• როგორც ვხედავთ, ლარი ბოლო რამდენიმე კვირაა მყარდება - მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ამავე პერიოდში რეგიონსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება (რაც ძირითადად კორონავირუსის ეფექტით, ნავთობის ფასის შემცირებით, ჩინეთის ეკონომიკის შენელებითა და რუსეთ-თურქეთს შორის განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული).
• ლარი უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რაც პირველ რიგში არის იმის მანიშნებელი, რომ წინა წლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაღალი დონისა და სხვა დადებითი ტენდენციების შედეგად, მოლოდინები არი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული.
• ლარის გამყარებაზე 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს:
1. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მოლოდინები კერძო სექტორში, რაც უკავშირდება ერთის მხრივ ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას (მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, ექსპორტის ზრდას, გამოწვევების მიუხედავად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდასა და სხვა ფაქტორებს), ხოლო მეორეს მხრივ ბიზნესის გაზრდილ აქტივობას თითქმის ყველა მიმართულებით, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა, მათ შორის პრივატიზაციის მიმართულებით. ამას ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც.
2. ფულად საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის გავლენა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებისგან თავის შეკავებაში (რომელსაც ის აკეთებდა გასული წლის ამავე პერიოდში და ყიდულობდა ვალუტას), ხოლო მეორეს მხრივ საბანკო რეგულაციების შემსუბუქების პირველი ეტაპი, რასაც შედეგად მოჰყვა დამატებით ვალუტის რესურსის მიწოდება ქვეყნის ეკონომიკაში.
• მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების პარალელურად ლარის გაცვლითი კურსის მაჩვენებლებმა გააგრძელოს გაუმჯობესება. ცხადია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ახალი კორონავირუსის პანდემიური რისკები, გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კერძო სექტორის აქტივობის წახალისება. ასევე, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო უარყოფითი ზეგავლენა.
• რაც შეეხება ფასების დონეს - უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის ვექტორი (თვე/წინა თვესთან შედარება) მიუთითებს ინფლაციური წნეხის შესუსტებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის თებერვალში, ამავე წლის იანვართან შედარებით, ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ - 0.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო 5 თვის განმავლობაში ყოველთვიურად, ფასების ზრდის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით სულ უფრო მცირდება.
• ამასთან აღსანიშნავია, რომ ინფლაციის სტატისტიკური კვლევის დროს, ფასების კვლევის განხორციელება ხდება თვის პირველ ნახევარში. შესაბამისად, ამ მონაცემებში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების დადებითი ზეგავლენა თებერვალში ფასების დონის მაჩვენებელზე ჯერ-ჯერობით ასახული არ არის.
• გარდა აღნიშნული გარემოებებისა, საქართველოში გარკვეულ სასაქონლე კატეგორიებზე, როგორიცაა შაქარი, ზეთი და ცხიმი, რძე და რძის პროდუქტები, ფასების ზრდა დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტებსა და მათ ნედლეულებზე ფასების ზრდის ტენდენციით. მაგალითად, FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 2020 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით სურათის ფასები 0.7%-ით, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 11.3%-ით გაიზარდა.
• აღსანიშნავია, რომ ფასების დონის ზრდა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, ყოველთვის დროებითი მოვლენაა. დღეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ფასების ზრდის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.