მედიამონიტორინგი 16.04.2019
ტელევიზია
16.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს. ინფორმაცია კოლეგებმა წერილობით გაავრცელეს. წერილი მაუწყებელში დღის ბოლოს დარეგისტრირდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენელმა კი, მანამდე მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მხარეებს შორის მედიაციის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ წერილი ჯანდაცვის სამინისტროში გადააგზავნეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6015716
---
15.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში კვალავაც კრემლის თავდასხმის სამიზნეა. რუსეთის სათათბიროს წევრის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია საქართველო სამხედრო მიზნებისათვის ეხმარება, საეჭვო პათოგენები მუშავდება და მოჩვენებითია ამ ლაბორატორიის შექმნის კეთილშობილური მიზნები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6013508
---
15.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ექიმების შესაძლო გადაცდომებს პარლამენტარები ვერ შეისწავლიან. აკაკი ზოიძის თქმით ეს უფლებამოსილება რეგულირების სააგენტოს აკისრია. სწორედ კომისიის შექმნის, საქმეების შესწავლის და მედპერსონალის კვალიფიკაციის გადახედვის მიზნით ამზადებენ ოჯახები ბათუმში წერილს. მათ ამაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმარება. სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილი ადამიანების ახლობლები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014660
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014546
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014638
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014330
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014321
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6013992
---
15.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
"ენერგო-პრო ჯორჯიას" 4 ათასი თანამშრომელი გაფიცვისთვის ემზადება. ხელფასის 50 პროცენტით მატება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება - პირობების გაუმჯობესებას 4 ათასზე მეტი ადამიანისთვის პროფკავშირები ითხოვენ და აქციებს აანონსებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების გამკაცრებაცაა. ისინი მძიმე სამუშაო პირობებს უკავშირებენ შარშან 10 თანამშრომლის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტებსაც. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სიცრუეს უწოდებენ პროფკავშირების მიერ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას. მათ შორის შრომით უსაფრთხოებაზე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასა და ხელფასებზე. გენერალური დირექტორის განმარტებით, ხელფასები ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად უკვე გაიზარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014600
რუსთავი2-კურიერი18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014244
---
15.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
სიტროენ ჯორჯიას საქმეს დეპუტატები ორშაბათს, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. საქმე სიტროენ ჯორჯიას ხელოვნურად გაკოტრებასა და არაკანონიერი ქმედებებს ეხება. სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებლის განცხადსებით, მოსმენა დარგობრივი და ჯანდაცვის გაერთიანებულ კომიტეტებზე გაიმართება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6013975
---
15.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა, რომელიც ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები და სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრებაა საჭირო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6014496
---
ინტერნეტი
16.04.2019
დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვას მეც ვეთანხმები
სულ იყო მსჯელობა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვაზე, რომელსაც მეც ვეთანხმები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმი დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით განისაზღვრება. „საარსებო მინიმუმი ითვლება მეთოდოლოგიით, რომელიც არის დამტკიცებული. სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი.ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1555403357-1?fbclid=IwAR000Tu7bmwgV7Gt9EwSlxO9ofN1JUZiwqgVTgfFqHcIBKK7Ksoc5XYTAU8
თელავში მარტოხელა მოხუცი სოციალურ სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს
თელავში, სოციალურად დაუცველი მოქალაქე, დიმიტრი აბრამიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს. დიმიტრი აბრამიშვილის თქმით, სააგენტომ დახმარება ოთხი თვის წინ მოუხსნა. მიზეზად კი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ფულად დახმარებას ასახელებს. მისივე თქმით, ის მარტოხელაა და ნათესავის საცხოვრებელ სახლში დროებით ცხოვრობს. მარჯვენა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, გადაადგილება უჭირს. „არც პენსია მაქვს, აღარც დახმარება. უფულობის გამო ვერც ინვალიდობის ჯგუფს ვადგენ, მეზობლები რომ არ მეხმარებოდნენ, შიმშილით სიკვდილი მელოდება.“- განაცხადა აბრამიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. თელავის სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის სამსახურის უფროსის, ჯემალ ბაღათრიშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველების შესახებ რიგი მონაცემები პერსონალურია. „მოვიდეს აბრამიშვილი სააგენტოში და მის პრობლემას აუცილებლად შევისწავლით. - განაცხადა ბაღათრიშვილმა. დიმიტრი აბრამიშვილი სააგენტოსგან ხელახალ გადამოწმებას და გაცდენილი თვეების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას ითხოვს.
---
15.04.2019
ცნობილია დევნილი ოჯახები, რომლებსაც უახლოეს მომავალში თბილისში ბინა გადაეცემა - ნახეთ სია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, თბილისში, ბინას 800 დევნილ ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 10 469 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღეში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირება მოხდება. ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს. მონიტორინგის განყოფილება მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებს და ამასთან, დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და მასში ჩართულები არიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია ამის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.
---
15.04.2019
გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას" საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომა დაინიშნა
კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური დაიბარონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ განუცხადა. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საკითხზე პარლამენტში 22 აპრილს, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაინიშნა, სადაც, მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება, კონკრეტული მტკიცებულებები. „ჩაინიშნა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც ველოდებით ჯანდაცვის მინისტრსა და ნოდარ ხადურს. შემიძლია გითხრათ, რომ დგას პირადად ნოდარ ხადურის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. წარმოვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს თუ როგორ ირღვეოდა კანონი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/atcharis-jandatsvis-ministrthan-gardatsvlili-patsientebis-akhloblebis-shekhvedra-khmauris-phonze-mimdinareobs/
აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ზაალ მიქელაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებს სამ საათზე მეტხანს ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროში. გახმაურებული ფატალური ისტორიის თანამონაწილეები ჯანდაცვის მინისტრისგან ყველა საქმეზე გამოძიების დაჩქარებასა და პასუხისმგებელი ექიმების მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. “ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი, რომელიმე უწყებისგან ხომ უნდა მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, გამოძიებები მიდის, დუმს რეგულირების სააგენტო, დუმს პროკურატურა, არავინ იცის ვონ იქნება შემდეგი”-ამბობს შეხვედრის მონაწილე ლია ლონთათიძე. დაღუპულთა ახლობლები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ანალოგიურ შემთხევებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეისწავლის. ჯანდაცვის მინისტრი მათ შუამდგომლობას დაჰპირდა. “დაღუპული პაციენტების ახლობელთა გადაწყვეტილებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის დახმარებით მომზადდება წერილი, განისაზღვრება ადრესატი უწყებები, აღიწერება დაღუპულთა ოჯახების მოთხოვნები და ოფიციალური წერილი მიეწოდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადრესატ უწყებებთან შუამდგომლობის მიზნით. დაღუპულთა ოჯახის წევრების მთავარ მოთხოვნას საპარლამენტო კომისიის შექმნა და შემთხვევების დეტალურად შესწავლა წარმოადგენს.”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 8 სხვადასხვა ასაკის პაციენტი ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიღუპნენ. პაციენტების ახლობლების მტკიცებით ფატალური შედეგები მედიკოსების დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/195977/
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს
საავადმყოფოებში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს ზაალ მიქელაძეს მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებების და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შემუშავდება მიმართვის ტექსტი, რომელიც შევა პარლამენტის შესაბამის კომისიაშია რეაგირებისთვის. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საუბრობდნენ კონკრეტულ დეტალებზე და ფაქტებზე, რის გამოც ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მათი ოჯახის წევრის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ექიმის მხრიდან გულგრილობა ან არაკვალიფიციურობა. შვიდი გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წინ, რამდენჯერმე გადაკეტეს საავტომობილო მაგისტრალიც. ისინი პაციენტების გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას და იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ, ვისი მიზეზითაც დაიღუპნენ პაციენტები. გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გუშინ, 14 აპრილსაც გამართეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. აქციაზე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელსაც აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს. გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა თავიანთი მოთხოვნები ექვსპუნქტად ჩამოაყალიბეს. მოქალაქეებმა ზაალ მიქელაძეს შემდეგი მოთხოვნები ჩამოუყალიბეს: შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლონ ყველა გარდაცვლილის საქმეს. კომისიაში ჩართონ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები ან მათი წარმომადგენლები, ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად, გარდაცვლიის ახლობლის ჩართულობით, კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის შექმნა განისაზღვროს 30 აპრილამდე. პირადად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. თქვენი (ზაალ მიქელაძის) დახმარება იქნება საჭირო, რომ ინფორმაცია მიიტანოთ დავით სერგეენკომდე. შეისწავლონ რეგულირების სააგენტოს კომისიის წევრების საქმიანობა და მოგვეწოდოს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან მიკერძოებული გამოძიებისას და არ იცავენ კონკრეტული ექიმის ინტერესებს. კლინიკებში აუდიტის შესვლა, სამედიცინო აღჭურვილობის და ექიმების პროფესიონალიზმის შესწავლა. „ნამდვილად პროფესიონალები არიან თუ არა ექიმები ამის შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან შეიძლება კლინიკა ტექნიკურად აღჭურვილი იყოს, მაგრამ ექიმი იყოს არაკვალიფიციური“. პირველ ეტაპზე დაიწყოს გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენი განცხადება შევიდეს პარლამენტში და ჩვენს მოთხოვნებს შეხედონ სერიოზულად.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11980
გარადაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრების პრეტენზიები
ხუთი ოჯახი თითქმის იდენტური ისტორიით. ამბავი რომელიც გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებს აერთიანებთ. მედიკოსების დაუდევრობა- დაღუპულთა ნათესავები ხელს ექიმებისკენ იშვერენ. პრეტენზიები დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაახმოვანეს. ეს ვიდეომასალა 26 წლის ნათია ჩაგანავას ყველაზე ბედნიერ ბოლო წუთებს ასახავს. კადრები კომატოზურ მდგომარეობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ ნათიამ შვილის ხელშ აყვანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ამის მიზეზად კი ექიმების დაუდევრობას ასახელებს. ჯემალ ჩხაიძე ამბობს, რომ მედისებმა სპინარული ანესთეზიის გაკეთება 2 ჯერ უშედეგოდ სცადეს, რის გამოც აუციელებელი საკეისრო კვეთა გახდა. კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად მედიკოსების დაუდევრობას ასახელებენ ელიზა ჩხაბაშვილის ახლობლებიც. ლია ლომთათიძის თქმით, 51 წლის ქალი მედცენტში თირკმლის შეტევით მოათავსეს. მისივე მტკიცებით, მკურნალობის ნაცვლად მხოლოდ გამაყუჩებელი გაუკეთეს და სახლში გაწერეს. ჰოსპიტალში მეორედ მიყვანის შემდეგ კი გარდაცვლილს მხოლოდ გადასხმა გაუკეთა, რის შედეგადაც იგი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ელიზა ჩხაბაშვილის შვილის მტკიცებით, ამ დროს სამედიცინო დაწესებულებაში მორიგე ექიმიც არ იმყოფებოდა. 6 წლის ანრი ბერიძე, 2017 წლის 11 მარტს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში მიიყვანეს. გარდაცვლილის დედა ირწმუნება, რომ ექიმებმა მოზარდს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, მოზარდის თბილისში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მკურნალობა დაგვიანებული იყო. 6 წის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებიც ხელს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის მედიკოსებისკენ იშვერენ. ირწმუნებიან, რომ საბას დღის განმავლობაში 5 ლიტრ სისხლს უსხამდნენ, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. თემურ გაბაიძემ 2017 წელს კურორტ გოდერძიზე ქალატვინის მძიმე ტრავმა მიიღო. მკურნალმა პაციენტს ჭრილობა გაუკერა და ისტორიაში ინტოქსიკაცია მიუთითა. მდგომარეობის გართულების შემდეგ რეფგერალურ საავადმყოფოში გადამოიყვანეს, თუმცა არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საქმეეების გამოძიების მოტივით კომისიის შექმნას ითხოვენ. პრეტენზიები დღეს ჯანდაცვის მინისტრთნ შეხვედრაზე გაახმოვანეს, სადაც მედიკოსების კვალიფიკაცია ევქვეშ დააყენეს და თქვეს, რომ ექიმების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებში ნაცნობობით საქმდებიან, შედეგად კი ადამიანები იღუპებიან. დაღუპული პაციენტების ოჯახებს იურდიულ კონსულტაციას საია გაუწევს. მხარეებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უნდა შემდგარიყო, თუმცამედიის დასწრება გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა მოითხოვეს. გუშინ იგივე მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს.
---
15.04.2019
„ცალი ფეხი მოკვეთეს, მეორე ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა“ – 64 წლის ნუნუ შარიქაძეს დახმარება ესაჭიროება
64 წლის ნუნუ შარიქაძეს დიაბეტი აწუხებს. ორი თვის წინ მას ცალი ფეხი მოკვეთეს, ხოლო მეორე - ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა. ახლა ეს ხანდაზმული ქალი საწოლს არის მიჯაჭვული. კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. ნუნუ შარიქაძის გვერდით კიდევ ერთი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი წევს, მისი მეუღლე, 72 წლის ფრიდონი. 8 წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ვერ გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, უჭირს ყლაპვა და საშინლად იტანჯება. ჯანდაცვის სამინისტრომ ნუნუ შარიქაძეს უარი უთხრა ინსულინით მომარაგებაზე და აჭიანურებს ამ ავადმყოფი ქალის სახელმწიფო პროგრამაში ჩასმას. ჩვენ ვესაუბრეთ ნუნუ შარიქაძეს: -როგორ მოხვდით თბილისში? ნუნუ შარიქაძე: ზესტაფონის რაიონში ვცხოვრობდით. 20 წლის წინ გავყიდეთ იქ სახლი და გადმოვედით თბილისში. ავაშენეთ ბარაკის ტიპის სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოიქცეს. გვეგონა, რომ დედაქალაქში ავაწყობდით ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩემი მეუღლე პროფესიით არის მძღოლი, შოულობდა, როგორც იტყვიან, 2 კაპიკს, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მძიმე სენით დაავადდა. -თქვენ როდის დაგისვეს დიაბეტის დიაგნოზი? ნუნუ შარიქაძე: რამდენიმე წლის წინ, ნერვიულობის ნიადაგზე... -შვილები გყავთ? ნუნუ შარიქაძე: ერთი ბიჭი მყავს. იგი ახლა 46 წლისაა. სამსახური ვერსად იშოვა. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე ერთდღიანი სამუშაო - ან რამეა დასანგრევი ან გადასატანი, მეტი არაფერი... -ოჯახი ჰყავს? ნუნუ შარიქაძე: დიახ. უფროსი გოგო 3 წლისაა, ხოლო მეორე 9 თვის. იგი დღენაკლული დაიბადა და დღემდე საავადმყოფოში წევს. -რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს? ნუნუ შარიქაძე: პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ამ ფულით მედიკამენტს და ელემენტარულ საკვებს ვყიდულობთ. -ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოს როდის მიმართეთ ინსულინის თაობაზე? ნუნუ შარიქაძე: 3 კვირის წინ იყო ჩემი რძალი მისული. უთხრეს, რომ დამატებით რაღაც დოკუმენტები არისო შესაგროვებელი. არ მესმის რატომ აჭიანურებენ და მაწვალებენ... -ვინ გეხმარებათ? ნუნუ შარიქაძე: ჩერნოვეცკის ფონდის გარდა არავინ გვეხმარება. ჩვენ ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნუნუ შარიქაძე: დიდი მადლობა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად ამყოფოს კეთილი ადამიანები! ახლა მთელი ჩემი გონება ავადმყოფი შვილიშვილისკენაა მიმართული... ვოცნებობ ნორმალურ საცხოვრებელზე, ჩემი შვილის ოჯახის ბედნიერებაზე... მეგობრებო, ნუნუ შარიქაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. მის ოჯახს უაღრესად უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას და მის მეუღლეს დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი! თქვენ შეგიძლიათ მათ დახმარება აღმოუჩინოთ და ტანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუნუ შარიქაძე).
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11965
გრიპის ვირუსის სტატისტიკა აჭარაში
2019 წლის პირველი ორი კვირის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა აჭარაში 2,5-ჯერ გაიზარდა. მე-3 კვირიდან კი დაიწყო კლება, და აპრილში შემთხვევათა რაოდენობა, სეზონის დასაწყისის მონაცემებს მიუახლოვდა. აჭარაში ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობა კვირის განმავლობაში 84-ია, რაც საერთო ჰოსპიტალიზაციის 7,4%-ს შეადგენს. 2019 წლის მე-14 კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 80-ს შეადგენს წლების სეზონების მიმდინარეობისაგან განსხვავებით მაჩვენებლის კლება ე.წ. „მეორე ტალღის“ გარეშე მოხდა.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ra-momemata-am-khnis-ganmavlobashi-tslebis-garda
"რა მომემატა ამ ხნის განმავლობაში, წლების გარდა?!"
"წლებია, რაც დახმარებას და ყურადღებას ვითხოვ მთავრობისგან. ბევრჯერ დაიწერა კიდეც გაზეთებში ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. იქნებ, რამე მოახერხოთ და გააგებინოთ ამ მთავრობას, რომ სირცხვილია, ჩემი ხნის ადამიანს დახმარება შეუწყვიტო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვო", _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრები 100 წელს მიტანებული მარტოხელა დიანოსე წულაძე, რომელმაც "გურია ნიუსს" უკვე მეორედ მომართა დახმარებისა და სოციალურ სააგენტოსთან შუამდგომლობის თხოვნით. საქმე ისაა, რომ მოხუცი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან იყო რეგისტრირებული, თუმცა, 2017 წელს, ბოლო გადამოწმებისას, მის მიერ მიღებული ქულა აცდა საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს და შესაბამისად, სოციალური დახმარებაც შეუწყდა. მაშინ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ კომენტარში ბენეფიციარისთვის შემწეობის მოხსნის არგუმენტად სოციალური სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაასახელა, რომ წულაძეს დეკლარაციაში უფიქსირდებოდა მცირე საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთი, მცირედი დანახარჯი კომუნალური გადასახადებისთვის და რომ მოხუცი იღებდა ასაკობრივ პენსიას, რაიმე ქრონიკული დაავადება ან შშმ-ს სტატუსი არ ჰქონდა, სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი პაკეტით და ჰყავდა გარეთ მცხოვრები შვილები, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად მიიჩნეოდნენ. სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში კი ამბობდნენ, რომ თუ იქნებოდა წარმოდგენილი დიანოსე წულაძის მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100, შეიძლებოდა კორექტირების შეტანა. თუმცა, ირკვევა, რომ კორექტირების შეტანა არ მოხერხდა და აგერ მესამე წელია, მარტოხელა მოხუცი, რომელსაც მართლაც გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, სოციალური შემწეობის გარეშეა დარჩენილი. როგორც უბნის ექიმთან საუბრისას გავარკვიეთ, ავადმყოფობის იმ კრიტერიუმებს, რასაც სოციალურ სააგენტოში წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100 ითვალისწინებს, დიანოსე წულაძე ვერ აკმაყოფილებს, მიუხედავად ასაკისა და მძიმე სოციალური პირობებისა, ის არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და არც რაიმე სახის ქრონიკული დაავადების მატარებელი. დიანოსე წულაძის თქმით, სანამ დახმარების მიღება შეუწყდებოდა, მასთან ახალგაზრდა მამაკაცი იყო მისული სოციალური სააგენტოდან, ხელი მისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოაწერინა და სწორედ ეს ხელმოწერა გახდა დახმარების შეჩერების საბაბი. "სახლში ვიყავი. მანქანა გაჩერდა, უცნობი ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჭიშკართან, ეზოში არც შემოსულა, ისე მომაწერინა რაღაც ქაღალდებზე ხელი. მობრძანდით,-მეთქი, _ შემოვიპატიჟე სახლში, მაგრამ უარი თქვა. მითხრა, რომ სოციალური სააგენტოდან იყო და რაღაც ფურცლებზე უნდა მომეწერა ხელი. მაჩვენე, რას უნდა მოვაწერო ხელი,-მეთქი, _ ვუთხარი. _ შენ ხელი მომიწერე უბრალოდ, მეტი არაფერი არაა საჭიროო. ასეც მოვიქეცი _ მოვაწერე ხელი. გავიდა დღეები და აღმოჩნდა, რომ შემწეობა, რომელსაც ათ წელზე მეტია ვიღებდი, მომიხსნეს. თურმე, სოციალურ აგენტს შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. აღმოუჩენიათ, რომ დიდი ქონების პატრონი ვყოფილვარ და იქეთ შემეძლო სხვებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის სამართალი?! გამაგებინონ მაინც, ასაკის გარდა, რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?! გადასამოწმებლად რომ მოვიდეთ, ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინეო, მითხრეს, მაინცდამაინც ავადმყოფი და ლოგინად ჩავარდნილი უნდა ვიყო რომ დამეხმარნონ? საუკუნეს მიტანებული კაცი რომ აუტანელ პირობებში რომ ვცხოვრობ, ეს არაფერია?! რაც ეს სოციალური შემწეობა არსებობს, იმ დღიდან მოყოლებული ვიღებდი დახმარებას და ამ ხნის მანძილზე გარდა ასაკისა, არაფერი შემმატებია. რა მოხდა, რის გამო მომემატა ქულა და დახმარება მომიხსნეს, არ ვიცი. სოფელში ყველა მიცნობს და ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა. 97 წლის ვხდები უკვე, არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს რომ ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული. 40 წელი იქნება, დაახლოებით, რაც მეუღლე გარდამეცვალა, იმის შემდეგ გამოვეყავი შვილს და ცალკე დავსახლდი. მარტოხელა მოხუცს სახლში ხეირიანი არაფერი მაქვს. მთელი ჩემი სიმდიდრე ერთი საწოლი, ერთი ძელსკამი და ერთი მაგიდაა. მეტს ვერაფერს ნახავთ ჩემს სახლში. ვისაც არ სჯერა, მოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს", _ გულისტკივილს ვერ მალავს სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოხუცი. "გურია ნიუსი" საუკუნეს მიტანებული მოხუცის საკითხთან დაკავშირებით ამჯერადაც დაუკავშირდა სოციალური სააგენტოს, სადაც გვპასუხობენ, რომ დიანოსე წულაძის ოჯახის განმეორებითი შეფასება 2019 წლის 13 ივლისიდანაა შესაძლებელი: "ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო "ოჯახის დეკლარაცია" (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 76 900 ერთეულით. "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით, დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 2019 წლის 13 ივლისიდან. ამავე დადგენილების შესაბამისად, ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო, ასევე ოჯახის წევრზე თუ იქნება წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა 1V-100", _ წერია სოციალური სააგენტოდან მიღებულ წერილში.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/70550
ენერგეტიკოსები ენერგო-პრო ჯორჯიას მთავარ ოფისთან აქციას აანონსებენ
ენერგოპრო ჯორჯიას" თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ენერგეტიკოსებმა დამსაქმებლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 5-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდაა, თუმცა მოთხოვნებს შორისაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაც. „2007 წლიდან დღემდე ხელფასების მატება ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუმცა სამუშაო ტექნიკურ პერსონალს დაახლოებით გაუსამმაგდა. ასევე გაზრდილია სამუშაოს მოცულობა. ძალიან ბევრი დასაქმებული ტოვებს სამსახურს და საქმის გადანაწილება დარჩენილ დასაქმებულებზე ხდება. ამასთან, არ გაიცემა ზეგანაკვეთური ანაზღაურება, არის ძალიან დაძაბული გრაფიკი, რამაც 2018 წელს ძალიან ცუდი შედეგი დადო და ათ თვეში, ყოველ თვე ზედიზედ მიყოლებით ათი გარდაცვლილი გვყავდა. ძალიან სამწუხარო არის, რომ მხოლოდ 2018 წელს მოეგო "ენერგოპრო ჯორჯიას" ადმინისტრაცია გონს და შექმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი", - განაცხადა "ენერგოპრო ჯორჯიას" პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა. საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, სახელფასო სხვაობა მენეჯმენტსა და ელექტრიკოსებს შორის ძალიან დიდია. "ვითხოვთ, ხელფასების 50%–იან ზრდას. ქვეყენაში არსებულ ენერგო ობიექტებთან მიმართებაში "ენერგოპროს" თანამშრომლებს აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი. მაგალითად, ელექტრიკოსებს, რომლებიც ძირითადად ასრულებენ მთავარ სამუშაოებს, მათ აქვთ სადღაც ხელზე ასაღები 650-670 ლარი, მაშინ, როდესაც ყველა ენერგეტიკულ ობიექტებზე 1000-1100 ლარია ხელფასის ოდენობა. მეორე უმთავრესი მომენტი გახლავთ ის, რომ ძალიან დიდი სხვაობა არის მაღალ მენეჯმენტსა და დაბალ, ასე ვთქვათ, ანაზღაურებად ძირითად სამუშაოზე დასაქმებულ პირებს შორის", - განაცხადა ამირან ზენაიშვილმა.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/356616/
მშენებლობაზე, სადაც მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ, სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია
შენობაზე, სადაც ადამიანები მე-4 სართულთან ისე ღებავდნენ გარე ფასადს, რომ შენობაზე დამაგრებულები არ ყოფილან, სიმაღლეზე სამუშაოები დროებით გაჩერებულია. მშენებელმა ხარაჩოების უსაფრთხოებაზე საექსპერტო დასკვნა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სამუშაოს გაგრძელების უფლება ექნება. სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ნეტგაზეთმა 11 აპრილს მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართა. მას შემდეგ, მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობაზე არსებულის ხარვეზების ნაწილი გამოსწორდა. 15 აპრილისთვის სამშენებლო ობიექტს, იმ მხარეს, რომლის ფასადსაც ღებავდნენ, უკვე შემორტყმული აქვს სამშენებლო ბადე, რასაც მტვრისა და სხვადასხვა ნივთების სამშენებლო ტერიტორიის გარეთ მოხვედრის თავის ასარიდებლად ჰკიდებენ ხოლმე; ბადეს გარკვეულწილად მუშების გადმოვარდნისგან დამცავი ფუნქციაც აქვს. ობიექტთან ახლა უკვე გაკრულია ბანერი, რომელზეც წერია, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს და ვინ ასრულებს მას, რაც აქამდე გაკრული არ ყოფილა. გაკრულია უსაფრთხოების მოთხოვნებიც — რომ აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის ჩაცმა, ჩაფხუტის დახურვა და ამრეკლი ტანსაცმელი. როგორც ზედამხედველობის სამსახურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, კომპანიას ასევე დაავალეს ხარაჩოებზე საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა (რომელიც უნდა აჩვენებდეს, რამდენად სწორად/უსაფრთხოდ არის ხარაჩოები მოწყობილი); სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ანუ სანამ კომპანია ხარაჩოებზე დასკვნას არ წარმოადგენს, სამუშაოების განახლების უფლება არ აქვს. რა შენობაა? შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან ახლოს, ლუი პასტერის #7-ში მდებარეობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ეკუთვნოდა. წლების წინ აქ იყო განთავსებული სააგენტო “ინფო 9″. „ქართუმ“ შენობა 2018 წელს მიჰყიდა კომპანია „1920-ს”. ახლადგარკულ ბანერზეც სამუშაოების დამკვეთად „1920“ ფიქსირდება, სამუშაოების ფუნქცია არსებული საოფისე შენობის რეკონსტრუქციაა. მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურს აქვს გაცემული 6 თებერვალს. მშენებლობის დაწყების თარიღადაც 6 თებერვალია მითითებული, ხოლო დასრულების თარიღად — 6 აგვისტო. შენობა 22.3 მეტრის სიმაღლისაა. თუმცა უშუალოდ სამუშაოებს აწარმოებს არა „1920“, არამედ დაქირავებული კომპანია „ჯიემელი“. ამ კომპანიის თანამფლობელი და დირექტორი იგივე ადამიანია, ვინც „1920“-ის 25%-იან წილს ფლობს — ლევან გეგეშიძე. შპს „1920“, რომელიც შენობის ამჟამინდელი მფლობელია, 2018 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. მისი 25-25%-იანი წილები აქვთ მოქალაქეებს, გიორგი როინიშვილსა და ლევან გეგეშიძეს; 50%-იან წილს კი კომპანია „თბილი სახლი“ ფლობს. „თბილი სახლი“ 2001 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 60%-ს ლევან და მალხაზ კურტანიძეები ფლობენ, დანარჩენ 40%-ს კი- რუდოლფ ნაზაროვი. ამ კომპანიას, მათი საიტის თანახმად, ნამუშევარი აქვს ქუთაისის პარლამენტის, 112-ის, „ბარამბოს“, „კარფურის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და სხვა მრავალ შენობაზე. მუშაობის სფერო მოიცავს მექანიკური (გათბობა-ვენტილაცია), წყალგაყვანილობის, ამწე-სატრანსპორტო, ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემების გაყვანას. შეესწარით შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას? მოგვწერეთ! თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ. თუკი ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ან ვერ მოახერხეთ, უბრალოდ, მოგვწერეთ სამშენებლო ობიექტის მდებარეობა/მისამართი. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შესაძლო დარღვევებს როგორც მშენებელთან, ისე ზედამხედველ ორგანოებთან. ნეტგაზეთს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ფეისბუქზე ინსტაგრამზე ტვიტერზე იმეილზე: info@netgazeti.ge ტელეფონის ნომერზე: 0322 94 26 42; ამასთან, შეგიძლიათ თვითონაც დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. თუ ობიექტი, სადაც სავარაუდო დარღვევას დაინახავთ, დედაქალაქში მდებარეობს, შეგიძლიათ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდეთ. შრომის ინსპექციის დეპარტამენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე, ან ნომერზე: 15 05 თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0322 72 22 22
---
15.04.2019
„ფეხებზე კიდიხარ ყველას, მონა ხარ და მორჩა!" - როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებს?
---
15.04.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=74259
"კარფურის" კონსულტანტი: 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. მენეჯერი კი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, გვესაუბრება როგორც მონებს
ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს - ასეთი შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრ კარფურის თანამშრომელი ავრცელებს. თანამშრომელი ადმინისტრაციას მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ მას ხშირად შესვენების დროს არ აძლევენ. "ისთფოინთის კარფურის სასმელების სექციის მონაკონსულტანტი გწერთ, მთელი სექციის სახელით. ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს, 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. ხშირად მენეჯერი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, აქვს უხეში და უტაქტო მიმართვები, თითქოს რომ გელაპარება ამაზეც მადლობა უნდა უთხრა, ერთხელ გავუბედეთ და ვუთხარით რომ მასზე ზემდგომს გავესაუბრებოდით, პასუხად მივიღეთ, რომ თუ გავბედავდით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგამდით და ვინმეს რამეს ვეტყოდით, ისე გაგვყრიდა სუყველას რომ ვერცერთ კარფურში როგორც მომხმარებელიც ვერ შევიდოდით. ბევრი პრომოები და მერჩენდაიზერები არიან სასმელების სექციაში, მათთანაც ანალოგიურ ურთიერთობაშია, პრომოებს ეკაიფება, მასხრად იგდებს, ყოველდღე ახსენებს, თუ ისე არ მოიქცევიან როგორც მას სურს, სამსახურებს დაკარგავენ, რეკავს მათ დამსაქმებელ კომპანიებში და ტყუილებს უყვება, რითიც - ან აკარგვინებს სამსახურს ისედაც 20ლარზე მომუშავე ბავშვებს, ან დღის ხელფასს აკლებინებს. ჩვენ საერთოდ ზედ გვივლის ძაღლად არ გვაგდებს რადგან კარფურის თანამშრომლებს, იცის გვიჭირს და ვერსად წავალთ... ბარმენების უფროსებს ურეკავს და იგონებს ვითომ ადრე გავიდნენ სამსახურებიდან და რავთქმავუნდა ისინიც დაუზარელად ლანძღავენ მოჯამაგირეს. გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა კარფურს და დაგვეხმაროთ. ჩვენ შრომა არგვეზარება, ამ ადამიანის გარეშე მშვიდ ვითარებაში მუშაობა გვინდა. - წერს კონსულტანტი.
---
15.04.2019
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/70558
საქსტატი – ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში დაახლოებით 361 ლარია, ოთხსულიანის – 321
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარს და 20 თეთრს შეადგენს. საქსტატის მონაცემების თანახმად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარი, სამსულიანის - 288 ლარი, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარია. ცნობისთვის: საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. მისი გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს.
---
ბეჭდვითი მედია
16.04.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
World Health Organization "ჯანმოს" სკანდალური დასკვნა საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით ევროპაში მესამე ადგილზეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში "ჯანმრთელობის მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით. ამის შედეგად გამოწვეული სიკდილიანობა კი ყველაზე მაღალია პოსტსაბჭოთა სივრცეში - ყოველ 100 ათას ადამიანზე ერთი. დღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჰაერთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების მთავარ ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი მოითხოვს საქართველოსგან 2023 წლის ბოლოსთვის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ექვს მთავარ დირექტივასთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი და ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთელ რიგ საკითხებში ავალდებულებს. "მწვანე ალტერნატივის" ანგარიშის მიხედვით საქართველოში ჰაერის ხარისხსი მართვის კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანია და კუს ნაბიჯებით მიდის. მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნა - რომ საქართველომ შეიმუშავოს გოთენბურგის ოქმის რატიფიცერების გეგმა, სრულად განახორციელოს გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მათ შორის, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და საჯარო ტრანსპორტის სექტორის განვითარების კუთხით - არ არის შესრულებული. "მწვანე ალტერნატივის" ანგარიშის მიხედვით შეფასებულია, რომ შეწონილი ნაწილაკების 65%-ს გამოაფრქვევს სამრეწველო სექტორი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ რუსთავში, კასპში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში ჰაერი სერიოზულად ბინძურდება სამრეწველო ობიექტებიდან. მაგალითად, ზესტაფონში ფერაშონადნობთა ძველი ქარხნის მიზეზით MNO2-ის კონცენტრაცია ხუთჯერ აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ კონცენტრაციას. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის ("თბილისში სატრანსპორტო სექტორის მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების ეფექტიანობა 2016-2017 წლებში") თანახმად, განხორციელებული ზომები არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სირთულეებს. სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 წლის ანგარიშში საგანგებოდ არის აღნიშნული ჰაერის ხარისხის სექტორში არსებული რეგულაციების არასაკმარისობა და ასევე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების არარსებობა.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სიღარიბის დაძლევაში არანაირი წინსვლა არ არის
"ყველაზე მძაფრი ინდიკატორი მიგრაციაა. არ მეგულება ოჯახი, რომლის წევრი ან ძალიან ახლობელი ემიგრანტი რომ არ იყოს"... ბოლო 10 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი სწორედ სიღარიბის მატება გახდა, რასაც მთელი სამთავრობო ეკონომიკური გუნდი შეეწირა. ეკონომისტები ამბობენ, რომ კვირიკაშვილის მმართველობის შემდეგ, მხოლოდ გვარები შეიცვალა, ეკონომიკა მხოლოდ ლარში გაანგარიშებულ ციფრებში იზრდება, ხალხი კი გაჭირვებიდან ვერა და ვერ ამოდის. იუნისეფ-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა, ღარიბთა რიცხვმა კი 124 ათასი კაცით მოიმატა. თავის დროზე, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა და ჭარბვალიანობა დასახელდა. შეიძლება ითქვას, შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც გამოიხატება სამომხმარებლო ბაზრის სიძვირეში, ლარის გაუფასურებასა და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სიმცირეში. მართალია, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ რამდენად შეცვლის ეს ვითარებას, ძნელი სათქმელია. შეიზღუდა ფულის მიწოდება, თუმცა მოთხოვნა არ შეცვლილა. შესაბამისად, მოსახლეობამ კერძო გამსესხებლებთან გადაინაცვლა, სადაც პირობები ბევრად კაბალურია. გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. სამთავრობო ცვლილებების მიზეზად ქცეული "ენდიაის" კვლევა კი, რომელმაც ყოფილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აღაშფოთა და მინისტრთა კაბინეტის ცვლილება გადააწყვეტინა, სამოქმედო გეგმად არ ქცეულა. ყოველ შემთხვევაში, ეს ეფექტი მოსახლეობას ჯერ ისევ არ უგრძვნია. "ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენელი გია ჯანდიერი ამბობს, რომ არც ბოლო 7 წლისა და არც 10 თვის განმავლობაში ეკონომიკა არ გაზრდილა. ამას მოწმობს დოლარში გაანგარიშებული საშუალო ხელფასი, მშპ და სავაჭრო ბალანსი, რომელიც იგივე ან უფრო ნაკლებია 2012 წელთან შედარებით. "შეიძლება, ლარში ხელფასი ნამდვილად იზრდება, თუმცა დოლარში გადაანგარიშებული იკლებს კიდეც. არ მგონია, რომ ამას ვინმე ვერ ამჩნევდეს. მე, მაგალითად, როცა მაღაზიაში შევიდვარ, დახლზე მუდმივად გაძვირებული პროდუქტი მხვდება. ახლახან საწვავის ფასმა მოიმატა, ასევე - სატელეფონო მომსახურებამაც. ერთადერთი, რაც არ გაზრდილა, საქალაქო ტრანსპორტის ფასია და ისიც დამაზარალებელია, რადგან მძღოლები იძულებული არიან, უფრო დაბალი ხარისხის საწვავი გამოიყენონ, ეს კი ისევ ხალხის ჯანმრთელობას ურტყამს. 2012 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი იყო 740 ლარი, რაც დაახლოებით 450 დოლარს შეადგენდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ანაზღაურება მაშინდელზე ბევრად მეტია ლარში გადაანგარიშებით, ამ ნიშნულს ვერც კი ვუახლოვდებით, გაუმჯობესებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მშპ-იც ასეა, 12 მლრდ-ია დოლარებში და თუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ საქართველოში შემომსვლელი რომელიმე ინვესტორი ლარში ნახულობს მონაცემებს, უბრალოდ, სასაცილოა. ყველაზე მძაფრი ინდიკატორი კი მიგრაციაა, არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, ძალიან ახლობელი მაინც ემიგრანტი არ ჰყავს. ამ ყველაფერს იწვევს ფასადური ცვლელებები და ბოლო წლებში ერთგვარ გასართობად, აზარტად ქცეული რეგულაციები, რომელიც მუდმივად იზრდება და ხელს უშლის ბიზნესს. ბოლო 7 წლისა და ბოლო 10 თვის მანძილზეც ერთი და იგივე საკითხი დგას, ეს არის პრობლემის შეუმჩნევლობა, იგნორი და ლოზუნგებით საუბარი", - აცხადებს ჯანდიერი "ბინზეს-რეზონანსთან". მუდმივად ვიქნებით მოჯადოებულ წრეში, სანამ ქვეყანა რეალური სექტორის განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული. ასეთია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის მოსაზება. ეკონომისტის აზრით, ცვლილებებს მარტოოდენ გვარების შეცვლა ვერ გამოიწვევს. "ქვეყანაში გვაქვს ფინანსური სისტემა, რომელიც არც კვირიკაშვილისა და არც ბახტაძის დროს აწყობილა და საერთოდ, არც ამ ხელისუფლების დროს. ცხოვრების დონის გაუარესება დაიწყო დაახლოებით 2005-06 წლიდან, როცა ეკონომიკაში ფინანსების მიწოდების ერთადერთ საშუალებად საბანკო სისტემა გადაიქცა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოდელი, როცა ეკონომიკური განვითარება მოკლევადიანი ეფექტების გამოყენებით ხდებოდა. რეალურად ეკონომიკის განვითარება საბანკო სისტემას გადააბარეს, ხოლო კერძო ინტერესი ყოველთვის მოკლევადიანია. წლების განმავლობაში, ძირითადად იმპორტი ფინანსდება და ახლაც ასე ხდება. ნორმალური ეკონომიკა რომ გვქონდეს, ფულიც აქ უნდა დარჩეს და პროდუქტიც. ეს დამოკიდებულება თუ არ შეიცვლება, შედეგს ვერასდროს ვიგრძნობთ და სიტუაციის შეცვლა შეუძლებელი გახდება. კვირიკაშვილის მთავრობას არ ესმოდა, რომ კერძო ინტერესი ეკონომიკას ვერ დაძრავდა. წარმოუდგენელია, საფინანსო ბიზნესმა ეკონომიკა განავითაროს. არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. ბიზნესმა შეიძლება, ქვეყანას გარკვეული მომსახურება შესთავაზოს, მაგრამ ამაზე შორს არ მიდის. მუდმივად ვიქნებით მოჯადოებულ წრეში, სანამ ქვეყანა რეალური სექტორის განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კუკულაძემ.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
რა კომპენსაციას მიიღებენ უბედური შემთხვევით გარდაცვლილი მუშების ოჯახები?
კომპანიები მინიმალურ პაკეტებს იძენენ და როცა შემთხვევა დადგება, ოჯახს იმდენად ცოტა თანხა ერგება, უხერხულია, მას კომპენსაცია ეწოდოს... შრომის უსაფრთხოების დაზღვევა დასაქმებულების ინტერესებს ვერ იცავს. კანონმდებლობაში უკვე იმდენად ბევრი ხარვეზი დაგროვდა, რომ სახელმწიფოს თითქმის თავიდან უწევს კანონპროექტზე მუშაობა, რომ საბოლოოდ დაკორექტირდეს და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს. პირველი სექტემბრიდან საქართველოში შრომის დაცვის შესახებ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებს. მართალია, ამ ტიპის დაზღვევა რეალურად 1-ლი იანვრიდან მოქმედებს, მაგრამ ხარვეზების გამო მან დამსაქმებლები და სადაზღვევო კომპანიები ძალიან კრიტიკულად განაწყო. როგორც ჩანს, კანონმდებლობის ხარვეზი მთავრობამაც გააცნობიერა და უბედური შემთხვევის დაზღვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება 1-ლი სექტემბრიდან შევა. აყველაზე მეტი კრიტიკა უკავშირდება სადაზღვევო პაკეტებს, რომლებიც იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ ოჯახებს რისკებისაგან ვერ აზღვევს, მინიმალური კომპენსაციის გამო კი დაზარალებული ოჯახები შეიძლება, კიდევ უფრო გაღარიბდნენ. როგორც სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ, კომპენსაცია არ არის ღირსეული და ვერ აგვარებს პრობლემას, რის წინაშეც ოჯახი მარჩენალის დაკარგვის შემდეგ შეიძლება, აღმოჩნდეს. მაგალითისათვის, კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში" ამ ეტაპზე დაზღვეულია 1 300 კომპანია და აქედან 90%-ს მინიმალური პაკეტი აქვს შეძენილი, რაც ნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამო დაზარალებული ან მისი ოჯახი მიიღებენ ასევე მინიმალურ კომპენსაციას, რომელიც მათ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე აცხადებს, უბედური შემთხვევის დადგომის დროს კანონი, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს. მისი შეფასებით, კანონმა უნდა დააწესოს მინიმალური ზღვარი უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პაკეტზე, რაც იქნება ღირსეული და აიძულებს კომპანიებს, შეიძინონ ისეთი პაკეტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულს მნიშვნელოვან თანხას აუნაზღაურებს და ოჯახებს გაღარიბებისაგან დაიცავს. "დღესდღეობით დაზღვევის თანხის ლიმიტი ცოტა გაურკვეველია და დამოკიდებულია იმაზე, თითოეულ კომპანიას რა პირობები აქვს ბაზრისათვის შეთავაზებული. ერთიანი პირობები არ არსებობს. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კონსულტაციებში, სამთავრობო გუნდთან ერთად და ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, პირობების დაზუსტებასა და გაუმჯობესებას ვითხოვდით. მართალია, გამოთქმული შენიშვნები გაიზიარეს, მაგრამ კანონმდებლობაში ჯერჯერობით არ აისახა. რამდენადაც ცნობილია, მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და პირობები საბოლოოდ დაზუსტდება, რათა დამსაქმებელს მინიმალური პაკეტების შეძენის საშუალება არ მიეცეს. ყველა ცდილობს, ხარჯი არ გასწიოს, თანაც ძალიან მცირე თანხაზეა საუბარი. მაგალითად, ერთი საშუალო კომპანია წელიწადში 322 ლარს გვიხდის ყველა თანამშრომლის დაზღვევაზე. როცა შემთხვევა დადგება, 5000 ლარი იმდენად ცოტა თანხაა, რომ უხერხულია, კომპენსაცია დაარქვა. ერთია ტრაგედია, რომ გარდაიცვალა ადამიანი და მეორეა ფაქტი, რომ ოჯახი მარჩენალის გარეშე რჩება და კიდევ უფრო მძიმდება მისი სოციალური მდგომარეობა. ჩვენ ვითხოვდით, რომ კომპენსაციამ შეადგინოს მინუმუმ 5-10 წლის ხელფასის ოდენობის თანხა და განისაზღვროს 60 ათასი ლარით, ხოლო ინვალიდობის შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანს ხელფასის მიღების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რაც ღირსეული კომპენსაცია იქნება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბესიკ ფესტვენიძე. კომპანიების პათოსს იზიარებენ სადაზღვევო ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ კომპანიების მიერ იაფად შეძენილი დაზღვევის პაკეტი სინამდვილეში თითქმის არაფერს ფარავს და ოჯახებს რისკისაგან ვერ იცავს. ამიტომ ერთიანი სტანდარტი დაწესდეს, რომელიც თანხის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს. "თავის დროზე მთავრობამ არ მოითხოვა კონკრეტული პროდუქტის აღწერილობა და კანონს არ დაურთო. შესაბამისად, მეწარმეების უმეტესობამ ფორმალურად შეასრულა ეს ვალდებულება, ფაქტობრივად, არაფრის დამფარველი პროდუქტები ძალიან იაფად იყიდეს. წელს რამე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს საწარმოებში, დაზღვევას, თუნდაც ნაყიდი იყოს, ეფექტი არ ექნება. მალე მთავრობა დაადგენს, რა შემთხვევაში რა ტიპის დაფარვა უნდა ჰქონდეთ: სიკვდილის, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში და სხვა. ეს ყველაფერი იქნება გაწერილი, გამოვა ნორმატიული აქტის სახით და შემმოწმებელი არა მარტო ნახავს, შეძენილი აქვს თუ არა მეწარმეს დაზღვევა, არამედ გაეცნობა შინაარსსაც, რამდენად შესაბამისობაშია კანონთან. ველდოებით, რომ ხარვეზი გამოსწორდება", - ამბობს ხეჩინაშვილი. უბედური შემთხვევის დაზღვევის პაკეტში, ტარიფების გარდა, ყურადღებას იქცევს ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხიც. ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ბრალეულობის ფაქტორი საერთოდ შეიძლება, მოიხსნას. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ სექტემბრამდე უნდა განისაზღვროს დაზღვევის ლიმიტის ზღვარი, რითაც ბიზნესი დააზღვევს თანამშრომლებს. კვლევა დაწყებულია და გაწერილი იქნება ყველა პირობა, რომლებიც უნდა უზრუნველყოს ბიზნესმა. "კანონმდებლობა საბოლოოდ რეალურად მორგებული იქნება საქართველოს პირობებზე, მაგრამ, ამავდროულად, საერთაშორისო ევროპულ პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, ფაქტია, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა დამსაქმებლის ან დასაქმებულის დაუდევრობით ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ბრალეულობის გარეშე მიიღოს სარგებელი და ვფიქრობთ, რისკები ამ მიმართულებითაც იქნება დაზღვეული. 1-ლი სექტემბრიდან საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა და განისაზღვრება მინიმალური ლიმიტები", - აცხადებს ფერაძე. სადაზღვევო ინდუსტრია მოლოდინშია, რომ ხარვეზი გამოსწორდება და მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების მწარმოებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდათ, რაც დაზღვეულებს ღირსეული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეც აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი კომპენსაცია გაიცეს, რომელიც იქნება ადეკვატური და ხელს შეუწყობს მკურნალობის ხარჯის დაფარვასა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენას ოჯახისთვის. "მეორე მხრივ, დაზღვევის ლიმიტი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვეს. ოქროს შუალედის დაჭერაა აუცილებელი. რამდენადაც ვიცი, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია. ვადა კანონში ამასთან დაკავშირებით განსაზღვრულია. კანონის აღსრულებაზე კონტროლი აქვს შრომის ინსპექციას, ხოლო დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმაც თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ზოიძემ.