• საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ქართული ოცნების ხელისუფლება. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოხატა ინტერესი, რასაც კერძო კომპანიებისგან დაინტერესება მოჰყვა. პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო და უფრო მეტიც კი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
• შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გდაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლების ინიციატივით, საკონსტიტუციო ჩანაწერით, ანაკლიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით შეასრულა!
• გარდა საკუთარი ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულებისა, სახელმწიფო კონსორციუმთან მიმართებაში არაერთ დათმობაზე წავიდა. 2016 წლიდან დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხვონით ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, გარდა ამისა, პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო უკვე 7-ჯერ გადაუვადა.
• საზოგადოებამ კარგად იცის, რომკონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულება - 120 მილინიანი კაპიტალის შევსება და 400 მილიონ დოლარიანი სესხის მოზიდვა 2017 წელს უნდა დაეწყო. სამწუხაროდ, კონსორციუმს კაპიტალი მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შევსებული, სესხი კი ამ დრომდე ვერ მოიზიდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის გათეთრების შესახებ 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი, მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური ამბიციების შესახებ კი 2019 წლის ზაფხულში გავიგეთ, რასაც სექტემბერში ორგანიზაცია ლელოს დაფუძნება მოჰყვა.
• აქედან გამომდინარე, ფაქტების მარტივი ქრონოლოგიაც კი ადასტურებს, რომ უსინდისო ტყუილია, თითქოს, ხელისუფლება ხაზარაძეს პოლიტიკაში ჩართვის გამო სჯის და ანაკლიის პროექტის შეფერხებაც ამ ყველაფრის შედეგია.
• პირიქით - საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და ფულის გათეთრების საქმეზე ინდულგენციის მისაღებად, ხაზარაძემ თავი პოლიტიკას შეაფარა. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საქართველო სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რაც იმაში გამოიხატება, რომ შევარდნაძესთან, შემდეგ კი სააკაშვილთან უახლოეს ურთიერთობაში მყოფ ხაზარაძესაც აქვს ყველანაირი უფლება იყოს საჯარო პოლიტიკაში, თუმცა, მიუხედავად, საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრივილეგირებული მდგომარეობისა, თუკი დადასტურდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, მასაც იევე მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
• გარდა ამისა, მართლაც ღიმილისმომგვრელია ხელისუფლების რუსულ ინტერესებზე ლაპარაკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამუდმებით ანაკლიის პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ, ამავდროულად კი პორტის მშენებლობის პროცესში სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთში მოღვაწე ყაზახ ბიზნესმენებს სთავაზობდნენ.
• ხაზარაძისა და კონსორციუმის მხრიდან გამოჩენილი უპასუხისმგებლობისა და საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, ხოლო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, მთავრობის სრული მხარდაჭერის მიუხედავად, 2017 წლიდან დღემდე ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ვერცერთი ძირითადი ვალდებულების შესრულება (ვერ შეავსო კაპიტალი, ვერ მოიზიდა თანხები) , საქართველოს მთავრობამ მიიღო ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება და ანკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა.
• ხელისუფლება იყო და რჩება საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული. სახელმწიფო, კანონით დადგენილი პროცედურებით შეიმუშავებს სატენდერო პირობებს, გამოაცხადებს ტენდერს და ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ამჯერად უკვე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გარეშე და წარმატებით!