აფთიაქებში ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ურეცეპტოდ გაყიდვასთან
დაკავშირებით, უკანასკნელ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებული
ინფორმაციის შესახებ:
როგორც აღმოჩნდა, საქმე ეხება ფარმაცევტულ პროდუქტ-დიმედროლს:
დიმედროლი ფარმაცევტულ ბაზარზე 1% 1მლ ი.ვ და ი.მ. საინექციო
ხსნარისა და ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. მისი საერთაშორისო
არაპატენტირებული დასახელება/აქტიური ნივთიერებაა -Diphenhydramine და
მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს - ანტიჰისტამინური საშუალება
სისტემური გამოყენებისთვის.
ნივთიერება - ,,Diphenhydramine“, წარმოადგენს H1 ჰისტამინური
რეცეპტორების I თაობის ბლოკატორს, რომელიც ხელს უშლის ჰისტამინის
ეფექტის გამოვლინებას, გააჩნია გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობა.
ამცირებს, ან ახდენს ჰისტამინით გამოწვეულ სპაზმების პრევენციას გლუვ
კუნთებში, კაპილარების გამტარობის მომატებას, ქსოვილების შეშუპებას,
ქავილს და ჰიპერემიას. ავლენს ადგილობრივ ანესთეზიას (პერორალური
მიღებისას ვლინდება ხანმოკლე დაბუჟება პირის ღრუს ლორწოვან გარსებში),
ამცირებს არტერიულ წნევას, ახდენს სედაციურ, ძილის მომგვრელ,
ანტიპარკინსონულ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
გაეროს შესაბამისი კონვენციების შესაბამისად, ნივთიერება -
,,Diphenhydramine“ არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ საშუალებას. შესაბამისად საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობისა , ფარმაცევტული პროდუქტები - დიმედროლი 1% 1მლ N10
და დიმედროლი 50 მგ ტაბლეტი №10 წარმოადგენს II ჯგუფის სამკურნალო
საშუალებებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის N166 დადგენილების
საფუძველზე, მათი საინექციო წამლის ფორმები, პაციენტებისათვის
პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ფორმა №3
რეცეპტის გარეშე გაცემას ექვემდებარება.