|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს მინისტრის მოადგილის
ნინო ბერძულის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის კონვენცია), რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის თანმიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა დაუსჯელობის აღკვეთისათვის. აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რის შემდეგაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია. სტამბულის კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ავალდებულებს როგორც ქალთა მიმართ ძალადობისა (მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში) და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას, ასევე, ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენს ფართომასშტაბიან პრობლემას როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. ამასთან, ჯანდაცვის სისტემას აკისრია უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გამოვლენის კუთხით. გამომდინარე აქედან, ძალიან დიდია ჯანდაცვის პერსონალის როლი და პასუხისმგებლობა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ამოცნობის, მათი დოკუმენტირებისა და მართვის კუთხით, რაც შესაბამისი სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რეფერირების უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. ექიმებს, განსაკუთრებით კი მეან-გინეკოლოგებსა და პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, შეუძლიათ ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში და უზრუნველყონ ძალადობის უფრო სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების პრევენციაც. მოგახსენებთ, რომ სტამბულის კონვენციის ნორმების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონებში, რის საფუძველზეც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სამედიცინო მომსახურების გამწევს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და ჩაერიოს პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად ცხოვრებაში. მოგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პაციენტის ამოცნობა/შეფასების და დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მართებულად ჩაითვალა, ცვლილების შეტანა ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დოკუმენტაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ მომზადდა „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ ფორმა, რომლის შევსების აუცილებლობაც, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, აუცილებელი გახდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისის მიმწოდებლებისათვის 2019 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო პილოტური პროექტი დაიწყება 2018 წლის პირველი თებერვლიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების პროექტებს. გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული პროექტების მიღებასთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული |