| From : | Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge> |
| To : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თაობაზე |
| Received On : | 15.11.2018 13:22 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო თენგიზ,
მინისტრის 3 ოქტომბრის ბრძანებით, თქვენი ცენტრის საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის კომპეტენციების განსაზღვრა, მინისტრის მოადგილის ბატონი გიორგი წოწკოლაურის დაქვედებარებაშია გადასული. თქვენი თანხმობით, თქვენს მიერ გამოგზავნილ მეილს, ვუგზავნი ბატონ გიორგის შემდგომი რეაგირების და კომუნიკაციის მიზნით.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: Sunday, November 11, 2018 11:06 AM
To: Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>
Subject: Fwd: ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თაობაზე
ქალბატონო მაია,
ჩვენი წერილი საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააცნოთ ნებისმიერ პირს.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
---------- Forwarded message ---------
From: Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Date: Sun, Nov 11, 2018 at 9:50 AM
Subject: ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თაობაზე
To: <mlagvilava@moh.gov.ge>
Cc: <d.bibilashvili@gmail.com>, Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
ქალბატონო მაია,
მოგესალმებით. სან ფრანცისკოში ვართ AASLD-ს კონფერენციაზე. 11 ნოემბერს მე პრეზენტაცია მაქვს, ხოლო ნიკას და კაკის სასტენდო მოხსენებები.
შოთა გოგიჩაიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბ-მა დავით ბიბილაშვილმა უთხრა, რომ სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით ცენტრის აღჭურვილობისთვის მხოლოდ 1 მილიონი ლარის გამოყოფა გადაწყდა და სასწრაფოდ საჭირო იყო ამ თანხის შესაბამისი ახალი ჩამონათვალის მიწოდება. შოთას ძლიერ ცაიტნოტში, დაფიქრების და კონსულტაციების გარეშე მოუწია პასუხის გაცემა (იმეილით). თუმცა შემდეგ მალევე დაურეკა ბ-ნ დავითს და სთხოვა, რომ ეს ნაჩქარევი პასუხი არ განეხილათ და დალოდებოდნენ ცენტრის დაზუსტებულ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ადრე წარმოვადგინეთ განაცხადი მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის და „ემერჯენსის“ ასამოქმედებლად გადაუდებლად საჭირო აპარატურასა და აღჭურვილობაზე, რამაც ფასთა მოკვლევით 1 990 000 ლარი (მინიმალური ფასით) შეადგინა. შემდეგში (თქვენთან საუბრის შემდეგ) კიდევ წარმოვადგინეთ დამატებითი 330 000 ლარის განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, ჩინური საგრანტო პროექტით ჩვენ 5 მილიონი აშშ დოლარის აპარატურა და აღჭურვილობა უნდა მიგვეღო, ამიტომ ის, რაც ახლა წარმოვადგინეთ, მისი მხოლოდ მცირე ნაწილია - დაახლოებით 1/5 ან 1/6. სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით გამოყოფილი 1 მილიონი ლარი კი მხოლოდ იმისთვის იქნება საკმარისი, რომ შევიძინოთ ან მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის ან მხოლოდ „ემერჯენსისთვის“ საჭირო აღჭურვილობა. რადგან ორივე ეს კომპონენტი ჩვენთვის თანაბრად მწვავეა, შეიძლება ითქვას საციცოცხლოდ აუცილებელია, ამიტომ ჩვენ არჩევანს ვერ გავაკეთებთ და შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. სამინისტრომ თავად გადაწყვიტოს რას შეიძენს ჩვენთვის და რას არა.
შესაძლოა, სამინისტროს ამჟამად მართლაც არა აქვს მეტის საშუალება, მაგრამ ეს ჩვენ არაფერს გვშველის. როცა ჰქონდა და ვალდებული იყო, მაშინ უნდა გაეკეთებინა. ჩვენ რომ ჩვეულებრივი და არა უკიდურესად დისკრიმინირებული სამედიცინო დაწესებულება ვიყოთ, მაშინ სამინიტროს საერთოდ არ ექნებოდა ჩვენს მიმართ არავითარი მატერიალური ვალდებულება და ნებისმიერი, თუნდაც მცირედი დახმარებისათვის ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვიქნებოდით, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა. ყველა წინაპირობის და სამთავრობო გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად 6 წლის მანძილზე არ აგვიშენეს შენობა, დაგვიკარგეს (2013 წელს) პირადად ჩვენი ძალისხმევით გლობალური ფონდიდან სპეციალურად მშენებლობისთვის მოპოვებული 4.5 მილიონი ევრო, დაგვიკარგეს ბიუჯეტიდან ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარი (2013-2014 წწ), და ეს მაშინ, როცა იმ წელს სამინისტრომ 200 მილიონი ლარი ვერ აითვისა (დაუხარჯავი დარჩა), არ მოგვცეს ცენტრის აღჭურვისათვის განკუთვნილი ე.წ. „კორეის გრანტი“ (5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის). როგორც ჩანს დიდი ალბათობით ვკარგავთ ე.წ. „ჩინურ გრანტსაც“ (5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის). ყველაფერმა ამან უდიდესი ზიანი მიაყენა არა მარტო ცენტრს და პაციენტებს, არამედ მთელ ქვეყანას. ყველაფერი ეს მოხდა სამინისტროს გამიზნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ახლა ერთი ან თუნდაც რამოდენიმე მილიონი ლარის გამოყოფა ცენტრის აღჭურვისათვის, ყველაფერ ზემოთაღნიშნულთან შედარებით ზღვაში წვეთია და მხოლოდ მცირედი კომპენსაცია თუ იქნება. სხვათაშორის, ბ-ნ მინისტრი, ალბათ ერთადერთია სახელისუფლებო ელიტაში, რომელიც დღევანდელ სიტუაციაშიც კი არანაირ სინანულს არ გამოხატავს მომხდარის გამო და მცდელობაც კი არა აქვს, რომ კრიტიკულად შეაფასოს ან გადააფასოს თავისი დამოკიდებულება კონკრეტული პიროვნებებისა და სამსახურების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამაზე არავითარი მინიშნება არ შეგვიმჩნევია. გადასაფასებელი კი ძალიან ბევრია. ერთ დროს ყველაზე წარმატებული და დღესაც ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო სამედიცინო დაწესებულება ექვსი წლის მანძილზე მიყვანილია განადგურების პირას, ექვსი წლის განმავლობაში ცენტრის თანამშრომლებს მუშაობა უწევდათ პირდაპირი მნიშვნელობით „ჯოჯოხეთურ“ პირობებში, „ჯაყოს ხიზნების“ როლში, ხოლო ათასობით პაციენტი იძულებული იყო სამედიცინო მომსახურება მიეღოთ ძალიან ცუდ, ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში და მკვეთრად გაუარესებული ხარისხით. ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების რისკები და საქართველო, რომელიც ერთ დროს ყველა მაჩვენებლით საუკეთესო იყო აღმოსავლეთ ევროპაში (რასაც მოწმობს თუნდაც 2009 წელს ჩვენთვის მოცემული ჯანმოს უმაღლესი ჯილდო - Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი), ახლა შეტანილია აივ/შიდსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში, რისი დასტურიც იყო ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის მიწვევა ქ. ამსტერდამში ე.წ. „ოროსანი ქვეყნების“ მინისტერიალზე (ამ შეხვედრის თაობაზე ჩვენ ინფორმირებულიც კი არ ვყოფილვართ და მხოლოდ უცხოელებისგან შევიტყვეთ). ნიშანდობლივია, რომ ტოპ-პრიორიტეტის მქონე HCV ელიმინაციის პროგრამაც კი ვერ ასცდა სერიოზულ რყევებს და ჩავარდნებს.
სხვათაშორის, ჯანდაცვის მინისტრის არაერთგზის საჯარო განცხადებების მიუხედავად, აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზებით, დღემდე არ არის დაწყებული ცენტრის არათუ მშენებლობა, არამედ საპროექტო სამუშაოებიც კი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ ფერხდება გაუთავებლად სამუშაოების დაწყება, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერის გამოსაცხადებლად ელოდებიან საბოლოო „დაბროს“ მიღებას ჯანდაცვის სამინისტროდან (უკვე მერამდენედ). ჩვენ არ ვიცით, მართალია ეს, თუ არა, მაგრამ ყველაფერი ეს უკვე ძალიან ტრაგიკომიკურია. კიდევ ერთი - როგორც გადმოგვცეს, სამინისტროს კომისიის ერთ-ერთ წევრს უთქვამს, რომ ცენტრისთვის კომპიუტერული ტომოგრაფის შეძენა სრულიადაც არ არის აუცილებელი?! დღეს, როდესაც სოფლის საავადმყოფოებიც კი არ მუშაოებენ კომპიტერული ტომოგრაფიის და MRI-ის გარეშე, როგორ უნდა იმუშაოს კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე ცენტრმა, რომელიც სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომსახურებას უწევს 5 000-ზე მეტ აივ/შიდსით ავადმყოფს, რომელთა სულ ცოტა ნახევარზე მეტს აქვს ონკოლოგიური პათოლოგია და/ან ტუბერკულოზი. ჩვენ ამ ავადმყოფების ისევე, როგორც სხვა მძიმე და საშიში ინფექციებით ავადმყოფების, კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის ტარება გვიწევს ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში?! რაც ყველა თვალსაზრისით, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაუშვებელია და ნონსენსია. იმ კომისიის წევრს, რომელმაც ეს თქვა, ეს როგორც ჩანს არ ესმის, ან არ ანაღვლებს. როგორ შეიძლება ასეთი პიროვნება სამინისტროს ხელმძღვანელობაში იყოს. სხვათაშორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობამ სწორედ „ემერჯენსის“ და კომპიუტერული ტომოგრაფიის არქონის საბაბით, ცენტრს დაუწესა სანქციები და ბლოკადა და გასცა მითითება, რომ ყველა ავადმყოფი (რა თქმა უნდა, შიდსის და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გარდა, რომელსაც ვერ მოუვლიან) მიიყვანონ შპს „ავერსის“ კლინიკაში, მაშინაც კი თუ ავადმყოფი თავად ითხოვს ჩვენთან მოთავსებას და მხოლოდ ე.წ. „სეფსისის ცენტრში“ ადგილის არქონის შემთხვევაში მოიყვანონ ჩვენს ცენტრში.
ბოდიშს გიხდით ზედმეტად ემოციური წერილისათვის, მაგრამ ძალიან გამწარებულები ვართ.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის განაცხადი არაერთხელ გვაქვს წარმოდგენილი და სამინისტრომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რას შეიძენს და რას არა.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე