მედიამონიტორინგი 20.09.2018
ტელევიზია
20.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
გორის სკოლებში გაურკვეველ ნივთიერებათა მოხმარების გამო უკვე 2 საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. საუბარია, მოსწავლეების მიერ ერთ შემთხვევაში სავარაუდოდ მარიხუანას, მეორე შემთხვევაში კი დამამშვიდებელი აბების მოხმარებაზე. გორის მე-7 სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553416
---
20.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 10:00
40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის -ამ სახელწოდების აქცია გაიმართა მთავრობის ადმინსიტრაციასთან. აქტივობა პროფკავშირების სოლიდარობის ქსელის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები 40 საათიან სამუშაო კვირას და შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებას ითხოვენ, პრეზიდენტობის კანდიდატებს კი მოუწოდებენ შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553598
---
19.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
დაწესდება თუ არა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები? შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტი კენჭს დრეს უყრის. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკითხის დარეგულირება და მკაცრი შეზღუდვების მიღება მნიშვნელოვანია. კანონმდებლების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ახალი რეგულაციების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553406
---
19.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შშმ პირების დასაქმება ქვეყნის გამოწვევად რჩება. ასეთია იმ კვლევის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ანგარიშში ბოლო წლების სტატისტიკაც არის მოყვანილი, რომლის მიხედვით წლიდან წლამდე საჯარო სექტორში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი მცირდება. პრობლემებია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც. კვლევის ავტორების აზრით, შშმ პირებისთვის გათვალისწინებული სამთავრობო სტრატეგიის ნაწილი სათანადოდ არ სრულდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553276
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5552859
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5552307
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5552256
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5551900
---
19.09.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საქართველოში პირველად ბავშვებში ტყვიის შემცველობის დონისა და სასმელი წყლის ხარისხს შეისწავლიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553136
---
19.09.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბავშვთა მიმართ ძალადობაა ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოსთვის - სექსუალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და შრომითი ძალადობის შემთხვევები. ფაქტები გახშირებულია აჭარაში, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5553131
---
19.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაში 20-ზე მეტი კომპანია 1 000-ზე მეტი ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას მისცემს. ღონისძიებაზე ვაკანსიები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5551668
---
19.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
შრომის კოდექსის მიხედვით სამუშაო განაკვეთი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5551082
---
19.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჟურნალისტების მხრიდან ექიმების მიმართ გახშირებულ თავდასხმაზე საუბრობს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5552854
---
ინტერნეტი
20.09.2018
მედიასაშუალება: http://www.mythdetector.ge/node/1311
გიორგაძის მტკიცება, თითქოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, აბსურდულია
---
20.09.2018
ლეონიდ ჩერნოვეცკი - კარგად ვიცნობ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას და ვშიშობ, რომ აცრებს არასწორად ჩაატარებენ
კარგად ვიცნობ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას და ვშიშობ, რომ სავალდებულო აცრებს არასწორად ჩაატარებენ,- ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა. ჩერნოვეცკი ეხმაურება საყოველთაო ვაქცინაციის საკითხს და აცხადებს, რომ იდეა მნიშვნელოვანია. „თავად ეს იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მის განხილვას აზრი არ აქვს მანამ, სანამ ჯანდაცვის სისტემას ბატონი სერგეენკო ხელმძღვანელობს. კარგად ვიცნობ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას და ვშიშობ, რომ აცრებს არასწორად ჩაატარებენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც ვაქცინაციას სავარაუდოდ, უფასოდ ჩაუტარებენ და სწორედ აქ იქმნება იმის საფრთხე, რომ გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოხდეს მათი დაიფინცირება C ჰეპატიტით, შიდსით და ა.შ.,“ - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი. მისივე თქმით, კანონის მიღებამდე აუცილებელია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთოს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს გეგმური აცრების ჩატარებას და რამდენად იქნება გარანტირებული ბავშვების უსაფრთხოება. შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვით გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.
---
19.09.2018
აუდიტის სამსახური - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები მაშინ, როცა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები მაშინ, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, სულ გაცემულია 61 795 ლარის პრემია. „დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები: ცენტრალურ აპარატში - 59 595 ლარი, სააგენტოში - 2 200 ლარი, სულ 61 795 ლარი. შედეგად, დარღვეულია მთავრობის №449 დადგენილება, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. სააგენტოში, ფონდსა და დახმარების ცენტრში დანამატების გაცემის ფორმალური საფუძველია ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც ეფუძნება კონკრეტული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს. დახმარების ცენტრისა და ფონდის მოხსენებით ბარათებში ყოველთვიურად გამოყენებულია ერთი და იგივე სტანდარტული ტექსტი, ხოლო სააგენტოში მოხსენებითი ბარათები არ არის შედგენილი კონკრეტული პირების მიხედვით და მოიცავს დეპარტამენტის შესრულებულ სამუშაოებს ერთიანად; თანამშრომელთა სამუშაო დროის მკაცრი აღრიცხვის სისტემის ფორმა (ტაბელი) არ იყო დამტკიცებული. ამასთანავე, წარმოდგენილ ტაბელებში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს 2017 წლის 28 დეკემბრის N01/79953 წერილით მოთხოვნილია ცენტრალური აპარატის და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ასიგნებების გაზრდა იმ პროგრამების აუთვისებელი რესურსის ხარჯზე, რომელთა ათვისებაც წინა წელსაც დაბალი იყო. აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოთხი პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 2016 წელსაც დაბალი იყო, მაგრამ 2017 წელს საბიუჯეტო განაცხადით ამ პროგრამებისთვის მაინც წინა წლის ანალოგიური თანხაა მოთხოვნილი, რომლის ხარჯზეც წინასაახალწლოდ პრემიები გაიცა. პროგრამის - „დიპლომშემდგომი სამედიცინო განათლების” - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 1 მილიონ ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 645 600 ლარი. პროგრამის - „შრომის ბაზრის ანალიზის, ინფორმაციული სისტემის დანერგვა/განვითარება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 785,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 261,000 ლარი. პროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 676,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 180,000 ლარი. პროგრამის - „შრომის პირობების ინსპექტირება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 575,000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 92,400 ლარი. პროგრამის - „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება“ - დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 2 014 000 ლარს, საიდანაც პრემიების მუხლში გადატანილია 200 000 ლარი.
---
19.09.2018
„ჯანდაცვის სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში იქმნება ხელოვნური ეკონომია, რომელიც ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე"
წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის გამო „შრომის ანაზღაურების“ მუხლში იქმნება ხელოვნური ეკონომია, რომელიც ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის მატერიალური წახალისების სახით. „სამინისტროში საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვისას არ ხდება უწყებაში ფაქტობრივად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გათვალისწინება და გეგმური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად, წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ რაოდენობას. 2017 წელს ვაკანტური პოზიციები საშუალოდ წარმოადგენდა 18%-ს, რის გამოც, „შრომის ანაზღაურების“ მუხლში იქმნება ხელოვნური ეკონომია, რომელიც ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის მატერიალური წახალისების სახით“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ჯანდაცვის სამინისტროში ჯამში 390 ვაკანტური ადგილი იყო. კერძოდ, ცენტრალურ აპარატში საშტატო განრიგით 228 პირი უნდა ყოფილიყო დასაქმებული, თუმცა რეალურად დასაქმებული იყო 180, ხოლო ვაკანტური იყო - 48 ადგილი. სააგენტოში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 1813 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 1563 პირი, ვაკანტური კი 250 ადგილი იყო. ასევე, რეგულირების სააგენტოში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 174 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 148 თანამშრომელი, ხოლო ვაკანტური იყო 26 ადგილი. სამინისტროს ფონდში საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 563 პირი, რეალურად დასაქმებული იყო 525 პირი, შესაბამისად, ვაკანტური იყო 39 ადგილი. რაც შეეხება დახმარების ცენტრს, აქ საშტატო განრიგით დასაქმებული უნდა ყოფილიყო 76 ადამიანი, რეალურად დასაქმებული იყო 49 პირი, ხოლო ვაკანტური იყო 27 ადგილი. აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე მოხდეს საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის რეალური ოდენობით განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულებისა და შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკონომიების არსებობა.
