| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 09.12.2019 13:38 |
ქალბატონო თამარ,
ბატონო ზაზა,
ბატონო გიორგი,
მოგესალმებით.
ჩვენთან სიტუაცია შემდეგია: შპს „ავერსი-ფარმა“ გასულ დღეებში სამრეცხაოს შენობის ნგრევას აგრძელებდა, სახურავი და მეორე სართული თითქმის მთლიანად მოანგრიეს. დღეს პირველ სართულს, სადაც მოქმედი სამრეცხაო გვაქვს, ბოქლომი დაადეს და შიგ აღარ გვიშვებენ იმ მოტივით, რომ შესაძლოა იქ პერსონალის ყოფნა საშიში იყოს. შესაძლოა ასეც არის, მაგრამ მაშინ წინასწარ სამაგიერო ფართი უნდა მოეცათ.
ჩვენ თეთრეულს ყოველდღე ვრეცხავთ, ხოლო სუფთა თეთრეულის მარაგი სულ სამი დღე გვეყოფა. ამიტომ იძულებული ვართ ზეგიდან (11 დეკემბრიდან) ავადმყოფების მიღება შევაჩეროთ. ჯერ სტაციონარში, ხოლო შემდეგ ალბათ უკვე ამბულატორიაშიც.
ამის თავიდან აცილების ყველაზე მოკლე გზა ის არის, რომ სასწრაფოდ გამოგვიყონ რაიმე ალტერნატიული ფართი, დაახლოებით 30კვ.მ-დე, სადაც 2-3 დღეში გადავიტანთ სარეცხ და საუთოო დანადგარებს. ასეთი ფართის გამოყოფის საშუალება შპს „ავერსი-ფარმას“ თავისუფლად შეუძლია, მაგალითად - აფთიაქის კორპუსში, მაგრამ თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ რაც უფრო მეტ დისკომფორტს შეგვიქმნის, მით უარესია ჩვენთვის და უკეთესია მათთვის.
რაც შეეხება სარეცხი გასარეცხად ხელშეკრულებით სადმე სხვაგან ვატაროთ, ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან სათანადო ფართისა და აღჭურვილობის არქონის გამო ისედაც ყველაფერს სხვაგან ვაკეთებთ (და თან საბაზრო ფასებით) და მთელი ჩვენი შემოსავალი ამაში მიდის, გაკოტრების პირას ვართ. საკმარისია ითქვას, რომ 2018 წელს ცენტრი იძულებული იყო რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევებისათვის ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეტარებინა 946 მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფი, მათ შორის მწოლიარე და ასე განსაჯეთ - 24 მართვით სუნთქვაზე მყოფი ავადმყოფიც კი. არამგონია ქვეყანაში ამას კიდევ რომელიმე სხვა სამედიცინო დაწესებულება აკეთებდეს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში, როგორშიც ყოფნა ჩვენ გვიხდება, სამედიცინო დაწესებულების და მითუმეტეს, სერიოზული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება შეუძლებელია.
ძალიან გთხოვთ, უმოკლეს დროში გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. თუ საჭიროა, მზად ვართ შეგხვდეთ ნებისმიერ დროს.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე