საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030179859204818

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/20642 11 / აპრილი / 2018 წ.    
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარეს
ქალბატონ ეკატერინე სისაურს


ქალბატონო ეკატერინე,

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის 27 მარტის N01/17924 წერილიდან გეცნობათ, შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ" (სურამი, რუსიას ქ. N12) განხორციელდა სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შემოწმება. გამოვლინდა, რომ დარღვეულია ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების  ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N385 დადგენილების 2(1) დანართის 13 პუნქტის მოთხოვნა. მათ შორის, დაწესებულების ინფრასტრუქტურა (სამკურნალო კორპუსი, სამზარეულო, საშხაპე, სამრეცხაო, აფთიაქი და სხვა) საჭიროებს კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სანიტარული კვანძების ნაწილი დაზიანებულია, უხეშად ირღვევა პაციენტთა, სამედიცინო პერსონალის პირადი ჰიგიენის, თეთრეულის რეცხვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს (სანებართვო პირობების დარღვევების გამო, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№000440) და ჩაბარდა სასამართლოს).

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, შპს ,,ალ. ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ (ახლანდელი შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"), შემოწმებულ იქნა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები. გამოვლენილი დარღვევების გამო, დაწესებულების მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დაწესებულება, სასამართლოს მიერ, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა საჯარიმო სანქცია). დარღვევების გამოსასწორებლად, განსაზღვრულ იქნა გონივრული ვადა. თუმცა, დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, რაც დადასტურდა 12-13 მარტს განხორციელებული შემოწმებით. 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ" (სურამი, რუსიას ქ. N12), მართვის გაუმჯობესებისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, 2018 წლის 14 მარტს დაინიშნა წარმომადგენელი ბატონი სპარტაკ ბუკია. გიგზავნით სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევების თაობაზე და მის მიერ შემუშავებულ გასატარებელი ღონისძიებების გეგმას (იხ. თანდართული ფაილები).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში განთავსებული კლინიკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გადაუდებელი ღონისძიებების წარმებით განხორციელების მიზნით, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს  ბატონი ვახტანგ ამირანაშვილი და გთხოვთ, აღნიშნულ თანამდებობაზე განიხილოთ ბატონ სპარტაკ ბუკიას კანდიდატურა.

 

პატივისცემით,

 

მინისტრის მოადგილე
მაია ლაგვილავა