|
|||||
|
|||||
|
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ
|
|||||
|
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-18 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტს (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში უზრუნველყონ სიკვდილობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რომელიც უკავშირდება: ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების ყველა შემთხვევას; ბ) მკვდრადშობადობის თითოეულ შემთხვევას; გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების ყველა შემთხვევას. 2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს: შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2-510039(1401), 2-510039(1402), 2-510039(1405), ხოლო, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას (ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით). ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გარდაცვლილის სახელის, გვარის, პირადი ნომრის (ასეთის არსებობის შემთხევაში), ასაკის, გარდაცვალების მიზეზის (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების დროსა და ადგილის (მ.შ ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში, დაწესებულების დასახელების მითითებით) შესახებ, სადაც დაფიქსირდა სიკვდილი. 3. ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“. 4. სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ“ უზრუნველყოს მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში აღნიშნული ბრძანების ხელმისაწვდომობა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტებისთვის. 5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |