From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : წერილი
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 18.03.2019 10:55
Attachments :

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრს,

ბ-ნ დავით სერგეენკოს

 

 

ასლი              მინისტრის მოადგილეს,

ბ-ნ გიორგი წოწკოლაურს

 

 

ბატონო დავით,  

 

მოგახსენებთ, რომ ადრე თქვენ და ბ-ნ გიორგი წოწკოლაურს მოგმართეთ არგუმენტირებული წერილებით, სადაც მოგახსენეთ, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის (შემდგომში ცენტრი) ახალი შენობის ასაშენებლად საპროექტო სამუშაოების დაწყების ძალიან დაგვიანებული მცდელობის მიუხედავად, ცენტრი იძულებული იქნება უახლოეს მომავალში შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ვერ მოხერხდა სულ ცოტა ორი პრობლემის მოგვარება:

 

·         უმოკლეს დროში მიღწეული იქნას „ავერსი-ფარმასთან“ შეთანხმება ცენტრის დღევანდელ ტერიტორიაზე სულ ცოტა სამი წლით დატოვების თაობაზე. ამასთან, აუცილებელია სერიოზული შეთანხმება და არა ცალკეული პრობლემის ერთჯერადი და/ან მოკლევადიანი მოგვარება სიტყვიერი შეთანხმებით.  

 

·         გადაუდებლად ჩატარდეს ყველაზე უფრო სასიცოცხლოდ აუცილებელი სარემონტო და აღჭურვითი სამუშაოები, კერძოდ ბოქსირებული კორპუსის რემონტი და ინვენტარით აღჭურვა, სამრეცხაოს რემონტი და აღჭურვა, ერთ-ერთი (HCV ელიმინაციის პროგრამის) კორპუსის დაზიანებული სახურავის შეკეთება (რასაც ჯამში დამატებით 500 ათასი ლარი სჭირდება).

 

სამწუხაროდ, სამინისტროდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

 

არადა, სადღეისოდ შექმნილია ახალი, წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელს ხდის ცენტრის შემდგომ საქმიანობას. კერძოდ, თუ აქამდე შპს „ავერსი-ფარმას“ მხრიდან მუდმივად განვიცდიდით ზეწოლას და შევიწროვებას, მაგრამ მუშაობის საშუალებას მაინც გვიტოვებდა, ახლა უკვე კატეგორიულად გვიცხადებენ, რომ ცენტრს საერთოდ აღარ აქვს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება და ასევე კატეგორიულად გვიკრძალავს „ნებისმიერ სახის სამუშაოების განხორციელებას“ და უპირობოდ მოითხოვს ა.წ. 1 ივლისამდე მთლიანად დავცალოთ სადღეისოდ დაკავებული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები (შპს „ავერსი-ფარმას ა.წ. 29 იანვრის და 14 მარტის წერილები თან ერთვის). როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხზე შპს „ავერსი-ფარმამ“ ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებსაც მიმართა.   

 

კონკრეტულად, შპს „ავერსი-ფარმამ“ იძულებით (დაცვის სამსახურის გამოყენებით) გვაიძულა შეგვეწყვიტა ე.წ. „ემერჯენსის“ და კომპიუტერული ტომოგრაფის კაბინეტის მოწყობის უკვე დაწყებული სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები.  კატეგორიულად გვიკრძალავს  სამრეცხაოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს, ერთ-ერთ კორპუსში (HCV ელიმინაციის კორპუსი) დაზიანებული სახურავის (საიდანაც წყალი ჩამოდის) შეკეთებას, ბოქსირებული კორპუსის კოსმეტიკურ რემონტს და სხვ., რის გარეშეც ცენტრი ფუნქციონირებას ვერანაირად ვერ შეძლებს. რა აზრი აქვს სამინისტროს მიერ ცენტრისთვის ე.წ. „ემერჯენსის“ მოსაწყობად საჭირო აპარატურის (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფის) შესაძენად თანხის გამოყოფას, თუ შპს „ავერსი-ფარმა“ მათი მოწყობის უფლებას არ გვაძლევს. ან როგორ უნდა ვიმუშავოთ სამრეცხაოს გარეშე, ან როგორ უნდა ვიმუშავოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე შენობაში, სადაც წყალი ჩამოდის, ან როგორ უნდა ვუმკურნალოთ აივ/შიდსით, წითელათი და სხვა გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ასობით და ათასობით ავადმყოფს ბოქსირებულ კორპუსში, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია, სავენტილაციო სისტემა არ ფუნქციონირებს და კანალიზაციაც კი გამართულად არ მუშაობს. როდემდე უნდა ვატაროთ შიდსით, მენინგიტით და სხვა გადამდები და მძიმე ინფექციებით ავადმყოფები სხვადასხვა კვლევებისათვის მთელ ქალაქში? და ასე უსასრულოდ.     

 

უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვეყნისთვის შექმნილი პრობლემების განსაკუთრებული მნიშვნელობა და სასწრაფოდ განიხილოთ შპს „ავერსი-ფარმასთან“ შეთანხმების მიღწევის საკითხი. აგრეთვე, ცენტრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და გადაუდებელი სარემონტო და აღჭურვითი სამუშაოებისათვის დამატებით 500 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი.  თუ სამინისტრო ამის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს ან ვერ შესძლებს, მაშინ გთხოვთ უმოკლეს დროში მოახდინოთ ცენტრის პაციენტების შესაბამისი გადანაწილება, რათა ისინი არ დარჩნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე. პირველ რიგში ეს ეხება აივ/შიდსით პაციენტებს (4 000-ზე მეტი პაციენტი - როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული), მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს, წითელათი ავადმყოფებს და სხვ.      

 

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის ბოლოს ცენტრის მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, რომელმაც აქტიურად დაიწყო. 2018 წლის მარტში ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ შენობა უმოკლეს დროში აშენდებოდა, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი გაჩერდა და მხოლოდ ა.წ. იანვარში განახლდა. ჩვენს კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული 2018 წლის მარტიდან 2019 წლის იანვრამდე სრული უმოძრაობა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ (მინისტრის მოადგილე, მგფ-ს ხელმძღვანელობა) განაცხადეს, რომ  სამუშაოებს ჯანდაცვის მინისტრის თანხმობისა და ნების გარეშე ვერ დაიწყებდნენ და ასეთი თანხმობა და ნება მხოლოდ 2019 წლის იანვარში იქნა გამოხატული. გვაქვს კითხვა - მანამდე დაკარგულ ხუთ წელს რომ თავი დავანებოთ, რატომ დაკარგა ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ 9 თვე? რა უშლიდა, რომ ზუსტად ის, რისი კეთებაც 2019 წლის იანვარში დაიწყო, 2018 წლის აპრილში მაინც დაწყებულიყო? ეს ხომ  ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებდა დღევანდელ მდგომარეობას?             

 

პატივისცემით,  

 

 

თენგიზ ცერცვაძე

გენერალური დირექტორი

პროფესორი

 

P.S. ბატონო მინისტრო! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ცენტრი იმყოფება, უპრეცედენტოა. ერთი მხრივ, გვევალება სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ ავადმყოფთა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე და საშიშ კონტინგენტს, მეორე მხრივ - ეს უნდა ვაკეთოთ ასეთი საქმიანობისთვის მინიმალურზე მინიმალურად აუცილებელი პირობების (მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც) არქონის პირობებში  და ამ დროს კიდევ მფლობელი კატეგორიულად გვიკრძალავს ნებისმიერ სამუშაოებს და უფრო მეტიც, ჩვენს მიერ დაკავებული უძრავი ქონებით სარგებლობას. უმორჩილესად გთხოვთ სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ მოვიქცეთ.