მიზნობრივი ტესტირება არის მოწყვლად ჯგუფებში და მაღალი რისკის არეალში ეპიდემიოლოგების მიერ მასობრივი ტესტირების განხორციელება, შემთხვევათა დროული აღმოჩენისა და დაავადების გავრცელების დროული აღკვეთის მიზნით.
ერთი მხრივ, მიზნობრივი ტესტირება ხორციელდება იმ არეალში, სადაც ერთდროულად დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, დადგინდა კონტაქტების დიდი რაოდენობა, შიდა გავრცელების დიდი რისკია და ტერიტორიას მიენიჭა მაღალი რისკის სტატუსი. ამ არეალში ცხადდება კარანტინი, ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უტარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება.
მეორეს მხრივ, მიზნობრივი ტესტირება ხორციელდება მოწყვლად ჯგუფებში (მაგ. პოლიცია, სამედიცინო პერსონალი), ვინაიდან მათ აქვთ ყოველდღიური და ახლო კონტაქტი მაღალი რისკის კონტიგენტთან. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება სტანდარტული ეპიდკვლევა კონტაქტების აქტიური გამოვლენის მიზნით და ასევე, ხორიელდება მათი ტესტირებაც.
მსგავსი ტიპის ჯგუფებში ტესტირება სასურველია ჩატარდეს ყოველ 14 დღეში ერთხელ, Covid -19 ინკუბაციის პერიოდიდან გამომდინარე.
ორივე შემთხვევაში მიზნობრივი ტესტირება ცალსახად პრევენციის ის ტიპია, რომლის მიზანია შესაბამის მოწყვლად ჯგუფებში (მაღალი რისკის ჯგუფებში) დაავადებათა დროული გამოვლენა და გავრცელების სწრაფი შეზღუდვა.
ამასთან, ვინაიდან, პირველ შემთხვევაში ამ ტიპის ტესტირება ტარდება შემთხვევების დადგომისთანავე, ხოლო მოწყვლად ჯგუფებში ძირითადად, 14 დღეში ერთხელ, ლოგიკურად ეს გამოიწვევს შემთხვევათა პერიოდულ "მკვეთრ" მატებას, დინამიური რაოდენიბრივი მატებისგან განსხვავებით.
ამ ყველაფერზე გამოდიან და სამარცხვინო, აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები - “ღიმილიანი საქართველოს“ ავტორები და ხან მკურნალობის მეთოდებს უწუნებენ ექიმებს და ხან ტესტირების პროტოკოლს უსაზღვრავენ ეპიდემიოლოგებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლო აღიარებს საქართველოს წარმატებას Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კითხვა - რატომ ამოქმედდა 27 აპრილიდან ეკონომიკის გახსნის და შეზღუდვების მოხსნის გეგმის პირველი ეტაპი იმ ფონზე როდესაც დღეში გვაქვს 29 დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა?
- ჩვენ თანმიმდევრულად, სწორედ ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე ვახორციელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, გახსნის პირველი ეტაპის გადავადება არ მოხდება, რადგან დღეს დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ეს შემთხვევები დაკავშირებულია ჩვენს მიერვე გამოვლენილ კონტაქტებს შორის, ამ შემთხვევაში ვითარება კონტროლირებადია და იზოლირებული.
- ამასთან, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს პროცესი მუდმივად კონტროლის ქვეშაა და ნებისმიერ დროს, ქვეყანაში გავრცელების მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.