---
19.09.2018
აუდიტის სამსახური - აღრიცხულია C ჰეპატიტის სამკურნალო 26 236 866 ლარის ოდენობის ვადაგასული მედიკამენტები, დანაკლისი არ დაფიქსირებულა
C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს ვადაგასული მედიკამენტები, სულ - 26 236 866 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, ამის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითად სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენდა სოფოსბუვირი, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით - ჰარვონით, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული მატერიალური მარაგების ნაშთი 1 188 788 129 ლარს შეადგენდა. „აღნიშნული მარაგები ინახებოდა როგორც სააგენტოს საწყობებში - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „მედფარმა პლუსში“, ისე პროგრამაში ჩართულ 32 სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც ბენეფიციარებზე გაიცემოდა მედიკამენტები. სააგენტოს 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედარების უწყისის თანახმად C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში არ დაფიქსირებულა ზედმეტობა/დანაკლისი, თუმცა სააგენტოს დეტალური აღწერების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ინვენტარიზაცია ჩატარებულია მხოლოდ საწყობებში და არა სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო დაწესებულებებში კი, განხორციელებულია მედიკამენტების მონიტორინგი 2017 წლის 6 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით. ამასთანავე, პროგრამის მართვისთვის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს დაწესებულებებს შორის შიდა გადაცემებს, რომლებიც არ არის გამიჯნული მედიკამენტის რეალური მიღების და ბენეფიციარზე გაცემის მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული უზუსტობების შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მოკლევადიანი აქტივების საწყისი ნაშთი შემცირებულია 1 918 792 ლარით, საბოლოო ნაშთი კი გაზრდილია 23 496 756 ლარით, ხოლო 42 347 396 ლარის საბოლოო ნაშთის მოკლევადინი აქტივების არსებობაზე, სიზუსტესა და სისრულეზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები,“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ცენტრალურ აპარატისა და სააგენტოს მიმართ ასეთია: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზურნველყონ მატერიალური მარაგების ინვეტარიზაცია, შეფასდეს მოცემული მარაგების მიხედვით აქტივად აღიარების კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხი და ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
---
19.09.2018
აუდიტის ანგარიში - რუხში კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისთვის გადარიცხული 35 500 000 ლარი საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს წარმოშობს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისთვის, უწყების შპს-სთვის გადარიცხული 35 500 000 ლარი წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელშეკრულებით არ რეგულირდება მშენებლობის ვადები, ხარისხი, ასევე ამ პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობები არ არის განსაზღვრული. „2014 წლიდან 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ „სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების“ მუხლით გადარიცხული აქვს 35 500 000 ლარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით. თანხის გადარიცხვის საფუძველია სამინისტროსა და შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს, ვინაიდან მოცემული ხელშეკრულებით არ რეგულირდება მშენებლობის ვადები, ხარისხი, ასევე ამ პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობები არ არის განსაზღვრული. საბიუჯეტო განაცხადით სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, მოთხოვნილი და დამტკიცებული თანხა შეადგენდა 30 000 000 ლარს, რომელიც მოიცავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებს და აღჭურვას, შესაბამისად, 13 000 000 ლარის და 6 688 000 ლარის ოდენობით. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ჯამური ღირებულება შეადგენდა 41 262 060 ლარს. სამინისტროს განმარტებით, 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შესრულებული იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ნახევარი, სულ - 20 718 302 ლარი. მთავრობის დადგენილებით, მოცემული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების/ღონისძიებების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20 688 200 ლარს. დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის თანხა, ხოლო მისი სამშენებლო სამუშაოები განისაზღვრა მხოლოდ 10 000 000 ლარით. შესაბამისად, საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილია იმ სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის თანხა, რომლის მშენებლობაც საბიუჯეტო წელს ვერ დასრულდებოდა. შედეგად, საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი ე.წ. „ნამეტი“ რესურსი 9 497 610 ლარის ოდენობით, ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებით გადატანილ იქნა სხვა პროგრამებში“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ცენტრალურ აპარატის მიმართ შემდეგია: კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნებიდან გამომდინარე, განხორციელდეს პროექტში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობების და შესრულებული სამუშაობის ხარისხსა და ვადების დაცვაზე მონიტორინგის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა და გაძლიერდეს ამ საფუძვლით შეთანხმებული პირობების შესარულებაზე კონტროლი.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: https://www.timer.ge/nino-lomjaria-saarsebo-shemtseobis-mimgheb-arasrultslovantha-raodenoba-sagangashoa-da-150-186-s-sheadgens/
ნინო ლომჯარია – საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს. „ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, ხშირად კი სახელმწიფოს ზრუნვისა და ყურადღების მიღმა რჩება. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო იქნა გამოყვანილი. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ხოლო უმეტესობას არ აქვს სასმელი წყალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ, კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ამ პირებს ესარგებლათ გაერო-ს შესაბამისი კომიტეტისადმი უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმით. „პრობლემად რჩება შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. 2017 წელს 3.535 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დარეგისტრირდა სამუშაოს ძიების მიზნით, თუმცა მათგან მხოლოდ 161 დასაქმდა. საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. კერძო სექტორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2017 წელს მხოლოდ 101 დასაქმდა”, – აღნიშნა ლომჯარიამ. მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა რაოდენობა და მათი საჭიროებები. „სკოლამდელ აღზრდაში და ზოგად განათლებაში ჩართულ ბავშვთა სტატისტიკა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მონაცემებს ასახავს, რომელიც არ არის სეგრეგირებული და რთულია ითქვას, რამდენი მათგანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ანდა რა ფორმის შეზღუდვის მქონეა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: https://www.timer.ge/nino-lomjaria-saqarthveloshi-khvelaze-khshirad-shromithi-uplebebi-irghveva/
ნინო ლომჯარია – საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ. „შრომით ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი საზოგადოების განწყობები და ნამდვილად არის ინდიკატორი, რომ ან კანონმდებლობაში გვაქვს პრობლემა ან მის პრაქტიკაში განხორციელებაში. დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად სწორედ შრომით უფლებებში ვადგენთ. ეს გულისხმობს დისკრიმინაციას იგივე პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა ნიშნით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: http://ibusiness.ge/new/11486-19-seqtembers-rustavis-profesiuldramatul-teatrshi-dasaqmebis-forumi-gaimarta
რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 23 მსხვილი და საშუალო კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც მოქმედი და რეალური თავისუფალი სამუშაო ადგილები წარმოადგინეს. დამსაქმებლებს ვაკანსიების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას ჰქონდათ წარმოდგენილი, ასევე, მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ბეჭდური და საპრეზენტაციო მასალების გაცნობა, კომპანიების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, მათი შეთავაზებების და პირობების დეტალურად განხილვა. 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავდა. ფორუმის განხორციელების ყველა ეტაპზე სააგენტო აქტიურად იყო ჩართული. მოქალაქეების ინფორმირებისათვის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა სმს შეტყობინება. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების შესახებ, სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ისაუბრა. დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიმართა და მოუთხრო იმ შესაძლებლობების შესახებ მოუთხრო, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობის პროცესში რუსთავის მერიისა და სააგანეტოს დასაქმების დეპარტამენტს შორის შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც გამოიკვეთა. დასაქმების ფორუმები საუკეთესო საშუალებაა, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის, რომლებსაც ფორუმი ბაზარზე არსებულ აქტიურ ვაკანსიებზე წვდომას უმარტივებს, ასევე დამსაქმებლებისათვის, ახალი კადრების მოზიდვის პროცესში. თარიღიც ღირსშესანიშნავია, ფორუმი "რუსთავქალაქობის" დღესასწაულზე დაიგეგმა. წელს, რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილე აღინიშნება.
პია.ჯი- https://pia.ge/post/224411-rustavis-dasaqmebis-forumi
კვირა.ჯი- http://kvira.ge/420491
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=71719
---
19.09.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/1500-bavshvs-sisxlshi-tyviis-shemcvelobaze-sheamowmeben/24740/
1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ
საქართველოში 20 სექტემბრიდან მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევები დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 14 ათასი შინამეურნეობა მიიღებს. კვლევის ფარგლებში 2-დან 7 წლამდე 1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ. კვლევის პირველადი დასკვნა იანვრის ბოლოს დაიდება, ხოლო საბოლოო შედეგები შემდგომ თვეებში იქნება ცნობილი. როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სპეციალური მოწყობილობით გაზომვების შედეგად, ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებული ოდენობა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. „როდესაც მე ვამბობ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეაფასონ რას ვგულისხმობ, ანუ ზღვრულად დასაშვები ნორმა დადგენილია სპეციალისტების მიერ.“- აცხადებს ნინო თანდილაშვილი.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/haershi-tyviis-shemcvelobaze-detaluri-kvleva-chatardeba
ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალური კვლევა ჩატარდება
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალურ კვლევას წლის ბოლომდე ჩაატარებს. "ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, ნიმუშებს უფრო მეტ ლოკაციებზე ავიღებთ, მეტად დაბინძურებულ ადგილებში, სადაც მასიური მშენებლობები მიმდინარეობს. აგრეთვე ავტოტრანსპორტით დატვირთული ადგილებიდან და ამ შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას", - აცხადებს გადაცემა „ქალების ნარატივში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო თანდილაშვილი და აქვე აღნიშნავს: "ქალაქში მწვანე საფარის ოდენობამ უნდა მოიმატოს, კონკრეტულ უბანზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს დროში მკაცრად გაწერილი გეგმა სად როგორი გამწვანების პერსპექტივაა. უნდა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორი და აუცილებლად მოხდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 3000-მდე ქალაქს შორის თბილისი ჰაერის დაბინძურების კუთხით 576-ე ადგილზეა. ავტოტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებზე, წერეთლის გამზირზე, ასევე ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ჰაერის დაბინძურება ნორმას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტია. ამას მოსდევს სამშენებლო სექტორი, ღია გრუნტი და გათბობის მიზნით საწვავის მოხმარება.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: http://new.ipn.ge/ka/article/512725-angarishis-tanaxmad-shshm-bavshvebis-didi-nacili-kvlav-chartuli-ar-aris-saganmanatleblo-processhi
ანგარიშის თანახმად, შშმ ბავშვების დიდი ნაწილი კვლავ ჩართული არ არის საგანმანათლებლო პროცესში
შშმ ბავშვების დიდი ნაწილი კვლავ არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში სწავლების ხარისხი და უწყვეტობა“,- ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეიმუშავა. “სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეშღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების აღსრულების მდგომარეობა აჩვენებს, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში სწავლების ხარისხი და უწყვეტობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სპეციალური პედაგოგების არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობა, სასწავლო დაწესებულებების, სასკოლო ინვენტარისა და სასწავლო მასალების მისაწვდომობა“,- ნათქვამია ანგარიშში. მონიტორინგიდან ირკვევა, რომ „წლების განმავლობაში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება პროფესიული განათლების თანაბარი გეოგრაფიული ხელმწისაწვდომობა, რაც საცხოვრისის არარსებობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის შემთხვევაში დაუძლეველ დაბრკოლებად იქცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის“. „შშმ და სსსმ პირებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში პრობლემა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების არაადაპტირებული ფიზიკური და სასწავლო გარემოა“,- აღნიშნულია ანგარიშში. ასევე, „ადამიანის უფლებათა სწალებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, „კვლავ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წვდომა შრომის ბაზარზე“. „ცალკეული დასაქმების პროგრამები მათი შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით არ იძლება შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას არ აქვს შრომისა და დასაქმების უფლების რეალიზების ხელშემწყობი ცხადი ნორმატიული გარანტიები. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების არარსებობა. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ 2015 წელთან შედარებით გაუარესდა საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი“,- ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, ანგარიში წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/avtandil-imedadze-vubrundebi-chems-movaleobas-da-bolomde-vapireb-brdzolas-simartlisatvis
