KA030162916102618

№ 01-7260 30 / მარტი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას

მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითანახმად, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების პროცესში გამოიყენება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია შინამეურნეობების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესახებ ხელმისაწვდომი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და  შედარებულ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ არსებულ მონაცემებთან. მონაცემების შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში აისახება სსიპ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია, ოჯახების დაახლოებით 96%-ს მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეეცვლება ან სარეიტინგო ქულა შეეცვლება, თუმცა დარჩება საარსებო შემწეობის იმავე თანხის მიმღები და ოჯახების მხოლოდ 3%-ს გაეზრდება სარეიტინგო ქულა.

ადმინისტრირების მოქმედი წესით, მონაცემების ცვლილებ(ებ)ის შემთხვევაში აუცილებელია სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა/შეფასება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის გასული მონაცემების კორექტირებისთვის საჭირო 90 დღიანი ვადა და შესაძლებელია მონაცემების კორექტირება სოციალური აგენტის ოჯახში ვიზიტის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციის „ოჯახის დეკლარაციებში“ შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, სააგენტოს უფლებამოსილი  პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე, ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების მომზადება და სამართლებრივი ნორმის შემოღება. პარალელურად ადმინისტრირების ორგანო 2018 წლის მაისამდე გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას და უზრუნველყოფს ოჯახების წერილობით ინფორმირებას განსახორციელებელი ცვლილებების და დამდგარი შედეგების თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია საარსებო შემწეობის ადმინისტრირების პროცედურების ანალოგიურად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესშიც“ დაზუსტდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების უფლება-მოვალეობები, რა ტიპის ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ოჯახმა ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრირების ორგანოს, რას გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია ცალსახად და მკაფიოდ განისაზღვროს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფასთან და შეთანხმებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს წარმოდგენილი დადგენილების პროექტის უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვისათვის საჭირო  პროცედურების განხორციელება.

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.

პატივისცემით,

 

 

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თამილა ბარკალაია