From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; gchavchavadze@moh.gov.ge; tikhardziani@gmail.com
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის პრობლემებთან დაკავშირებით
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 25.02.2020 16:16

ქალბატონო თამარ,  

ბატონო გიორგი,

ბატონო გიორგი,

ქალბატონო თინათინ,  

 

მოგესალმებით.  

 

მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის და მათი პირველი ნაბიჯების მიმართ, გულწრფელად უდიდესი პატივისცემის და სიმპათიის მიუხედავად, იძულებული ვართ მოგმართოთ წინამდებარე წერილით, ვინაიდან ჩვენს ცენტრთან დაკავშირებით შექმნილია არაორდინალური სიტუაცია და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

 

რამდენადაც ვიცით, შედგა ბ-ნი პაატა კურტანიძის შეხვედრა ბ-ნ გიორგი წოწკოლაურთან, რომელიც უშედეგოდ და რაც მთავარია „ნულოვანი პერსპექტივით“ დამთავრდა. არადა იჯარაზე შეთანხმება ბევრ ყველაზე გადაუდებელ პრობლემებს გადაგვიწყვეტდა. ბ-ნი კურტანიძე კვლავ დაჟინებით ითხოვს რეანიმაციის და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას, რაც ავტომატურად ნიშნავს ცენტრის საქმიანობის შეწყვეტას.

 

ბ-ნი კურტანიძე ცენტრის მიმართ იყენებს ძალიან ცბიერ და ვერაგ ტაქტიკას. იცის რა, რომ ცენტრის საქმიანობის ერთბაშად შეწყვეტა გამოიწვევს ძალიან დიდ სკანდალს, რომელიც მათაც დააზარალებს, იგი მიმართავს ე.წ. „მცოცავ ანექსიას“ და „ჟანგბადის თანდათან გადაკეტვას“ - მან დაანგრია სამრეცხაო, ცენტრის ადმინისტრაციის შენობას გადახადა ჭერი, რის გამოც წვიმის დროს ჩამოდის წყალი. ამავე შენობაში განთავსებულია მძლავრი ელექტროგანმანაწილებელი კვანძი, რომლის  დასველების შემთხვევაში, მოხდება მოკლე ჩართვა, სავარაუდოდ აფეთქება და მთელი ცენტრი დარჩება ელექტრომომარაგების გარეშე. ითხოვენ რეანიმაციის და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას. კატეგორიულად არ გვაძლევენ უფლებას ავამოქმედოთ „ემერჯენსი“, დავამონტაჟოთ კომპიუტერული ტომოგრაფი და სხვა აპარატურა, გავაკეთოთ ბოქსირებული კორპუსის რემონტი და მოვაწყოთ სავალდებულო ვენტილაცია უარყოფითი წნევით (რაც ჩვენი პროფილის კლინიკისთვის კრიტიკულად აუცილებელია) და ცხელი წყალი. ეზოში უფასოდ აღარ უშვებენ ცენტრის სამსახურეობრივ და თანამშრომლების პირად ავტომანქანებს?! და სხვ.    

 

ავადმყოფები საშინელ აგრესიას გამოთქვამენ იმაზე, რომ ასეთ საგანგებო სიტუაციაში მომუშავე საავადმყოფოს არა აქვს ცხელი წყალი და სხვა ელემენტარული პირობები პაციენტებისათვის. ხშირად ისინი უარს აცხადებენ დაწოლაზე. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვახერხებთ, რომ ამ აგრესიამ გარეთ არ გაჟონოს, მაგრამ არ ვიცით როდემდე.

 

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრის ასეთ პირობებში საქმიანობა შესაძლებლად მიაჩნია და რაიმე გამოსავლის მოძებნას არ ჩქარობს.

 

როგორც გვითხრეს, შპს „ავერსი-ფარმას“ ხისტი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით სამინისტრო/სახელმწიფო აღარ აპირებს ჩვენთვის „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემას, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე მშენებლობა საერთოდ უიმედოა.

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციითაც, მართლაც შესაძლოა კიდევ ერთხელ განმეორდეს სცენარი, როცა ბ-ნი სერგეენკო და ქვეყნის ხელმძღვანელები აკეთებდნენ საჯარო, ხმაურიან დაპირებებს ახალი შენობის თაობაზე, რომელიც შემდეგ არ სრულდებოდა. ანუ უსინდისოდ გვატყუებდნენ.

 

რაც შეეხება შენობის ფასს, ბ-ნმა გიორგი გახარიამ ჩვენთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მან იცის, რომ შენობა ძვირი დაჯდება, მაგრამ მზადაა ამისთვის, რადგან ჩვენი უშენობოდ დატოვება აღარ შეიძლება და რომ სახელმწიფო „დროში იხდის ფულს“, რადგან ყველა სხვა ვარიანტი დროში უსასრულოდ გაიჭიმება. ამის შემდეგ რა შეიცვალა? როცა შენობის ფასზე ვლაპარაკობთ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს ცენტრის საკითხის გადაუწყვეტელობა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შენობაში 1-2 მილიონით მეტის გადახდა. ასე მაგალითად, სამინისტრო ყოველწლიურად უხდის შპს „ავერსი-ფარმას“ იჯარის თანხას 430 ათას ლარს (სულ გადახდილი აქვს 2 მილიონ 700 ათასი ლარი) და კიდევ რამდენი ექნება გადასახდელი, არავინ იცის, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ წყალში გადაყრილი ფულია. აგრეთვე ისიც, რომ 2018 წლის ბოლოს ცენტრისთვის შეძენილი 2.5 მილიონი ლარის აპარატურა დასაწყობებულია, გამოუყენებელია და ფუჭდება. სახელმწიფომ დაკარგა უშუალოდ ჩვენი ძალისხმევით „გლობალური ფონდისგან“ საჩუქრად მიღებული 4.5 მილიონი ევრო და კორეის და ჩინეთის მიერ შემოთავაზებული 5-5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა. ამას არ სჯობს, რომ შენობაში 1-2 მილიონით მეტი გადავიხადოთ და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს?

 

ბ-ნი გიორგი გახარია იმასაც მყარად შეგვპირდა, რომ ბ-ნ კურტანიძეს დაითანხმებდა ჩვენს დროებით იქ დარჩენაზე. რატომ არ იყენებთ ამ შესაძლებლობას? თუ ესეც ცრუ დაპირება იყო? რატომ ცდილობთ ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმების საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ მინისტრის მოადგილის დონეზე? ხომ ხედავთ, რომ ეს უშედეგოა. ვფიქრობთ, რომ სათანადო მონდომების შემთხვევაში ბ-ნი კურტანიძის დათანხმება სავსებით შესაძლებელი იყო.

 

ჩვენ არ ვიცით კიდევ რა სიტყვებით შეიძლება აგიხსნათ, რომ ასეთ პირობებში ცენტრის საქმიანობის გაგრძელება მართლა შეუძლებელია. შექმნილია რაღაც ფანტასმაგორიული სიტუაცია, როცა სახელმწიფო აიძულებს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც პასუხისმგებელია აივ/შიდსზე, ვირუსულ ჰეპატიტებზე და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე, ასეთ პირობებში მუშაობას. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ სატელევიზიო შოუებში გვაქვს ნანახი (როცა გამოუვალ სიტუაციებს ქმნიან და აკვირდებიან, თუ ვინ შეძლებს გადარჩენას). ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ „ცენტრის პრობლემებზე ფიქრობენ და  მუშაობენ“ და ცოტაც უნდა მოვითმინოთ, დღევანდელ სიტუაციაში აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან მეტის მოთმენა ფიზიკურად შეუძლებელია და ჩვენ რომც მოვითმინოთ, თვითონ საქმე ვეღარ მოითმენს და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.

ჩვენ ხუთი წელია ვითხოვთ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრის მოსვლას და შეხვედრას კოლექტივთან, რადგან „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია", მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, ბოლო შვიდი თვის მანძილზე ჩვენ არაერთგზის მივმართეთ სამინისტროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც (ახალი შენობის და რემონტის გარდა), მაგრამ ასევე უშედეგოდ. ასე მაგალითად, აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის დეცენტრალიზაციისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სერვის ცენტრების გახსნა პირველ ეტაპზე თელავში, გორსა და ახალციხეში, ხოლო შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში, დახმარება აივ/შიდსით ავადმყოფებისათვის იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების შეძენაში, რომლებიც არ არის საქართველოს ბაზარზე (რადგან კომერციულად არამომგებიანია) და ვერ ვიძენთ. სასწრაფო დახმარების სამსახურს დანაშაულებრივი გარიგებით ყველა ინფექციური ავადმყოფი (აივ/შიდსის და კორონავირუსის გარდა) მიჰყავს „ბოჭორიშვილის კლინიკაში“. საინტერესოა თუ კორონავირუსზე საეჭვო ყველა ავადმყოფი სასწრაფოებს ჩვენს ცენტრში მოჰყავთ, რატომ სხვა ინფექციური ავადმყოფების მოყვანას ვერ ახერხებენ? ვითხოვეთ დახმარება იგივე სამრეცხაოსთან დაკავშირებით (რომელიც შპს „ავერსი-ფარმამ“ დაანგრია) და სხვ.

 

კიდევ ერთი დეტალი - აქამდე ყველა რეალური თუ მოსალოდნელი საშიში ეპიდემიების დროს (SARS, „ფრინველის გრიპი“, „ღორის გრიპი“, ებოლას ცხელება) ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა აუცილებლად ინტერესდებოდა ჩვენი მდგომარეობით და რაღაცას მაინც აუცილებლად გვიკეთებდა - ბოქსირებული და რეანიმაციის კორპუსების რემონტი, უარყოფითი წნევით ვენტილაციის სისტემის მოწყობა (რომელიც შემდგომში გაფუჭდა), რენტგენის აპარატის, მართვითი სუნთქვის აპარატების, მონიტორების და სხვა აპარატურის შეძენა და სხვ. ახლანდელი შემთხვევა პირველია, როცა ჩვენთვის არაფერი გაუკეთებიათ. არადა, დასახმარებელი და გასაკეთებელი სწორედ ახლა ყველაზე მეტი იყო (თუნდაც იგივე ბოქსირებული კორპუსის რემონტი, ვენტილაცია უარყოფითი წნევით და სხვ.), რასაც დიდი ხანია ვითხოვთ.   

 

აღარ გავმეორდები იმაზე, თუ რა აქვს ჩვენს ცენტრს გაკეთებული ქვეყნისთვის და როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ამაზე ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. საკმარისია ითქვას, რომ თვით ოდიოზურმა კომუნისტურმა მთავრობებმაც კი ბ-ნ სიმონ ხეჩინაშვილს და ბ-ნ ოთარ ღუდუშაურს, რომლებმაც ჩვენთან შედარებით რანგით გაცილებით უფრო დაბალი საკავშირო (და არა მსოფლიო) პრემიები მიიღეს, ახალი ცენტრები აუშენეს. ჩვენ კი რაც გვქონდა, ისიც წაგვართვეს.

 

გასაგებია, რომ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუნდაც ჩვენი ცენტრის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით.  ალბათ, ძალიან ადვილი არ არის ბ-ნი კურტანიძის დათანხმება (თუმცა არც ისე ძნელია), არც ცენტრის შენობისთვის მილიონების გადახდაა ადვილი. მაგრამ საქმის აქამდე მიყვანა სამინისტრომ/სახელმწიფომ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. ცენტრის მიერ გაკეთებული საქმეები და ის, თუ რა ბედი ეწევა მას მომავალში  სამინისტროს/სახელმწიფოს რომ საერთოდ არაფრად მიაჩნია, გასაგებია, მაგრამ თუნდაც თავისივე ინტერესებიდან და თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე, იგივე სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია უმოკლეს დროში გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა მას ჩვენი ცენტრი და თუ სჭირდება, მაშინ ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხოს მისთვის შენობის შეძენაც და ბ-ნი კურტანიძის დათანხმებაც. ხოლო თუ არ სჭირდება, ან მისი მოწყობის თავი არა აქვს, მაშინ ამის შესახებ პირდაპირ განაცხადოს. ყველა შემთხვევაში ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

 

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დღევანდელი მოცემულობა ასეთია. ცენტრის გადარჩენის ერთადერთი გზა მისთვის „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემაა. ყველაფერი დანარჩენი (მათ შორის ბელიაშვილის ქუჩაზე მშენებლობაც) არარეალურია, რადგან უახლოესი 4-5 წელი ვერ განხორციელდება.

 

მოგმართავთ შემდეგი თხოვნით - შესაძლოდ მოკლე ვადაში ოფიციალურად გვაცნობოთ აპირებს, თუ არა სამინისტრო და სახელმწიფო ჩვენი ცენტრისათვის „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემას და თუ კი - რა ვადებში. ხოლო თუ არ აპირებს, მნიშვნელობა არა აქვს თუ რა მიზეზით, მაშინ ამის შესახებ ახლავე, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადოთ.  ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე. ახლა მაინც დაგვეხმარეთ ბოქსირებული კორპუსის რემონტის გაკეთებაში.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე

 

P.S.  როდესაც ეს წერილი გამოსაგზავნად მზად იყო, შეგვატყობინეს კიდევ ერთი კურიოზული ფაქტი. როგორც ადრე მოგახსენეთ, ა.წ. 28 იანვარს რეგულირების სააგენტოს კომისიამ შეისწავლა ცენტრის სანებართვო პირობები და დააფიქსირა, რომ ცენტრს არა აქვს „ვენტილაცია უარყოფითი წნევით“, დღეს გვაცნობეს, რომ გვიბარებენ სასამართლოში დასაჯარიმებლად. კურიოზია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო შვიდი თვის მანძილზე არაერთგზის წერილობით მივმართეთ სამინისტროს, რომ არა გვაქვს „სავალდებულო ვენტილაცია უარყოფითი წნევით“, ისევე როგორც არა გვაქვს გამწმენდი ნაგებობა და უამრავი სხვა მინიმალურად აუცილებელი პირობები, რის გარეშეც ცენტრის ფუნქციონირება არ შეიძლება და ვითხოვდით ბოქსირებული კორპუსის რემონტს (სადაც ეს ვენტილაცია უნდა იყოს), აგრეთვე დახმარებას ბ-ნ კურტანიძესთან იჯარის გაფორმებაზე, რის შემდეგაც ჩვენ თვითონ შევეცდებოდით ვენტილაციის სისტემის გაკეთებას. ჩვენ ასევე არაერთგზის მივმართეთ პირადად ბ-ნ კურტანიძეს ნებართვისათვის, მაგრამ ასევე უშედეგოდ.

 

ახლა რა გამოდის, რომ სამინისტრო იმის მაგივრად, რომ დაგვხმარებოდა სავალდებული ვენტილაციის გაკეთებაში, თუნდაც COVID-19 ეპიდემიის საფრთხის გაჩენის შემდეგ, სასამართლოში გვიჩივის იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტის ვალდებულება თვითონ ჰქონდა და არ გადაწყვიტა. ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ საკითხის სასამართლოში გარჩევა კარგი იქნება? რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იძულებული გაგვხადოთ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რისი გადადგმაც ძალიან არ გვინდა. ამას თვით სისხლის სამართლის დამნაშავე ბ-ნი სერგეენკოც კი არ აკეთებდა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს კაცი ოდესმე სანატრელი გაგვიხდებოდა.