KA030177415253820

№ 01-4210 06 / მაისი / 2020 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
კახაბერ ძიმისტარიშვილის
მოხსენებითი ბარათი

 

         ქალბატონო ეკატერინე,

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის სამინისტროს წინაშე მდგარ უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო და COVID-19-ის დაავადების მქონე პირთა დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე, სტაციონარული დაწესებულებებისა და მათი პერსონალის მზადყოფნა, კლინიკებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა და შესაბამისი აღჭურვილობა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე გამოიკვეთა პრობლემა (უპირატესად რაიონულ დონეზე), ცხელების მქონე პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რაიონულ დონეზე განხორციელდა გარკვეული კლინიკების „ცხელების კლინიკებად“ მობილიზება. აღნიშნული ღონისძიება, საშუალებას გვაძლევს, უკეთესად ვმართოთ ცხელებით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტების ნაკადები. ამ დაწესებულებებში ხორციელდება ცხელებით მიმდინარე ყველა შემთხვევის ტრიაჟი, დიაგნოსტირება და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რეფერალი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, აქვე ხორციელდება ცხელებით მიმდინარე შემთხვევების სამედიცინო მომსახურება/მართვა შესაბამისი საქმიანობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

შიდა ქართლის სოფლებისა და განსაკუთრებით, საზღვრისპირა ტერიტორიების მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებას შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ წარმოადგენს. სწორედ, აღნიშნული დაწესებულების მიერ გამოწვევების მართვისა და მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციების მოძიების მიზნით, თქვენი 2020 წლის 27 აპრილის №01-153/მ ბრძანების შესაბამისად, განვახორციელეთ მივლინება სოფ.ტყვიავში.

მოგახსენებთ, რომ შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რეგისტრირებულია 2002 წელს. მისი დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებას კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2016 წელს განხორციელდა შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან“  შპს „ტყვიავის საავადმყოფოს“ შერწყმა-მიერთება.  დაწესებულების ხელმძღვანელია ზურაბ ჯალაბაძე.

წესდების შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო სერვისების განხორციელება. თუმცა, სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, დაწესებულება დღეისთვის ახორციელებს მხოლოდ, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების ანმახორციელებელთა  რეესტრის მიხედვით შემოსული შეტყობინებების საფუძველზე,  შემდეგ საქმიანობებს:

-                    იმუნიზაცია,

-                    სტომატოლოგია,

-                    მეანობა-გინეკოლოგია,

-                    ქირურგია,

-                    ლაბორატორიული საქმიანობა  - კლინიკური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ახორციელებს „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბერის №674 დადგენილებით დამტკიცებული შემდეგი მომსახურებების მიწოდებას:

Ø  „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში -

-                    სამედიცინო მომსახურების განხორციელება არაუმეტეს 40 სოფლის ექიმისა და არაუმეტეს 56 ექთნის/ფერშლის საშუალებით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის შესაბამის რაიონის/მუნიციპალიტეტის სოფლებში - თვის ბიუჯეტი 51 480 ლარი,

-                    შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - თვის ბიუჯეტი 25,054 - 28,569 ლარი;

Ø    „სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებას - თვის ბიუჯეტი 4 980 ლარი.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე რეაგირების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვისაა ცნობილი, მიმდინარე ეტაპზე დღის წესრიგში დგას შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე „ცხელების კლინიკის“ შექმნის საკითხი. მივლინების პერიოდში, ჩვენს მიერ დაწესებულებაში ნანახი იქნა ზემოაღნიშნული მიზნით ცენტრისთვის 2020 წლის 17 აპრილს გადაცემული 7 საწოლი. თუმცა, შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოები დღეისათვის დაწყებული არ არის. არ არის შემუშავებული ღონისძიებების გეგმა, რომელთა განხორციელება აუცილებელია წარმოდგენილი მიზნის მისაღწევად.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ „ცხელების კლინიკის“ ფუნქციის განმახორციელებელი დაწესებულება უნდა მუშაობდეს მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში პერსონალის 24 სთ-ის განმავლობაში მობილიზებით. შესაფერისი ეპიდემიური პასუხის უზრუნველყოფა საჭიროებს კონკრეტულ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და სიცხიანი/კოვიდზე საეჭვო პაციენტების ტრიაჟისა და სწრაფი რეფერალის უზრუნველყოფის კუთხით. საჭიროა ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ჯანდაცვის და ყველა სხვა შესაფერისი უწყების წარმომადგენლებთან. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს ისეთ პირობებში, როდესაც საჭირო ხდება ფრთხილად და სწორად იმართოს არსებული გამოწვევები, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, მოქნილობას და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტებით ფუნქციონირებას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს მიერ შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან“ დაკავშირებით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება დაწესებულებაში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების კადრის მივლინებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დაწესებულების მიერ ცხელებით მიმდინარე შემთხვვების სამედიცინო მომსახურების/მართვის შესაბამისი საქმიანობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას შემჭიდროვებულ ვადებში, ასევე, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურ მობილიზებას ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის უკეთ მართვის მიზნით.

გთხოვთ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დაავალოთ შესაბამის პირებს აღნიშნულ მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული ხედვებისა და მოსაზრებების დღევანდელ სინამდვილეში გატარება.

 

 

პატივისცემით,

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კახაბერ ძიმისტარიშვილი