ავთანდილ იმედაძე: ვუბრუნდები ჩემს მოვალეობას და ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას სიმართლისათვის
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ავთანდილ იმედაძე, სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს! ჩემს კოლეგებს! ჩემს მეგობრებს! მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, კლინიკისა და ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ ფინანსურ დარღვევევას ან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული განცხადებების ავტორებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ვაპირებდი შვებულებიდან გამოსვლას და პროტესტის ნიშნად ვტოვებდი ჩემს თანამდებობას. მაგრამ განვითარებული მოვლენები ამის უფლებას აღარ მაძლევს. ორშაბათიდან ვუბრუნდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის. მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლინიკის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს გულშემატკივარებს თქვენი მხარდაჭერისთვის და ბოლო დღეებში გამოხატული საოცარი თანადგომისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი კლინიკის განვითარებით, მისი რეაბილიტაციითა და აღორძინებით დამთვრდება. პატივისცემით, კლინიკის გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე ექსკლუზიურად ისაუბრა. მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა. „ დავით საგანელიძე მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა „კომერსანტთან“ იმედაძე. ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
---
19.09.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/420473
„დაშინებული, უსახსრო ექიმი არის საცოდაობა“ – “ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მედიკოსების უფლებების დარღვევაზე საუბრობს
„ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, გია ლობჟანიძისა და „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნანა სანაიას განცხადებით, საქართველოში ექიმების უფლებები სათანადოდ არაა დაცული. ამის შესახებ გია ლობჟანიძემ და ნანა სანაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. საქმე ეხება ექიმების გართულებული სამედიცინო საქმეების მედიით გაშუქებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას. როგორც ნანა სანაიამ აღნიშნა, ექიმების შეცდომების შესახებ ამბები ხშირად ტენდენციურად შუქდება, რა დროსაც ექიმის რეპუტაციას ზიანი ადგება და პაციენტები ექიმების მიმართ ნეგატიურად განეწყობიან. მისივე თქმით, ვითარების გამოსასწორებლად საკანონმდებლო რეფორმის გატარებაა აუცილებელი. „უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაა მნიშვნელოვანი. ფაქტის არასწორი კონსტატაცია იწვევს აგრესიას ექიმების მიმართ, ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე. საჭიროა, საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობით, ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი შეიქმნას, რათა დავიცვათ ექიმებისა და პაციენტების უფლებები“, – განაცხადა ნანა სანაიამ. გია ლობჟანიძის თქმით, მასმედიაში არასწორად გაშუქების შემთხვევები საზოგადოებას ექიმების მიმართ ნდობას უკარგავს. „მედიცინა მაღალი რისკის პროფესიაა. გვინდა, არ გვინდა, ყოველი 1000 კლინიკური შემთხვევიდან ერთი ლეტალობით მთავრდება. მას ვერ შევადარებთ ვერცერთ სპეციალობას. ჯანდაცვის სისტემაში ორი უზენაესი პრინციპია: პაციენტის უფლებების დაცვა და ექიმის ავტონომიურობა , მისი კლინიკური ხელშეუხებლობა. თუ ეს ორი პრინციპი არ არის გატარებული იმ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემა გამართულად ვერ იმუშავებს. მასმედიაში არასწორად გაშუქების შემთხვევების გამო, საზოგადოება ნდობას ექიმის მიმართ კარგავს, ექიმსაც ეშინია დიდი პასუხისმგებლობის აღება, ქვეცნობიერად ის დათრგუნულია, მას დამოკლეს მახვილივით ელოდება რაღაც გადაცემა, სიუჟეტი, შემდეგ სამინისტროში საკითხის განხილვა, სერთიფიკატის ჩამორთმევა ან შეჩერება, შემდეგ სასამართლოში ან პროკურატურაში დაბარება და ა.შ. ამით ვაგებთ ყველანი. საზოგადოება ამით დაშინებულია. დაშინებული და მშიერი , უსახსრო ექიმი არის საცოდაობა და კატასტროფა ქვეყნისათვის“, – განაცხადა ლობჟანიძემ. მისივე თქმით, მედიით გაშუქებისას უდანაშაულობის პრეზუმცია დაცული უნდა იყოს. „ექიმის სახე არ უნდა ჩანდეს, ხშირად ხდება ასე: მითითებულია ექიმის სახელი, გვარი, კლინიკის დასახელება. მის რეპუტაციაზე, ღირსებაზე ვინმე ფიქრობს? არ ფიქრობს. ვინმემ დაითვალა და შეისწავლა, ვთქვათ, წელიწადში გაკეთდა 50 ნეგატიური გადაცემა, საბოლოო ჯამში ამ 50 შემთხვევიდან რამდენ შემთხვევაში გამართლდა კლინიკა, ექიმი? უდიდეს შემთხვევაში, არავინ ეს სტატისტიკა არ გააშუქა. არავინ თქვა, რომ აქ ექიმი დამნაშავე არ ყოფილა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ექიმები. მთავარი გამოსავალი არის ის, რომ კანონპროექტში ჩაიდოს და შევთანხმდეთ ჟურნალისტებთან, რომ არ იყოს მითითებული ექიმის გვარი, კლინიკის დასახელება, სადაც შემთხვევა მოხდა. ჟურნალისტს მოეთხოვოს, რომ სრულად შეისწავლოს საკითხი. სანამ სრულად არ შეისწავლის და არ დარწმუნდება, არ გააშუქოს ასეთი მასალა“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
---
ბეჭდვითი მედია
20.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
მთავრობა 10 წამალს აიაფებს, 1000 კი დღითი დღე ძვირდება
ლარის კურსის გაუფასურებამ მედიკამენტები ისევ გააძვირა. მართალია, რამდენიმე ჯგუფის წამლებზე შეღავათი დაწესდა, მაგრამ მისგან მიღებულ სიკეთეს ფარავს სხვა სამედიცინო საშუალებებზე გაზრდილი ფასი. გამოდის, რომ, ერთი მხრივ, მთავრობა მოსახლეობას ეხმარება, მეორე მხრივ კი უმძიმეს პირობებში აგდებს. ვისაც მედიკამენტების ყიდვა ხშირად უწევს, შეატყობს, რომ სააფთიაქო ქსელებში წამლის ფასმა მოიმატა. ეს მიმდინარე სავალუტო ცვლილებებთან პირდაპირ კავშირშია - რამდენადაც მედიკამენტების საცალო ფასი დოლარში დგინდება, კურსის ცვალებადობამ მთავარი დარტყმა სწორედ მომსახურების ამ სეგმენტს მიაყენა. ეს მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან ბოლო 1 თვეში ლარი დოლართან მიმართებით 6-7%-ის ფარგლებში გაუფასურდა. თუ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში კურსი 2,45 იყო, ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2,61-ია. ამან სააფთიაქო ქსელების პროდუქტები საგრძნობლად გააძვირა. წამლების გაძვირებას "რეზონანსს" უდასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციის "გახსოვდეს ჰიპოკრატე" ხელმძღვანელი მარინა ბერაძე. ის ფარმაცევტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს. "ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოწყობილია ისე, რომ დიდი რაოდენობით ხდება წამლების გამოწერა. ყველა მომხმარებელი ჩივის, რომ წამლები გაძვირდა. თუ ერთი დასახელების წამლის ფასი შემცირდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მედიკამენტი ორჯერ და მეტჯერ არ გაძვირდა. არამიზნობრივად გამოწერილი წამლები ხომ მოსახლეობის გადაუჭრელი პრობლემაა. გაოცებული ვარ, წამლის ფასი რატომღაც აღარ არის აქტუალური თემა. ადრე სხვადასხვა კვლევა ტარდებოდა და ახლა თითქმის არაფერი ხდება. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლების წევრები დარჩნენ ოპონენტის როლში. არადა, მედიკამენტები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია. წამლების რეკლამირება კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედონ. ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება ადამიანებზე ზემოქმედება და ეს უნდა გამოსწორდეს", - ამბობს "რეზონანსთან" ბერაძე და დასძენს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასი, რაც ქართულ სინამდვილეში არანორმალური მოვლენაა. "ის, რომ წამალი ძვირია, არ გვიკვირს, ამ აზრს ყველა შეეჩვია. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფთიაქებში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებების ფასების მხრივ. იქ საერთოდ არანორმალური სიტუაციაა. როგორ შეიძლება, 18 ლარი ღირდეს კბილის ჯაგრისი ან რა ფული უნდა ეყოს ადამიანისათვის აუცილებელ სხვა ნივთებს, რომლებიც ძალიან გაძვირებულია?! უცხოეთში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურ ფასად იყიდება და ყველა ადამინისათვის ხელმისაწვდომია, აქ კი აქსესუარების რანგში აჰყავთ. ეს არის არანორმალური მოვლენა", - დასძენს მარინა ბერაძე. ფასების ზრდაზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, წამალი, ფასდაკლების აქციის პერიოდში შეძენილიც კი, იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ადრე ღირდა. "შეიძლება, სხვაობა ვერ შეამჩნიოს იმ ადამიანმა, ვინც წამალს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ყიდულობს, მე კი სისტემატურად დავდივარ აფთიაქებში და მცირედი ცვლილებაც არ მრჩება შეუმჩნეველი. ფსიქოტროპული წამლების ყიდვა მიწევს და გაცილებით ძვირია, ვიდრე წინა თვეში ღირდა. სხვაობა ფასდაკლების პერიოდშიც შესამჩნევია, სხვა დღეებზე რომ არაფერი ვთქვა. ასე თუ გაგრძელდა და არ მოხდა მედიკამენტის ფასის დარეგულირება, ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, ეს საკითხი მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევის საგნად უნდა იქცეს", - ამბობს მარინა კოშია, მომხმარებელი. თბილისელი მაია აბესაძე ამბობს, რომ აფთიაქებში, იმპორტირებულთან ერთად, ადგილობრივი წარმოების მედიკამენტის ფასებიც მომატებულია. "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მედიკამენტები ხელის ერთი მოსმით გააძვირეს. კვირაში ორჯერ მაინც მიწევს წამლის შეძენა და 1 თეთრის ცვლილება არ გამომეპარება. ცხადია, რომ შეღავათიც ყველაზე არ მოქმედებს. იმ წამლებში, რაშიც ადრე 5-6 ლარს ვიხდიდი, ერთ-ერთ აფთიაქში 50 თეთრით მეტად მომიწია შეძენა. შეიძლება, ეს ბევრისათვის უმნიშვნელოა, მაგრამ მედიკამენტების ყოველდღიურ მომხმარებლებზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ განვიცდი მას მტკივნეულად. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედებს", - განუცხადა "რეზონანსს" მაია აბესაძემ.
---
20.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
900 - ლარიანი მინიმალური ხელფასი - მოსალოდნელია თუ არა დიდი ცვლილება
საქართველოში ხელფასის მინიმალური ოდენობა შესაძლოა, 900 ლარით განისაზღვროს. ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, რომელიც საათობრივი შრომის ანაზღაურების შემოღებას ითვალისწინებს. დასაქმებული ადამიანი საათში მინიმუმ 5 ლარს უნდა იღებდეს. უცნობია, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს. ამ საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. ის "შრომის კოდექსში" გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში - 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანაგარიშსწორებაზე გადასვლას. ახალი ინიციატივით, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, თანაც - მზარდი: შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული. როგორც საკნონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას. სპეციალისტები ამ ინიციატივას სერიოზულად არ აღიქვამენ. "სოლიდარობის ქსელის" დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორს, პარლამენტში ინიცირებამდე, კონსულტაციები იმ ჯგუფებთან უნდა გაევლო, რომლებშიც წლების განმავლობაში შრომით საკითხებზე მუშაობდნენ, რათა შეთავაზება ქართულ რეალობასთან უფრო შეაბამისი და მორგებული ყოფილიყო. "კანონპროექტის ავტორის ადგილას, ჯერ კონსულტაციები მექნებოდა იმ ადამიანებსა და ჯგუფებთან, რომლებიც წლებია, ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ერთად დიდი კამპანიის ფონზე გავიტანდით პარლამენტში. ინიციატივა კარგია, თუმცა რამდენად რეალური და განხორციელებადია, ეს მეორე საკითხია. "ქართულ ოცნებაზე" რომ იყოს დამოკიდებული, ვერც ერთი ინიციატივა, რომელიც დასაქმებულის უფლებებს იცავს, ვერ გავიდოდა. ისე არიან დაშინებული, ბიზნესზე აწყობილი თავიდან ბოლომდე, რომ თუ რამეს მოვითხოვთ, გვემუქრებიან, რომ ამის გამო ინვესტორები აღარ მოვლენ. კონკრეტულად ინიციატივაში კი აჯობებდა, მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მოთხოვნა ყოფილიყო, რაც მინიმუმ 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს საკანონმდებლო პროექტი კი დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, ისე დაყოს სამუშაო საათები, მაინც არ გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ახლა იხდიან. მერწმუნეთ, ბიზნესი ასეთ გზას იპოვის. თვითონაც გაოცებული ვარ, 1 მსხვილი დამსაქმებელიც კი ვერ ვიპოვეთ, ვინც კეთილსინდისიერია", - აცხადებს ჯაფარიძე "რეზონანსთან". "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი შრომითი გარემოს შესაქმნელად. "დღეს, მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის კანონმდებლობა, პრობლემა აღსრულების არარსებობაა. თუ არ იქნება ძლიერი შრომის ინსპექცია და პროფკავშირები, იდალური საკანონმდებლო ბაზაც კი ვერ შეცვლის რეალურად ვითარებას. გარდა ამისა, კანონმდებლობა ძალიან ბუნდოვანია. მაგალითისათივის ზეგანაკვეთურ შრომაზე წერია "ოდნავ მეტი", რაც საერთოდ გაუგებარია, რას გულისხმობს. კვირაში, წესით, სამუშაო საათების ოდენობა 40-ია, თუმცა თითქმის ყველა მუშაობს 48 საათს, ანუ დასაქმებულთა უმეტესობა დამსაქმებელს კვირაში 8 საათს ჩუქნის. უდიდესი პრობლემაა მომსახურების სექტორში, სადაც ნებისმიერ დანაკლისს დასაქმებული ანაზღაურებს და ამის გამო კონსულტანტები ისედაც მცირე ხელფასის ნახევარსაც კი ვერ იღებენ ხოლმე", - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის აზრით, შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის ლოგიკა და შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუკი ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა. "შრომითი საკითხების რეგულირება ნამდვილად არის ის საკითხი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკურილების ფარგლებში უნდა მოჰყვეს. დღეს ცალსახაა, რომ დასაქმებულთა უფლებების შელახვა ხდება მრავალი კუთხით და ამას ცხადყოფს პროფკავშირების აქტივობაც. ამ ყველაფრის ფონზე, შრომის კოდექსის აღსრულების ზედამხედველობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ დასაქმებულისათვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა. მათ შორისაა ღირსეული ანაზღაურებაც, მაგრამ, ალბათ, სადავო უნდა იყოს ეს საათობრივი თუ სახელფასო მინიმუმის ზღვარი. ცხადია, საქართველოში შრომითი ბაზარი განუვითარებელია და ინვესტიციების გარდა, საკანონმდებლო ბაზამაც უნდა შეუწყოს მის განვითარებას ხელი. მოგეხსენებათ, ზღვარგადასული თავისუფლების რეჟიმშია ბევრი ბიზნესი და რეგულაციების მიღმაა დარჩენილი არაერთი საწარმო და პრაქტიკულად უხეშად ხდება ხოლმე ამ ყველაფრის გამოყენება. ჩვენ მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას და დასაქმებულის უფლებების შელახვას, სანამ სავალალო პრობლემების წინაშე არ დავდგებით. ამიტომ ფორსმაჟორის გარეშე უნდა მიიღებოდეს მსგავისი ინიციატივები", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.
---