From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Received On : 21.08.2019 19:57

ბატონო გიორგი,   

 

მოგესალმებით.

 

გვაინტერესებს რა მდგომარეობაშია მოლაპარაკება ბ-ნ პაატა კურტანიძესთან ჩვენი ცენტრის სტატუსთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საკითხი რაღაცნაირად დაკონსერვებულია. ანუ, ჩვენს მიერ ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების დაუყოვნებლივ დაცლის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, მაგრამ არც ჩვენს დარჩენაზე არ არის თანხმობა. ასეთი სიტუაცია ჩვენთვის ძალიან დისკომფორტულია, ვინაიდან ბ-ნი პაატა ელემენტარული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ნებასაც არ გვაძლევს, ვერ ვახერხებთ ავამოქმედოთ ე.წ. „ემერჯენსი“, რომელიც თითქმის მზადაა გასახსნელად და მისთვის საჭირო აღჭურვილობაც დასაწყობებული გვაქვს, სამინისტროს მიერ ჩვენთვის შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის ჩვენთან განთავსებას ვერ ვახერხებთ და იგი სამინისტროშია დასაწყობებული და ბევრი სხვა. არაფერს ვამბობ ისეთ სერიოზულ საქმეზე, როგორიცაა ბოქსირებული კორპუსის რემონტი. ყველაფერ ამას ემატება ის, რომ არ ვიცით რა პერსპექტივა გვაქვს და რისი იმედი შეიძება გვქონდეს უახლოეს მომავალში.

 

მადლობელი ვიქნებით, თუ გვაცნობებთ რა მდგომარეობაა ზემოთაღნიშნულ პრობლემებზე, ან თუ საჭიროდ ჩათვლით მზად ვარ შეგხვდეთ ნებისმიერ დროს.  

 

ბატონო გიორგი. ცალკე გვინდა მოგმართოთ ჩვენი მთავარი სათხოვარით. თუ ჩვენი დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდება, მაქსიმალურად დაგვეხმაროთ, რათა ბოქსირებული განყოფილებების კორპუსში შევძლოთ რემონტის გაკეთება, რასაც როგორც ადრე მოგწერეთ, დაახლოებით 400 ათასი ლარი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ როგორც იცით, სხვა კოსპურსებში გასულ წელს მთავრობის ნებართვით და ჩვენი სახსრებით კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ და მხოლოდ ეს კორპუსია დარჩენილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც მუდმივ უკმაყოფილებას და აგრესიას იწვევს პაციენტების მხრიდან და ძალიან გვიჭირს ამ აგრესიის შეკავება. არადა, სწორედ ეს კორპუსი ემსახურება ავადმყოფების ყველაზე სერიოზულ კონტინგენტს - აივ/შიდსით ავადმყოფებს და მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს.

 

ბატონო გიორგი. ჩვენ ვგრძნობთ პირადად თქვენს მხარდაჭერას, დიდად ვაფასებთ მას  და დარწმუნებული ვართ მის გულწრფელობაში. ცენტრის მთელი კოლექტივი (და პაციენტებიც) საშვილიშვილოდ თქვენი მადლიერი ვიქნებით, თუ შესძლებთ დაგვეხმაროთ ბოქსირებული კორპუსის გარემონტებაში (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდება).  

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე