From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 12.12.2019 15:58

ქალბატონო თამარ, 

ბატონო ზაზა,

ბატონო გიორგი,

ქალბატონო თინათინ,

 

მოგესალმებით.    

 

მინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი დამატებითი ინფორმაცია და მოსაზრება.

 

დღეს შპს „ავერსი-ფარმამ“ სამრეცხაოს პირველი სართულის კედელიც გამოანგრია და იქ განთავსებული ჩვენი კუთვნილი ნივთები გამოიტანეს გარეთ და დააწყვეს ეზოში. ჩვენ ვთხოვეთ გამოეყოთ ალტერნატიული ფართი (30 კვ.მ-მდე) რომელიმე შენობაში, რასაც ადრე გვპირდებოდნენ, მაგრამ ახლა უარი გვითხრეს.  ჩვენ არ ვიცით, პროცედურულად რამდენად ჰქონდათ ჩვენი ნივთების გამოტანის უფლება სასამართლოს და აღმასრულებლის გარეშე, მაგრამ გამოვიძახეთ პატრული, რომელმაც დააფიქსირა ფაქტი და შეადგინა ოქმი, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, ჩვენი თანხმობის გარეშე გამოიტანეს და დაალაგეს ეზოში (სადაც შეიძლება დაზიანდეს, ან მოიპარონ).  

 

ამ მომენტში ყველაზე მწვავედ რჩება სუფთა თეთრეულის საკითხი, რომლის მარაგიც კიდევ 1-2 დღე გვეყოფა. გუშინ შეხვედრაზე მოგახსენეთ, რომ ისედაც ყველაფრის ტარება ცენტრის გარეთ გვიხდება და სარეცხის სხვაგან რეცხვასაც ვერ შევძლებთ.  ამასთან როგორც გავარკვიეთ, ძალიანაც რომ გვინდოდეს, შესყიდვების კანონი არ გვაძლევს უფლებას, რომ სარეცხის რეცხვის ხელშეკრულება ვინმეს გავუფორმოთ ტენდერის გარეშე. ამას კი, როგორც მოგეხსენებათ დრო სჭირდება.

 

როგორც ბატონმა გიორგი წოწკოლაურმა მასთან შეხვედრის დროს მითხრა (თუ არ ვცდები ა.წ. 29 ნოემბერს), სამრეცხაოს შენობის ნგრევის დაწყებასთან დაკავშირებით სატელევიზიო სიუჟეტების გასვლის შემდეგ მას აეროპორტიდან დაუკავშირდა ბ-ნი პაატა კურტანიძე და უთხრა, რომ ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე (ა.წ. 8 დეკემბერს) შეხვდებოდა სამინისტროს ხელმძღვანელობას და მოახერხებდნენ, ან ყოველ შემთხვევაში შეეცდებოდნენ შეთანხმების მიღწევას. ჩვენი გუშინდელი შეხვედრისას ამაზე არაფერი თქმულა. თუ არის რაიმე მოძრაობა ამ მიმართულებით?

 

ბ-ნ პაატა კურტანიძეს არაერთგზის აქვს ნათქვამი, რომ ის უფრო იოლად იფიქრებდა ტერიტორიის დაცლის გადავადებაზე, დარწმუნებული რომ იყოს, რომ სახელმწიფო მართლა აგვიშენებს შენობას. ამაში კი მხოლოდ მაშინ დარწმუნდება, თუ ეს მშენებლობა მართლა დაიწყება. როგორც გუშინდელ შეხვედრაზე მოგახსენეთ, ბ-ნი დავით სერგეენკო (რომელიც მთავარი დამნაშავეა ცენტრის განადგურებაში) თავისი მინისტრობის ბოლო თვეებში ძალიან დიდ აქტიურობას იჩენდა ცენტრის მშენებლობის დასაწყებად. თითქმის ყოველდღე იმართებოდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ პროექტი რაც შეიძლება ჩქარა გაკეთებულიყო, ხოლო მშენებლობა პროექტის დამთავრებამდეც კი დაწყებულიყო (ა.წ. ოქტომბერში) და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ ბ-ნი კურტანიძეც უფრო იოლად დათანხმდებოდა გადავადებას, მაგრამ ბოლო 7 თვის მანძილზე ამ მხრივ ყოველგვარი აქტიურობა (როგორც ჯანდაცვის, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან) პრაქტიკულად შეწყდა და ასე განსაჯეთ, საპროექტო Apex Studio 1”, რომელსაც ხელშეკრულებით პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დაემთავრებინა, ჯერ სანახევროდაც კი არა აქვს საქმე გაკეთებული და სულაც არ დარდობს ამაზე. თავის მხრივ ამაზე არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარდობს და გვამშვიდებს, რომ საპროექტოს ხელშეკრულებას გავუგრძელებთო.  ჩვენ კი პირიქით მიგვაჩნია, საპროექტოს ხელშეკრულება კი არ უნდა გაუგრძელონ, უნდა შეუწყვიტონ და თან ასეთი შემთხვეევბისთვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები უნდა დააკისრონ. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მთავარი დამკვეთი, ამას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ისევ უსასრულოდ გაიჭიმება.

 

როგორც შეხვედრაზე მოგახსენეთ, ბოლო 7 წლის მანძილზე ქვეყნის, ისევე როგორც ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პრაქტიკულად ყველა მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელი საჯაროდ გვპირდებოდა, რომ შენობას უმოკლეს დროში აგვიშენებდნენ, მაგრამ რეალურად არცერთს არაფერი არ გაუკეთებია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არცერთ სტრუქტურას რეალურად არა აქვს გააზრებული ჩვენი ცენტრის საჭიროება ქვეყნისთვის და ყველა შეპირებებს მხოლოდ ჩვენს (ცენტრის კოლექტივის) გასაგონად და დასამშვიდებლად აკეთებს.

 

ჩვენ, ბუნების ყველა კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, წლების მანძილზე როგორღაც ვახერხებდით უპრეცედენტოდ მძიმე პირობების მიუხედავად დაგვედო აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მკურნალობის და გადარჩენის აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო შედეგები და თავიდან აგვეცილებინა უხერხულობა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ამჟამად მთლიანად ამოვწურეთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა, როგორც საქმიანობის გაგრძელების, ისე სახელმწიფოსთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და პროცესების შემდგომი განვითარება ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული.  

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე