| From : | sbelkania@moh.gov.ge |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | წერილი |
| Received On : | 23.06.2017 13:38 |
ბატონო ზაზა,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №1704 განკარგულებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიით“ გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მოსახლეობის სკრინინგული კვლევებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი. „C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ (საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის) მიერ, სამიზნე მაჩვენებლად განისაზღვრა ყოველწლიურად არანაკლებ 600 000 პირის სკრინინგი, რათა ქვეყანაში ჰეპატიტის გავრცელების პრევალენტობის კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდეს ყოველწლიურად დაახლოებით 20-25 ათასი პაციენტის მკურნალობაში ჩართვა და, შესაბამისად, ელიმინაციის დასახული მიზნების მიღწევა. ამასთან, დასახული მიზნის მისაღწევად შეიქმნა C ჰეპატიტის სკრინინგის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, რომელშიც სამედიცინო დაწესებულების მიერ სავალდებულოდ უნდა მოხდეს სკრინინგის მონაცემების აღრიცხვა, რათა შესაძლებელი გახდეს როგორც ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირება, ასევე, მათი მიდევნება მკურნალობაში ჩართვის მიზნით.
მოგეხსენებათ, ზემოაღნიშნულ სტრატეგიაში ცალკე თავი ეძღვნება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ კიდევ ერთ მწვავე გამოწვევას, სისხლისა და სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლს. სისხლის წარმოების ზედამხედველობის სისტემის არარსებობა და უპირატესად ფასიანი დონორობის პრაქტიკა განაპირობებს ქვეყანაში ტრანსფუზიის გზით გადამდები ინფექციების მაღალ პრევალენტობას. საყურადღებოა, რომ 2015 წელს სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ჩატარებული სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგების მიხედვით, C ჰეპატიტის გავრცელების რისკის ფაქტორებიდან, სისხლის ტრანსფუზია გამოიკვეთა როგორც სტატისტიკურად ყვლაზე სარწმუნო რისკ-ფაქტორი ნარკოტიკების ინექციური მოხმარების შემდეგ (კვლევის პოპულაციაში, C ჰეპატიტზე დადებითი ანტისხეულების მქონე პირთა 21,4%-მა აღნიშნა სისხლის გადასხმის ეპიზოდი ცხოვრებაში სულ მცირე ერთხელ). აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სისხლის დონაციებში HCV პრევალენტობა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში შეადგენს 0,02%-ს, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - 1,03%-ს, მაშინ, როდესაც 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში anti-HCV რეაქტიული დონაციების პრევალენტობა 2%-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენდა სისხლის დონაციიდან ტრანსფუზიამდე პროცესის მონიტორინგი, რისთვისაც განახლდა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა სისხლის დონაციისა და ტრანსფუზიის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელშიც სისხლის ბანკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ უნდა განხორციელდეს ინფორმაციის სავალდებულოდ აღრიცხვა.
მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის სკრინინგის და სისხლის დონაციისა და ტრანსფუზიის ერთიანი საინფორმაციო სისტემების შემდგომი იმპლემენტაცია მოითხოვს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვარის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტში ცვლილების შეტანას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მომზადდა „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვარის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი.
გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული პროექტის მიღებასთან დაკავშირებით.
თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს შემდგომი ღონისძიებების განხორციელება.
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232