მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, აიკრძალა ქ. თბილისსა და რეგიონებს შორის (რიგ ქალაქებში) თავისუფალი გადაადგილება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა მკურნალობის უწყვეტობის და მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ჯანმრთელობის პროგრამების დაცვის დეპარტამენტი -C ჰეპატიტის სამმართველო ანხორციელებს სხვადასხვა აქტივობებს.
ქ. მარნეულში და ქ. ბოლნისში მცხოვრები ბენეფიციარების კუთვნილი მედიკამენტები გამოიტანილ იქნა ქ.თბილისის შესაბამისი დაწესებულებებიდან და გადაეცა (მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების თანხლებით) ზემოაღნიშნულ ქალაქებში სააგენტოს ფილიალებს, სადაც წარმატებით განხორციელდა მათი სრული დარიგება. (სულ 103 პაციენტი).
მედიკამენტები წარმატებით მიეწოდათ საკარანტინო სივრცეებში (სასტუმროებში) მოხვედრილ ბენეფიციარებს ქ. ბათუმში, კახეთში-სოფ. იყალთოში, დაბა ბაკურიანში, თბილისის და ზუგდიდის სასტუმროებში (7 შემთხვევა).
მოგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში, როდესაც სხვადასხვა რაიონებში დარჩენილი მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ თავიანთ სამკურნალო დაწესებულებებში ვიზიტს და წამლის აღებას, ვხელმძღვანელობთ, "C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის N169-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით (N245,2020 წელი), რომლის თანახმად: ა) "პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიებების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით; ბ) პროგრამის ბენეფიციარებზე (მ.შ. იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით" (ძალაშია 1 მარტიდან).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მედიკამენტის მისაღებად, ვახდენთ პაციენტების პროგრამულ რეფერალს კლინიკიდან კლინიკაში. მაგალითისთვის: თუ, ქ. რუსთავის მკვიდრი მედიკამენტს იღებდა ქ. თბილისში, შესაძლებელობას ვაძლევთ, კუთვნილი მედიკამენტი აიღოს ქ. რუსთავში მდებარე პროგრამის მიმწოდებელში. (მედიკამენტის აღების შემდგომ, ვაბრუნებთ (პროგრამულად) საწყის დაწესებულებაში, სადაც მოგვიანებით ჩაიტარებს გამოკვლევებს).
ამ ეტაპზე, ყველა დაწესებულებაშია მედიკამენტების სარეზერვო მარაგები, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ მსგავსი რეფერალები.
ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, სხვა შემთხვევები, შესაძლებელია დარეგულირდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან "საქართველოს ფოსტის" სერვისის გამოყენებით და ასევე მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებული წესის გათვალისწინებით.
პატივისცემით,
თამარ კავთელაძე
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო