკონტროლო დავალებათა შემსრულებლებამდე დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი კრებსითი ანგარიშების მომზადება/მონაწილეობა;

პ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

 

მუხლი 16. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილებები

ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები და სხვა დოკუმენტები;

ბ) სააგენტოს დირექტორის ან კურატორს წარუდგინოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის  საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები;

გ) განახორციელოს სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

 

3. 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტით განსაზღვრული გასაცემლები, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობა; შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ მიზნით დასაფინანსებელი დახმარება) დანიშვნა–ცვლილებისა და დარიცხვის სამუშაოთა დოკუმენტური და ელექტრონული საქმისწარმოების ორგანიზება და მართვა;“.

 

4. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტით განსაზღვრული გასაცემლები, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ მიზნით დასაფინასებელი დახმარება) დანიშვნა-ცვლილებისა და/ან დარიცხვის სამუშაოთა დოკუმენტური და ელექტრონული საქმისწარმოების ორგანიზებას და მართვას;“.

 

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტით განსაზღვრული გასაცემლების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირებას;“.

 

გ) მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტით განსაზღვრული გასაცემლების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების (დახმარება), რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების“ საინფორმაციო სისტემებში:

ა.ა) შეტანილი ცვლილებების ტესტირებას;

ა.ბ) ცვლილებების დანერგვას;“.

 

5. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ბავშვის შვილად აყვანასა და გაშვილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

ბ) გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება;

გ) საერთაშორისო გაშვილების პროცესის წარმართვა;

დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების ფუნქციონირების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ვ) მეურვის და მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის კოორდინაცია;

ზ) დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ორგანიზება და კოორდინაცია, მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსათვის მონიწებული უფლებამოსილების ფარგლებში; 

თ) ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასების პროცესის დაგეგმვა და მიღებული შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება;

ი) ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პროცედურების შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის კონსულტაციების გაწევა და სააგენტოს მიერ აღრიცხული შემთხვევების შესახებ მონაცემების შეგროვება;

კ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია;

ლ) არასრულწლოვანთა რეინტეგრაციისა და პრევენციის სახელმწიფო დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

მ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

ნ) სტანდარტების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის სახელმძღვანელოდ, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების პროექტ(ებ)ის მომზადება;

ჟ) ქუჩაში მცხოვრებ და/ან ქუჩაში მომუშავე ბავშვების რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის საქმეების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში;

რ) შვილად აყვანის საიდუმლოებისა და ბიოლოგიური მშობლების მოძიების შესახებ საქმეების წარმოება;

ს) საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზება;

ტ) სოციალური მუშაკების საქმიანობის ზედამხედველობა;

უ) სააგენტოს დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“.

 

მუხლი 2.

სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წინამდებარე ბრძანების დაგზავნა სააგენტოს ყველა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულისათვის.

 

მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე