მოგესალმებით, ბატონო დავით და კოლეგებო!
მოგახსენებთ, რომ აღვიდგინე იმ მოხსენებითი ბარათის შინაარსი, რომელიც
გახდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ის ყურადღების საგანი.
უნდა აღვნიშნო შემდეგი:
მოხსენებითი ბარათი დაწერილია კონკრეტულ ფაქტზე, რაც გულისხმობს
ფილიალის დირექტორსა და მონიტორინგის უფროსს შორის დავას და ამის
საფუძველზე ორივე მათგანის მიმართ გატარებულ დისციპლინურ ზომებს.
საკითხი არავითარ შემთხვევაში არ იყო კავშირში ბენეფიციარის
გარდაცვალებასთან, არამედ უკავშირდებოდა არასაწესდებო ურთიერთობებს
და ყველაფერი აისახა ამ მოხსენებით ბარათში (თან ერთვის).
ამ ფაქტზე სამინისტროს პატარა ბრიფინგის ოთახში შედგა სამმხრივი
შეხვედრა და მოხდა ის, რაც მოხდა - ბრძანებები, მათი უკანონობის გამო,
გაუქმდა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, არცერთი რეკომენდაცია არ გაცემულა
დისციპლინური ზომების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით უნდა
აღინიშნოს, რომ არცერთი დისციპლინური ზომა არ გულისხმობდა
გარდაცვალების ფაქტებზე გამოტანილ სასჯელებს, არამედ ეხებოდა სარეცხის
მანქანების მწყობრიდან გამოსვლის დროულად შეუტყობინებლობას.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებზე გამოტანილ სასჯელებს, ისინი
გამოტანილი იქნა მხოლოდ თამარ ბარკალაიას მიერ მისი დანიშვნის შემდგომ,
თუმცა 2012 - 2016 წლის 26 აპრილის ჩათვლით პერიოდში გარდაცვალებების
რიცხვმა შეადგინა 55 და მხოლოდ 3 დირექტორი განთავისუფლდა
დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ ბარკალაიას მიერ. სხვა
შემთხვევებში, მარინა მესხისა და მევლუდ კუხიანიძის მუშაობის პერიოდში,
დისციპლინური სახდელები გარდაცვალების ფაქტებზე არ გამოტანილა.
აქვე დავამატებთ, რომ როდესაც შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დადო
ანგარიში ე.წ. ჩავარდნილი შესყიდვების გამო თვეების მანძილზე
"განულებული" ისეთი მარაგების შესახებ ფონდის ფილიალებში, როგორიცაა
ხორცი, კარაქი, კვერცხი, კბილის ჯაგრისი, პასტა, ტუალეტის ქაღალდი და
სხვა, ფონდის მონიტორინგის სამსახურს არცერთი დისციპლინური სახდელის
მოთხოვნა არ განუხორციელებია.
მოკლედ, მე მზად ვარ გავაკეთო კომენტარი, მოთხოვნის შემთხვევაში, თუ
არადა ეს განმარტებაც საკმარისი იქნება.
აქვე დავამატებ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იტოვებს
უფლებას, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ
სამინისტროს სისტემის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების მიერ მოხდება
გარდაცვალების ფაქტის კადრების გასაჯაროება, რამდენადაც ეს კადრები
იქნება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის გარეშე გამოყენებული და ის
წარმოადგენს არა სამინისტროს შანტაჟისათვის გამოსაყენებელ მასალას,
არამედ მათი შენახვისა და დაცვის სპეციალური წესები არსებობს.
ასევე, შემიძლია წარმოვადგინო გარდაცვალებების რაოდენობები.
პატივისცემით, კახა