| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | Re: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 19.12.2019 19:59 |
ქალბატონო თამარ,
ბატონო ზაზა,
ბატონო გიორგი,
ქალბატონო თინათინ,
მოგესალმებით.
ჩვენი ცენტრის პრობლემებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს.
გუშინ, ა.წ. 18 დეკემბერს შპს „ავერსი-ფარმამ“ გამოგვიგზავნა მორიგი წერილი, რომელშიც ულტიმატური ფორმით ითხოვს, რომ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში (2020 წლის 2 იანვრამდე) დავცალოთ კორპუსი, რომელშიც განთავსებულია ცენტრის რეანიმაცია, ნეიროინფექციების განყოფილება და პლაზმაფერეზის ბლოკი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ სარეკონსტრუქციო სამუშოებს და იხსნიან პასუხისმგებლობას ჩვენი უძრავი და მოძრავი ქონების დაზიანებაზე. ავადმყოფებს არც ახსენებენ (რადგან არ აწყობთ), არადა სადღეისოდ რეანიმაციაში მკურნალობს რვა ავადმყოფი, ხოლო ნეიროინფექციების განყოფილებაში - ექვსი ავადმყოფი, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტებით და მენინგოკოკცემიით. „ავერსმა“ თარიღები სავარაუდოდ შეარჩია იმ გათვლით, რომ საახალწლოდ, როგორც წესი, სტაციონარში პაციენტების მინიმალური რაოდენობა რჩება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სამრეცხაოს შენობის შემთხვევაში მათ თავისი ულტიმატუმი შეასრულეს და „შერჩათ“, დიდი ალბათობით, ახლაც ასე მოიქცევიან. სამრეცხაოს დანგრევამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ რეანიმაციის დაცლა უპირობოთ ნიშნავს ცენტრის საქმიანობის შეჩერებას. ამიტომ, თუ სამინისტრო „ავერსთან“ შეთანხმებას არ ან ვერ ახერხებს, მაშინ დროზე უნდა ვიცოდეთ, რათა ამ კორპუსში არსებული პაციენტები სადმე (სხვა საავადმყოფოში) გადავიყვანოთ, ხოლო დანარჩენი პაციენტები ოფიციალურად გავაფრთხილოთ, რომ ცენტრი საქმიანობას წყვეტს. ასევე უნდა ვიცოდეთ, ეს ხმამაღალი პროტესტის გარეშე ჩავატაროთ, თუ გავაპროტესტოთ. პროტესტის რესურსი გვაქვს, მაგრამ თავს ვიკავებთ, სანამ ჯერ კიდევ არსებობს საკითხის მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ჩვენი სარეცხის დროებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეცხვაზე შეპირებას, აქედან არაფერი არ გამოვიდა, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო თავიდან შეგვპირდა, მაგრამ შემდეგ უარი გვითხრა, რადგან მათ სიტყვებით იმ სამრეცხაოში, სადაც ისინი თავიანთ სარეცხს რეცხავენ, რაღაც დანადგარები გაფუჭდა და თავიანთ სარეცხსაც კი ვერ რეცხავენ (მართლა ასეა თუ არა, ღმერთმა იცის). ამიტომ ფორსმაჟორულ რეჟიმში გვიწევს თეთრეულის რეცხვა სხვა სამრეცხაოში ტენდერის გარეშე, რითაც ვარღვევთ შესყიდვების კანონს და სერიოზული სასჯელის საფრთხის ქვეშ ვართ. ესეც რომ არ იყოს, როგორც გავარკვიეთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს მართლაც რომ შეესრულებინა სამინისტროს თხოვნა და თავისი დანაპირები, მაშინაც მათ მიერ ჩვენთვის სარეცხის უფასოდ რეცხვას სამართლებრივად ვერც ჩვენ და ვერც ისინი ვერ გავამართლებდით. ამიტომ, საჩქაროდ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, რასაც დრო სჭირდება. გარდა ამისა, წინასწარი გათვლებით სარეცხის რეცხვა წელიწადში 30-35 ათასი ლარი დაგვიჯდება, რისი საშუალებაც არა გვაქვს, რადგან ისედაც თითქმის ყველა პროცედურის გაკეთება (მაგ. რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევები) ცენტრის გარეთ გვიხდება და მთელი ჩვენი შემოსავალი ამაზე მიდის, რის გამოც ცენტის ექიმების ხელფასი (შიდსის გარდა) თვეში 400 ლარია. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო (სამინისტრო) ჩვენზე „ექსპერიმენტებს ატარებს“, რასაც შვიდი წელია ვუძლებთ, მაგრამ დიდხანს ვეღარ გავუძლებთ. ამიტომ თუ „ავერსთან“ შეთანხმება მოხდება, ამ შეთანხმებაში სხვა პუნქტებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნას შეტანილი პუნქტი, რომ დანგრეული შენობის სანაცვლოდ გამოგვიყონ 30 კვ. მეტრამდე ფართი რომელიმე შენობაში, სადაც სამრეცხაოს მოვაწყობთ (თუ მანამდე ეზოში დაყრილი დანადგარები არ გაფუჭდა). ასეთი ფართი მათთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს (მაგ. აფთიაქის კორპუსის პირველ სართულზე) და ადრე გვთავაზობდნენ კიდეც, მაგრამ ახლა უარზე არიან, რადგან ყველანაირად ცდილობენ „ჟანგბადი გადაკვიკეტონ“.
ერთი რამ ცხადია. თუ აქამდე მართალია გაუსაძლის პირობებში, მაგრამ მაინც ვმუშაობდით, რაც ქმნიდა იმის ილუზიას, რომ „არაფერი გვიჭირს“ და შეიძლება ასე უსასრულოდ გაგრძელდეს, ახლა დადგა მომენტი, როცა რაღაც გადაწყვეტილება რეალურად უნდა იქნას მიღებული, რადგან რეანიმაციის კორპუსის დაცლა ცალსახად „წითელი ხაზია“.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ქალბატონო თამარ,
ბატონო ზაზა,
ბატონო გიორგი,
ქალბატონო თინათინ,
მოგესალმებით.
მინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი დამატებითი ინფორმაცია და მოსაზრება.
დღეს შპს „ავერსი-ფარმამ“ სამრეცხაოს პირველი სართულის კედელიც გამოანგრია და იქ განთავსებული ჩვენი კუთვნილი ნივთები გამოიტანეს გარეთ და დააწყვეს ეზოში. ჩვენ ვთხოვეთ გამოეყოთ ალტერნატიული ფართი (30 კვ.მ-მდე) რომელიმე შენობაში, რასაც ადრე გვპირდებოდნენ, მაგრამ ახლა უარი გვითხრეს. ჩვენ არ ვიცით, პროცედურულად რამდენად ჰქონდათ ჩვენი ნივთების გამოტანის უფლება სასამართლოს და აღმასრულებლის გარეშე, მაგრამ გამოვიძახეთ პატრული, რომელმაც დააფიქსირა ფაქტი და შეადგინა ოქმი, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, ჩვენი თანხმობის გარეშე გამოიტანეს და დაალაგეს ეზოში (სადაც შეიძლება დაზიანდეს, ან მოიპარონ).
ამ მომენტში ყველაზე მწვავედ რჩება სუფთა თეთრეულის საკითხი, რომლის მარაგიც კიდევ 1-2 დღე გვეყოფა. გუშინ შეხვედრაზე მოგახსენეთ, რომ ისედაც ყველაფრის ტარება ცენტრის გარეთ გვიხდება და სარეცხის სხვაგან რეცხვასაც ვერ შევძლებთ. ამასთან როგორც გავარკვიეთ, ძალიანაც რომ გვინდოდეს, შესყიდვების კანონი არ გვაძლევს უფლებას, რომ სარეცხის რეცხვის ხელშეკრულება ვინმეს გავუფორმოთ ტენდერის გარეშე. ამას კი, როგორც მოგეხსენებათ დრო სჭირდება.
როგორც ბატონმა გიორგი წოწკოლაურმა მასთან შეხვედრის დროს მითხრა (თუ არ ვცდები ა.წ. 29 ნოემბერს), სამრეცხაოს შენობის ნგრევის დაწყებასთან დაკავშირებით სატელევიზიო სიუჟეტების გასვლის შემდეგ მას აეროპორტიდან დაუკავშირდა ბ-ნი პაატა კურტანიძე და უთხრა, რომ ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე (ა.წ. 8 დეკემბერს) შეხვდებოდა სამინისტროს ხელმძღვანელობას და მოახერხებდნენ, ან ყოველ შემთხვევაში შეეცდებოდნენ შეთანხმების მიღწევას. ჩვენი გუშინდელი შეხვედრისას ამაზე არაფერი თქმულა. თუ არის რაიმე მოძრაობა ამ მიმართულებით?
ბ-ნ პაატა კურტანიძეს არაერთგზის აქვს ნათქვამი, რომ ის უფრო იოლად იფიქრებდა ტერიტორიის დაცლის გადავადებაზე, დარწმუნებული რომ იყოს, რომ სახელმწიფო მართლა აგვიშენებს შენობას. ამაში კი მხოლოდ მაშინ დარწმუნდება, თუ ეს მშენებლობა მართლა დაიწყება. როგორც გუშინდელ შეხვედრაზე მოგახსენეთ, ბ-ნი დავით სერგეენკო (რომელიც მთავარი დამნაშავეა ცენტრის განადგურებაში) თავისი მინისტრობის ბოლო თვეებში ძალიან დიდ აქტიურობას იჩენდა ცენტრის მშენებლობის დასაწყებად. თითქმის ყოველდღე იმართებოდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ პროექტი რაც შეიძლება ჩქარა გაკეთებულიყო, ხოლო მშენებლობა პროექტის დამთავრებამდეც კი დაწყებულიყო (ა.წ. ოქტომბერში) და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ ბ-ნი კურტანიძეც უფრო იოლად დათანხმდებოდა გადავადებას, მაგრამ ბოლო 7 თვის მანძილზე ამ მხრივ ყოველგვარი აქტიურობა (როგორც ჯანდაცვის, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან) პრაქტიკულად შეწყდა და ასე განსაჯეთ, საპროექტო „Apex Studio 1”, რომელსაც ხელშეკრულებით პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დაემთავრებინა, ჯერ სანახევროდაც კი არა აქვს საქმე გაკეთებული და სულაც არ დარდობს ამაზე. თავის მხრივ ამაზე არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარდობს და გვამშვიდებს, რომ საპროექტოს ხელშეკრულებას გავუგრძელებთო. ჩვენ კი პირიქით მიგვაჩნია, საპროექტოს ხელშეკრულება კი არ უნდა გაუგრძელონ, უნდა შეუწყვიტონ და თან ასეთი შემთხვეევბისთვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები უნდა დააკისრონ. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მთავარი დამკვეთი, ამას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ისევ უსასრულოდ გაიჭიმება.
როგორც შეხვედრაზე მოგახსენეთ, ბოლო 7 წლის მანძილზე ქვეყნის, ისევე როგორც ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პრაქტიკულად ყველა მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელი საჯაროდ გვპირდებოდა, რომ შენობას უმოკლეს დროში აგვიშენებდნენ, მაგრამ რეალურად არცერთს არაფერი არ გაუკეთებია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არცერთ სტრუქტურას რეალურად არა აქვს გააზრებული ჩვენი ცენტრის საჭიროება ქვეყნისთვის და ყველა შეპირებებს მხოლოდ ჩვენს (ცენტრის კოლექტივის) გასაგონად და დასამშვიდებლად აკეთებს.
ჩვენ, ბუნების ყველა კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, წლების მანძილზე როგორღაც ვახერხებდით უპრეცედენტოდ მძიმე პირობების მიუხედავად დაგვედო აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მკურნალობის და გადარჩენის აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო შედეგები და თავიდან აგვეცილებინა უხერხულობა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ამჟამად მთლიანად ამოვწურეთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა, როგორც საქმიანობის გაგრძელების, ისე სახელმწიფოსთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და პროცესების შემდგომი განვითარება ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე