მთავარი გზავნილები
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დღეს, 11 დეკემბერს საქართველო მთის დღეს ოფიციალურად აღინიშნავს.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია, თუმცა, საქართველოს მთიანი რეგიონებისა და მთის მოსახლეობის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებას არასდროს ეთმობოდა ისეთი ყურადღება და არ ხმარდებოდა იმდენი ფინანსური რესურსი, რამდენიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.
წინა ხელისუფლებას, 1999 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, ფრაგმენტული, კონკრეტულ პოლიტიკასა და ხედვას მოკლებული, მინიმალური საგადასახადო და სოციალური შეღავათების გარდა, პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამების რაოდენობა იყო ძალზედ ცოტა და შეზღუდული ფინასური რესურსებით. ასეთი უსისტემო მიდგომა იყო ფუჭი და უშედეგო.
2012 წელს, ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მივიწყებული მთიანი რეგიონების და მისი მოსახლეობის, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც 2015 წელს მიღებულ მთის კანონში ასახა და სახელმწიფოს ურყევ პოლიტიკად აქცია. 2015 წელსვე შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიც.
საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, მთის მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, რისთვისაც დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია“ (5 წლიანი სტრატეგია), რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ორწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად განსაზღვრულია 700 მილიონი ლარი.
მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მთაში ეკონომიკური აქტივობის განმახორციელებელი მეწარმეები შეღავათებით სარგებლობენ, მთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის დაწესდა სოციალური შეღავათები: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე (პირველი იანვრიდან 70 წელს გადაცილებულ მთაში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 264 ლარამდე გაეზრდებათ, ხოლო ივლისიდან 300 ლარამდე.), ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად. ახალდაბადებულ ბავშვებზე დაწესდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური - 100 ლარიანი ფინანსური დახმარება, ყოველ მე-3 და შემდეგ შვილზე 200 ლარიანი დახმარება. დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც. სოფლის ექიმი, რომელიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურება იღებს დანამატს - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია:
· მთის სტატუსი დღეს მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე.
· სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდა - მაღაროსკარის, ბარისახოს და შატილის სკოლები. სამივე სკოლა-პანსიონი რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა (შატილში ხანძრის გამო შენდება ახალი პანსიონი).
· სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 1 მილიონი ლარი. უკვე დაფინანსდა 11 ახალგაზრდა მეწარმე.
· ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ დასახლებებში, მზის პანელები დაუმონტაჟდება 207 ბენეფიციარს, მიმდინარე სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
· მაღალმთიან რეგიონებში აშენებული და რეაბილიტირებულია 110-ზე მეტი ამბულატორია, რასაც მოხმარდა 6 მილიონ ლარზე მეტი (ყველაზე მეტი 2 მილიონი ლარის ღირებულების 31 პროექტი განხორციელდა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში); გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სადგურებისათვის სპეციალიზირებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა 10 მუნიციპალიტეტს.
· საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სხვადასხვა მთიან რეგიონში აშენებული და რეაბილიტირებულია 155 კილომეტრი გზა, რასაც მოხმარდა 150 მილიონ ლარზე მეტი.
· მიმდინარეობს 984 მილიონი ლარის ღირებულების 349 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მთის გზების რეაბილიტაციის გარდა, იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ეს არის ისეთი მნიშვნელობის გზები, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ყოფის გაუმჯობესებას. ასეთი პროექტებია პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზის - როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზის მშენებლობა; რაჭის 45 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა; ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
· კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 260-ზე მეტი ოჯახი ჩაერთოს ფართო ზოლოვან ინტერნეტ-კავშირი.
· სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, 14 მუნიციპალიტეტში განხორციელება 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 პროექტი, ხოლო ბუნებრივი კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსდა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები.
· 2018-2019 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 226 სტუდენტი.
· მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე სადაც სკოლების არ არსებობის გამო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სწავლის პროცესები სხვადასხვა შენობებში ან სხვა დასახლებაში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს 14 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
· მთიან რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი. აშენდა და რეაბილიტირდა ვიზიტორთა ცენტრები, მომზადდა 10 სამთო-საფეხმავლო ბილიკის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტისთვის, მოხდა სხვადასხვა რეგიონის ტურისტული მარშრუტების მარკირება.
· კანონის ამოქმედებიდან დღემდე დღემდე (2016-2019) სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში:
ü ახალშობილისთვის დახმარება მიიღო - 16 447 ბენეფიციარმა, 26.84 მილიონი ლარი.
ü სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო - 83 121 ბენეფიციარმა, 96.6 მილიონი ლარი.
ü სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო - 17 509 ბენეფიციარმა, 12.1 მილიონი ლარი.
ü დანამატი სამედიცინო პერსონალისთვის მიიღო - 1,743 ბენეფიციარმა, 14 მილიონზე მეტი ლარი.
ü ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლა - 91 617 ბენეფიციარმა, 24.1 მილიონი ლარი.
ü დანამატი მასწავლებლებისთვის მიიღო - 12 990 ბენეფიციარმა , 48.3 მილიონი ლარი.
ü დანამატი მწვრთნელებისთვის მიიღო - 318 ბენეფიციარმა, 687 000 ლარი.
ü ხე-ტყის დამზადების შეღავათით 2019 წელს ისარგებლა 19 116 ოჯახმა.
ü საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს- 401 საწარმო.
· კანონის ამოქმედებიდან მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს:
ü საგზაო ინფრასტრუქტურა - 7 683 125 ლარი.
ü წყალმომარაგება-წყალარინება - 475 084 ლარი.
ü კულტურის ობიექტები - 370 690 ლარი.
ü სპორტული ინფრასტრუქტურა - 412 840 ლარი.
ü ნაპირსამაგრი სამუშაოები - 78 261 ლარი.
კითხვის დასმის შემთხვევაში:
· საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ნორმიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, 1999 წელს მიიღეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ კანონი.
· წლების მანძილზე, ამ რეგულაციებმა ვერ უზრუნველყო კონსტიტუციით დადგენილი მიზნის მიღწევა და შესაბამისი შეღავათების ამოქმედება მაღალმთიანი რეგიონების განვითრებისათვის.
· მაგალითად, 2010 წლის საგადასახდო კოდექსის რედაქციის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდებოდა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან რეგიონში საქმიანობით წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი უმცირდებოდა 50 პროცენტით.
· შედარებისთვის, დღევანდელი საგადასახდო კოდექსი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოებისთვის ითვალისწინებს მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებიდან 10 წლის მანძილზე გათავისუფლებას. ასეთი კომპლექსური მიდგომა ხელს უწყობს ინვესტორების მოზიდვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას.