• საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2021 წლის ევრობასკეტისთვის თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება. ამისთვის შესაბამისი თანხა ბიუჯეტით უკვე განისაზღვრა.
• პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. პრემიერის გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო 179 მილიონამდე ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.
• როგორც იცით, კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის საქართველო სრულ მზადყოფნაში იქნება ევრობასკეტის სამასპინძლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტის, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
• სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება და FIBA-ს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. 10 000-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი კომპლექსი მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს მოემსახურება.
• მშენებლობის დასრულების შემდეგ, მივიღებთ ერთმანეთთან ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ, თანამედროვე სტანდარტების მრავალსივრციან და მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი გაიმართება ახალ აშენებულ დარბაზში, ხოლო უკვე არსებული ოლიმპიური სასახლის სივრცეები უშუალოდ შეჯიბრების გამართვის დროს გამოყენებული იქნება საწვრთვნელ-სავარჯიშო პროცესისთვის.