From : Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge>
To : Sopo Belkania
Subject : ჩინეთის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამედიცინო აპარატურა და აღჭურვილობა
Cc : d.bibilashvili@gmail.com; tengizt@gol.ge
Received On : 01.06.2018 07:20
Attachments :

ქალბატონო სოფიკო,  

უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის. 

თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ჩვენი პოზიცია/შენიშვნები ჩინეთის საგრანტო პროექტის თაობაზე, მოგახსენებთ შემდეგს: 

აღნიშნული საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამედიცინო აპარატურა და აღჭურვილობა გათვალისწინებული იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის (შემდგომში ცენტრი) ახალი შენობის აღჭურვისათვის, რომლის მშენებლობის ვადები არაერთგზის გადაიდო. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო (მათ შორის წერილობითი) განცხადებების მიხედვით ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა და მისი აღჭურვა უნდა დასრულებულიყო 2019 წლის პირველ ნახევარში. ასეთ შემთხვევაში გრანტით გათვალისწინებული აპარატურის და აღჭურვილობის მოწოდება (რასაც სავარაუდოდ 6-12 თვე დასჭირდება) სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ახალი შენობის მშენებლობის დასრულებასთან.   

სამწუხაროდ, ცენტრის შენობის არათუ მშენებლობა, არამედ საპროექტო სამუშაოებიც კი ჯერ არ დაწყებულა და რამდენადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბოლო შეხვედრაზე   გვითხრეს, ცენტრის შენობის მშენებლობის დასრულებას უკეთეს შემთხვევაში 3 წელი მაინც დასჭირდება, რეალურად კი, ალბათ უფრო მეტიც. შესაბამისად, შეიძლება განხილულ იქნეს რამოდენიმე ვარიანტი: 

ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ცენტრს გადმოსცემს მხოლოდ იმ აპარატურას და აღჭურვილობას, რომლის განთავსება და გამოყენებაც ცენტრს დღევანდელ პირობებში (შპს „ავერსი-ფარმასგან“ იჯარით აღებულ ფართზე) შეუძლია, ხოლო დანარჩენს გადასცემს რომელიმე სხვა სამედიცინო დაწესებულებას. ეს ვარიანტი ჩვენი ცენტრისთვის ყველაზე მისაღებია, რამდენადაც ფუნქციონირებისათვის ელემენტარულ პირობებს მაინც შეგვიქმნის და საშუალებას მოგვცემს ახალი შენობის აშენებამდე როგორმე თავი გავიტანოთ. გასარკვევია, თუ რამდენად მისაღებია ეს ვარიანტი (აპარატურის და აღჭურვილობის გაყოფა) ჯანდაცვის სამინისტროსთვის და განსაკუთრებით ჩინური მხარისთვის. 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი დროებით განთავსებულია შპს „ავერსი-ფარმასგან“ იჯარით აღებულ ფართზე, ამიტომ ჩვენი ფართი და სიმძლავრეები ძალიან შეზღუდულია, ხოლო ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებულია. შესაბამისად ახალი აპარატურის და აღჭურვილობის განთავსების შესაძლებლობაც ძალიან შეზღუდულია. ასე მაგალითად, საჭიროების მიუხედავად ჩვენ ვერანაირად ვერ განვათავსებთ MRI ტომოგრაფს (სკანერს), აგრეთვე სხვა აპარატურისა და აღჭურვილობის (მათ შორის საწოლების და ავეჯის) ნაწილს. 

გიდგენთ (დანართების სახით) იმ აპარატურისა და აღჭურვილობის ჩამონათვალს, რომელთა მიღება და განთავსება ცენტრს ამჟამად შეუძლია და რომელიც მას გადაუდებლად ესაჭიროება.   

შენიშვნა:  დანართი 1-ში მოცემულია ჩინეთის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამედიცინო აპარატურა, ხოლო დანართი 2-ში  - იგივე პროექტით გათვალისწინებული აღჭურვილობა. ორივე დანართში ჩინეთის მხარის მიერ გამოგზავნილ ჩამონათვალზე ჩვენს მიერ დამატებულია ერთი გრაფა (წითელ ფერში) - აპარატურის და აღჭურვილობის რაოდენობა, რომლის მიღებაც ცენტრს შეუძლია დღევანდელი მდგომარეობით (მეტს ვერ განათავსებს). ამ გრაფაში ნოლი ნიშნავს, რომ აღნიშნული დასახელების აპარატურის ან აღჭურვილობის მიღება ცენტრს დღევანდელი მდგომარეობით არ შეუძლია, რადგან მას ვერ განათავსებს.   

ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა (რა თქმა უნდა, ჩინეთის მხარესთან შეთანხმებით). 

რაც შეეხება უშუალოდ შემოთავაზებულ აპარატურას და აღჭურვილობას, დასახელებისა და ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, იგი შეესაბამება ცენტრის საჭირობას. გვაქვს მხოლოდ უმნიშვნელო დაზუსტებები, მაგ. პიპეტების მოცულობები, სკამის საფარი და სხვ.  

რამდენადაც აღნიშნული აპარატურა (მათ შორის მაღალტექნოლოგიური) და აღჭურვილობა მთლიანად მხოლოდ ჩინური წარმოების იქნება და ამასთან მისი შეძენა მოხდება ტენდერის მეშვეობით (ე.ი. სავარაუდოდ შეძენილ იქნება ყველაზე იაფი ერთეულები), წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, თუ როგორი ხარისხის და რამდენად საიმედო იქნება აღნიშნული აპარატურა და აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია და მისი განსჯა ჩვენს კომპეტენციას სცილდება.   

პატივისცემით, 

თენგიზ ცერცვაძე

გენერალური დირექტორი

პროფესორი 

P.S. წინამდებარე წერილს (დანართების ჩათვლით) დღეს, 1 ივნისს ჩავაბარებთ ჯანდაცვის სამინისტროს კანცელარიას.