• ყველას კარგად გვესმის, რომ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სიფრთხილით და ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და დღემდე მიღწეული პოზიტიური შედეგების გაქარწყლება.
• შეზღუდვების მოხსნა და ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის დაშვება მოხდება ეტაპობრივად. ეტაპებს შორის პერიოდი იქნება საშუალოდ 2 კვირა.
• ამ გეგმის ეფექტური განხორციელება დამოკიდებული იქნება თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით და ზედმიწევნით დავიცავთ დადგენილ წესებსა და რეკომენდაციებს.
• პირველი ეტაპის დაწყება იგეგმება 27 აპრილიდან იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. რაც შეეხება ყოველ მომდევნო ეტაპს, მისი დაწყება, როგორ უკვე აღვნიშნე, დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
• ამასთან, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული შეზღუდვები და სანქციები.
• ძალზედ მნიშვნელოვანია ყველა სავალდებულო წესის და რეკომენდაციის დაცვა, რათა ეფექტურად მოხდეს წარმოდგენილი გეგმის განხორციელება, თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება და შევძლოთ ეკონომიკის სწრაფად ამოქმედება.
1. პირველ ეტაპზე დაიშვება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება. ასევე დაიშვება ყველა ტიპის საბითუმო და საცალო ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და იმ ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, რომლებსაც გავლილი აქვთ შემოწმება და აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.
2. მეორე ეტაპზე დაიშვება მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების საქმიანობა სრულად, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი. ასევე, შეზღუდვები მოიხსნება სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირებაზე.
3. მესამე ეტაპზე დაიშვება ყველა ტიპის საცალო და საბითუმო მაღაზიების ოპერირება (მოლების გარდა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ყველა ტიპის ღია ბაზრობის საქმიანობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა;
4. მეოთხე ეტაპზე დაიშვება სავაჭრო მოლების და ღია ტიპის კვების ობიექტების ფუნქციონირება, სადაც ასევე უკვე დაშვებული იქნება ადგილზე მომსახურება; ასევე ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მომსახურება;
5. მეხუთე ეტაპზე დაიშვება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ასევე ყველა ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ადგილზე მომსახურება;
6. მეექვსე ეტაპზე, დაიშვება შემდეგი საქმიანობები: ყველა ტიპის გასართობი/სპორტულ-გამაჯანსაღებელი/შემოქმედებითი საქმიანობა/ობიექტები, მათ შორის კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, აუზები, დაბადების დღის ცენტრები, საბავშვო გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნესი და ა.შ. ასევე დაიშვება სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.
• ყველა ეკონომიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სავალდებულოა დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვა, მათ შორის, დისტანცირების, სადეზინფექციო საშუალებების, პირბადის და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა. აღნიშნულის შემოწმება მოხდება შესაბამისი სამსახურების მიერ. შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.